logo_geo
როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ნივთების ღრღნას და ღეჭვას
- +

1 მაისი. 2020. 21:41

 

 

ძაღლებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ხშირად ახასიათებთ ნივთების ღეჭვა და ღრღნა. მეპატრონეებს, რომლებსაც სურთ, რომ ეს მავნე ჩვევა არ ჰქონდეთ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს, ვურჩევთ ლეკვობის ასაკიდან დაიწყონ ამაზე ზრუნვა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დავადგინოთ ღეჭვის პროცესის ბუნება. ლეკვები ხშირად ამით შეიცნობენ გარე სამყაროს. მიზეზი შესაძლოა გახდეს კბილების ცვლა. ამ დროს ნივთების ღრღნა შემამსუბუქებლად მოქმედებს ცვლის პროცესზე. ძაღლმა შესაძლოა მარტოობისაგან და მოწყენილობისაგანაც დაიწყოს ნივთების გაფუჭება, ან ამით გაბრაზება გამოხატოს პატრონის მიმართ.

 

ასევე, ზოგიერთი კუჭ-ნაწლავური დაავადება შესაძლებელია ძაღლში იწვევდეს ღეჭვისა და ღრღნის სურვილს. ამიტომ გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან, რათა გამოირიცხოს მსგავსი დაავადებები.

საჭიროა დროულად იზრუნოთ როგორც პრობლემის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაზე, ასევე  თავად ღრღნის პროცესის გადაჩვევაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეკვის ზრდასთან ერთად უფრო გართულდება თქვენი თანაცხოვრება.

პირველ რიგში, ეცადეთ ძაღლი დიდი ხნით არ დატოვოთ მარტო. მისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს ის ნივთები, რაც შეიძლება დაღეჭოს, მაქსიმალურად ეცადეთ შეინახოთ ისინი. მოარიდეთ იოლად გასაფუჭებელ ავეჯსაც. სანამ გადაჩვევის პროცესი გექნებათ, შეგიძლიათ დროებით რაიმე გადააფაროთ ან შეფუთოთ. მარტო დატოვებისას დაკეტეთ ის ოთახები, სადაც ბევრი გასაფუჭებელი ნივთია.

 

აუცილებლად მიეცით სხვა საღეჭი სათამაშოები. სათამაშო უნდა იყოს მკვრივი, რათა შეეძლოს ღრღნა, კარგად დაღეჭოს და იოლად არ შემოეჭამოს. არასდროს მისცეთ გასაფუჭებლად ძველი ფეხსაცმელი ან მსგავსი რამ, რადგან შემდეგში ის ძველს და ახალს აღარ გაარჩევს.

 

როდესაც ლეკვი არასასურველი ნივთის ღეჭვას დაიწყებს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. პირველ რიგში, გამოართვით ეს ნივთი და მკაცრი ტონით უთხარით, რომ არ შეიძლება. არ დაუწყოთ ყვირილი და არც ცემა. ამან შესაძლოა შეაშინოს ან/და მეტი აგრესია გამოიწვიოს, შემდეგ კი მისი ქცევის კორექცია გაცილებით რთული გახდება. ნივთის ჩამორთმევის შემდეგ მიეცით საღეჭი სათამაშო და მასზე გადაიტანეთ ყურადღება. როცა თავისი სათამაშოს ღრღნას დაიწყებს, შეაქეთ და დააჯილდოვეთ. ძაღლებს უყვართ პატრონისთვის თავის მოწონება და შემდეგში ეცდებიან კვლავ დაიმსახურონ თქვენი კეთილგანწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ყველა წევრს ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდეს. ცხადია, ლეკვები ძალიან საყვარლები არიან და შეიძლება გაგიჭრდეთ მათთან მკაცრი მოქცევა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ ადრეული ასაკიდან არ მიაჩვევთ გარკვეულ ქცევებს და ბრძანებების შესრულებას, საბოლოოდ მიიღებთ ცუდი ჩვევების ძაღლს, რომელსაც ვეღარ დაიმორჩილებთ და თავად იქნება დომინანტი.

 

და ბოლოს, საკმარისი დრო დაუთმეთ თქვენს შინაურ ბინადარს. ხშირად გაასეირნეთ თქვენი ძაღლი და ეცადეთ თამაშით დაღალოთ. სათანადო ვარჯიშის, თამაშისა და სირბილის შემდეგ მას ნივთების ღეჭვის და ღრღნის სურვილი ნაკლებად ექნება.

 

big_banner
არქივი