logo_geo
ვინ არის მედდა, რომელიც ბრიტანულ კლინიკაში პაციენტებს სასუნთქი აპარატიდან ხსნის
- +

19 აპრილი. 2020. 02:57

 

 

უმძიმესი რეპორტაჟი „ბიბისიმ“ ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ მედდასთან ჩაწერა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 1ინფიცირებული პაციენტების გადარჩენისთვის ყოველდღე იბძვის. მედდას ერთი რთული დავალებაც აქვს – კოვიდის ვირუსით დაავადებულებს, რომელთა გადარჩენაც შეუძლებელია, სასუნთქი აპარატიდან ხსნის…

 

ეს არის რეპორტაჟი ადგილიდან, სადაც სიკვდილსა და სიცოცხლეს ყოველდღე ებრძვიან და უმძიმესია იმ მედდის აღსარებაც, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალებაში მონაწილეობს.

 

მრავალი პაციენტისთვის, რომელსაც ჩოვიდ-19-ის მწვავე ფორმა აქვს, სასუნთ აპარატთან უწყვეტი კავშირი ხშირად სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია.

 

თუმცა, ეს მოწყობილობაც არ იძლევა გარანტიას, რომ ისინი გადარჩებიან. ექიმებს რთული არჩევანის გაკეთება დღეს ხშირად უწევთ – იმ შემთხვევაში, თუკი გადარჩენის იმედი აღარ აქვთ, ინფიცირებულ ადამიანებს ისინი სასუნთქი აპარატიდან ხსნიან.

 

მოწყობილობის გამორთვა ემოციურად ძალიან რთული და მტკივნეულია. ხანდახან მგონია, რომ ადამიანის სიკვდილზე მე პირადად ვარ პასუხისმგებელი“, – ამბობს ხუანიტა ნიტლა.

ხუანიტა სამხრეთ ინდოეთში დაიბადა, თუმცა უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მუშაობს.

იგი ლონდონის სამეფო საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსი ექთანია.

სასუნთქი აპარატიდან პაციენტის გამორთვა, როდესაც მისი გადარჩენის იმედი ამოწურულია, ჩემი სამუშაოს შემადგენელი ნაწილია”, – ამბობს 42 წლის ნიტლა.

მომაკვდავის ნება

 

ერთ დღეს, აპრილის დასაწყისში, როდესაც ხუანიტა სამსახურში დილის ცვლაში მივიდა, მას განყოფილების უფროსმა უთხრა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი აპარატიდან უნდა მოეხსნა.

 

დაავადებული პაციენტიც მედდა იყო, დაახლოებით, 50 წლის. ხუანიტას მოუწია, ინფიცირებული ქალის შვილისთვის აეხსნა, თუ რას ითვალისწინებდა ეს პროცედურა.

 

შევეცადე, დავრწმუნებინა გოგონა, რომ დედამისი ტკივილს არ იგრძნობდა. ასევე, ვკითხე, ჰქონდა თუ არა პაციენტს რაიმე განსაკუთრებული, უკანასკნელი სურვილი, მათ შორის, რელიგიური”, – იხსენებს ხუანიტა.

 

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საწოლები ერთმანეთის გვერდით იყო განლაგებული და, მომაკვდავისა და ნიტლას გარდა, აქ სხვა პაციენტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე უგონო მდგომარეობაში იყვნენ.

 

ბოქსირებული განყოფილება, სადაც მომაკვდავი პაციენტი იწვა, რვა საწოლს იტევდა. მე ფარდა გავწიე და მოწყობილობების ხმოვანი სიგნალიზაცია გამოვრთე.

ოთახში მყოფი სამედიცინო პერსონალი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაშეშდა.

ექთნები დუმდნენ და ყველას გვესმოდა, რომ ადამიანის ღირსება და პაციენტის კომფორტი ამ სიტუაციაში პრიორიტეტი იყო”, – იხსენებს ნიტლა.

 

შემდეგ მან ტელეფონი ყურთან მიიტანა და პაციენტის ქალიშვილს საშუალება მისცა, დედისთვის გამოსამშვიდობებელი სიტყვები ეთქვა.

 

 

ერთი შეხედვით, ჩემთვის ეს მხოლოდ მორიგი სატელეფონო ზარი იყო, მაგრამ პაციენტის ოჯახისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. რა თქმა უნდა, მას სურდა ვიდეოზარის განხორციელებაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მობილური ტელეფონების გამოყენება მკაცრად არის აკრძალული“.

