ამერიკული მედიის ინფორმაციით, NBA-ს ყოფილი მოთამაშე და გოლდენ სტეიტ უორიორსის კონსულტანტი ზაზა ფაჩულია ატლანტაში სახლს ყიდის. ჯორჯიის შტატის დედაქალაქის ჩრდილო გარეუბანში ზაზას 4-სართულიანი სახლი აქვს, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ეს სახლი იყიდება, დღეიდან ატლანტა ჰოუქსის ყოფილი ცენტრი მას $799 000-ად ყიდის.
ქართველმა კალათბურთელმა ეს სახლი 2005 წლის ოქტომბერში შეიძინა და მასში $700 000 გადაიხადა. ეს მას მერე მოხდა, რაც ზაზამ ატლანტასთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც მან 16 მილიონი დოლარი მიიღო.
სახლი 2002 წელს არის აშენებული, 4 საძინებელი აქვს და საერთო ფართი 347 კვადრატული მეტრია. "სტეიტ ფარმ არენადან" ფაჩულიას სახლამდე 10 კილომეტრია. ბოლო სართულიდან "შეიდი ვოლის" პარკის ხედი ჩანს.
ფაჩულიას სახლი გაყიდვაში 2019 წლის მარტიდანაა, მისი ფაქსი $875 000 იყო, სექტემბერში ფასი $825 000-მდე შემცირდა, ახლა კი $799 000-მდე.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას NBA-ში ხანგრძლივი, 16-წლიანი კარიერა ჰქონდა, მას 6 კლუბში უთამაშია, მაგრამ ყველაზე მეტი დრო სწორედ ატლანტაში გაატარა. ზაზა NBA-ს ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში გახდა. გასულ ზაფხულს ფაჩულიამ ხანგრძლივი კარიერა დაასრულა, აგვისტოში ის გოლდენ სტეიტმა საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტად მიიწვია.