მძიმე წუთები

ვიდრე სასუნთქ აპარატს გამორთავდა, მომაკვდავი პაციენტის ნათესავების თხოვნით, ხუანიტამ კომპიუტერში მისი საყვარელი მუსიკალური ვიდეორგოლი ჩართო… შემდეგ კი, მოწყობილობა მოხსნა…

 

მე მის გვერდით ვიჯექი და ხელები დავუჭირე, სანამ ის გარდაიცვალა”, – ამბობს მედდა.

 

მკურნალობის შეწყვეტისა და პაციენტის აღჭურვილობისგან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მდგომარეობის, ასაკის, სამედიცინო ისტორიის, მკურნალობის კურსის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, კვალიფიციურ ექიმთა ჯგუფი იღებს.

 

ნიტლას შემთხვევაში, პაციენტი აპარატიდან მოხსნის შემდეგ ხუთ წუთში გარდაიცვალა.

 

”მონიტორზე კარდიოგრამამ მყარი სწორი ხაზი აჩვენა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მან სიცოცხლა აღასრულა“.

 

გარდაცვალების შემდეგ პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, მედდა მოწყობილობებიდან ხსნის წვეთოვანებს.

 

ამ დროს, გარდაცვლილის ქალიშვილმა ჯერ კიდევ არ იცის, რა ხდება პალატაში და დედას კვლავ ტელეფონით ესაუბრება, კითხულობს ლოცვებს…

 

 

ნიტლას ძალიან უმძიმს, მაგრამ მას ატყობინებს, რომ ყველაფერი დასრულდა.

საწოლების ნაკლებობა

 

ბოლო პერიოდში პაციენტების სიმრავლეა და საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება 34-დან 60 საწოლამდე გაფართოვდა. ახლა ყველა დატვირთულია.

 

განყოფილებაში 175 ექთანი მუშაობს – ფაქტობრივად, მედიკოსთა მთელი ჯარი.

 

“ჩვეულებრივ დღეებში ერთ მედდას ერთი პაციენტის მოვლა უწევდა, თუმცა, ამჟამად, თითოეული მათგანი სამ პაციენტზე ზრუნავს”.

 

ზოგიერთ ექთანს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაიყვანეს. ხდება ისეც, რომ მედდების ნაწილს სამედიცინო პროფილის შეცვლა უწევს და, კვალიფიკაციიას შეცვლის შემდეგ, ისინი რეანიმაციაში მუშაობას განაგრძობენ.

 

ჩვენ ერთმანეთს მუდმივად ვამხნევებთ და ვამბობთ – “ეგებ, ყველაფერი კარგად იყოს”.

 

ერთმანეთს სულ ვუფრთხილდებით. ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ატარებს ხელთათმანს, სამედიცინო ნიღაბსა და სხვა დამცავ საშუალებებს”, – ამბობს ნიტლა.

 

საავადმყოფოებში დღეს სასუნთქი აპარატების, ჟანგბადის ბალიშებისა და სხვა აუცილებელი მედიკამენტების ნაკლებობაა.

 

საბედნიეროდ, მედპერსონალისთვის დამცავი მოწყობილობები საკმარისი რაოდენობით გვაქვს.

 

რეანიმაციის განყოფილებაში დღეში, საშუალოდ, გარდაცვალების ერთი ფაქტი ფიქსირდება, რაც პანდემიის დაწყებამდე არსებულ საშუალო დონეზე გაცილებით მაღალია.

 

”ეს ძალიან დამთრგუნველია“, – აღიარებს ნიტლა, – ”ხშირად კოშმარები მესიზმრება, ვერ ვიძინებ… მეჩვენება, რომ მეც დავინფიცირდები.. ხშირად ვუკავშირდები კოლეგებს და ვიცი, რომ მათაც ძალიან ეშინიათ“.

 

გასულ წელს ის ტუბერკულოზით დაავადდა და რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. კარგად ესმის, რომ მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, თუმცა ამბობს, რომ როგორც უფროს ექთანს, უფლება არ აქვს, შიშს დანებდეს.

 

“ხშირად მეუბნებიან, რომ მე არ უნდა ვიმუშაო, მაგრამ ახლა პანდემიაა. მე ყველაფერი უნდა დავივიწყო და ჩემი საქმე ვაკეთო.

 

როდესაც სამუშაო დღეს ვასრულებ, ყოველთვის ვფიქრობ იმ დღეს გარდაცვლილ პაციენტებზე, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო”.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი