logo_geo
რატომ ყივიან მამლები ყოველთვის ერთსა და იმავე დროს? - საინტერესო ორნიტოლოგია
- +

7 მაისი. 2020. 17:47

 

 

თუ სოფელში გაიზარდეთ ან ცოტა ხნით მაინც მოგიწიათ იქ ცხოვრება, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ მამალზე კარგი და სანდო მაღვიძარა არ არსებობს-ეს მაშინ, როცა დილით ადრე ხართ ასადგომი; მაგრამ თუ სუფთა ჰაერზე საწოლში ნებივრობა და დილის ძილი თქვენი ჰობია, მაშინ ნურას უკაცრავად- ეს აბეზარი ფრინველი არა და არ მოგასვენებთ და ჯიუტად შემოსძახებს ყიყლიყოს მანამ, სანამ იძულებული არ გახდებით მის ბრძანებას დაემორჩილოთ და ლოგინიდან წამოდგეთ. მაინც რატომ ყივიან მამლები გამთენიისას ყოველთვის ერთსა და იმავე დროს? როგორ მუშაობს ეს ბიოლოგიური მაღვიძარა, რომლის გამორთვა შეუძლებელია? ამ კითხვაზე პასუხს იაპონელი ორნიტოლოგები გაგვცემენ, რომელთაც გამოიკვლიეს და შეისწავლეს ცოცხალი მაღვიძარას მოქმედების მექანიზმი.

 

 

თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ მამალი (და ზოგადად ქათმები) პირველად მოაშინაურეს ინდოეთში დაახლოებით 2000-3000 ათასაწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. იქ ისინი წმინდა ფრინველებად ითვლებოდნენ. მამლებთან იყო დაკავშირებული უამრავი ცრურწმენა და წინასწარმეტყველება. მაგალითად, მამლის და ზოგადად ქათამის დაკვლა და საკვებად გამოიყენება არ შეიძლებოდა. ისინი ინდოელებს გაშვებული ჰყავდათ თავიანთ ეზოებში ავი სულებისა და უბედურებისაგან ოჯახის დასაცავად.

 

 

ძველ ევროპაში მამლებს ძალიან აფასებდნენ მათი მაღალი და ომახიანი ხმის გამო. სწორედ ევროპაში გამოჩნდა პირველი ფლუგერები მამლების გამოსახულებით. ითვლებოდა, რომ ისინი იზიდავდნენ სახლში წარმატებას და იღბალს და იცავდნენ მას არაკეთილმოსურნეებისაგან.

 

 

ლუთერანურ ეკლესიაში მამლის ფიგურა ჯვრის მაგივრად ზის ტაძრის გუმბათზე, რათა დაიცვას ის ბოროტი და საშიში სატანისაგან. მაგალითად, საკუთარი თვალით ვიხილე ძველ რიგაში არსებული რამდენიმე ტაძრის, მათ შორის ცნობილი დომსკის (რიგის საკათედრო ტაძარი) ტაძრის გუმბათზე შემოსკუპებული მამლები.

 

 

ეს კი გალი მამალია, რომელიც ეიფელის კოშკთან ერთად ითვლება საფრანგეთის სიმბოლოდ. პარიზში მამლების ფიგურები არამარტო ეკლესიების გუმბათებზეა შემოსკუპებული, არამედ უამრავი სახლის სახურავზეც.

 

 

რაც შეეხება ჩვენს წინაპრებს, საქართველოში მამალი ყველა გლეხის ეზოს აუცილებელ ატრიბუტს, ეზოს ბატონ-პატრონს წარმოადგენდა. მასზე დაკვირვებით შეეძლოთ ამინდის გამოცნობა და წინასწარმეტყველება იმისა, თუ როგორი მოსავალი იქნებოდა. მამლის ყივილთან დაკავშირებული იყო გარკვეული ცრურწმენებიც. მაგალითად, თუ მამალი იმ სახლის დერეფანში დაიყივლებდა, რომელშიც გასათხოვარი გოგონა ცხოვრობდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას მალე გაეხსნებოდა ბედი და გათხოვდებოდა. ასევე ცნობილია, რომ მამლის ყივილი გათვალვის და ზოგადად, ავი თვალის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება იყო...

 

 

მამლის რეპერტუარში დაახლეობით 24 განსხვავებული ხმოვანი სიგნალია. მისი ყივილი კი 90 დეციბალის სიძლიერეს აღწევს.

 

 

ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას: რაყტომ ყივიან მამლები დილაობით ერთსა და იმავე დროს? - ცნობილია, რომ ისინი რეგულარულად სამჯერ ყივიან-შუაღამისას, გამთენიისას და დილით, თუმცა მამლის ყივილი დღის ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგონოთ. ორნიტოლოგების აზრით, მამლის ყივილი არის დემონსტრირება მის უპირატესობისა, კერძოდ იმისა, რომ ამ ეზოს, ამ ტერიტირიის ბატონ-პატრონი ისაა. გარდა ამისა, ყივილით ისინი კონტაქტს ამყარებენ მეზობელ-კონკურენტ მამლებთან.

 

 

 

ათასეული წლების მანძილზე მამალი ითვლებოდა გლეხებისათვის ყველაზე სანდო მაღვიძარად. მარჯვე გლეხი მისი პირველი ყივილისთანავე წამოდგებოდა საწოლიდან, რათა სისხამ დილიდანვე შედგომოდა სოფლის საქმეებს. დიდი ხნის მანძილზე აინტერესებდათ ადამიანებს, თუ რატიომ ყიოდნენ მამლები გამთენიისას ზუსტად ერთსა და იმავე დროს, სანამ იაპონელმა მეცნიერებმა არ ჩაატარეს ექსპერიმენტი და პასუხი არ გასცეს ამ კითხვაზე: როგორც ვარაუდობდნენ, მამლის ყივილი არის ერთგვარი განაცხადი იმისა, რომ ახალი დღე დგება. პირველ სიგნალს იძლევა ყველაზე უხუცესი, დომინირებადი, პირველი რანგის მამალი, რომელსაც ექოს აძლევენ მეორე რანგის მამლები და ასე შემდეგ. საოცარია, მაგრამ ეს ფრინველები საოცრად მკაცრად იცავენ იერარქიას.

 

 

მამლის ყივილი ტერიტორიულ აკუსტიკურ სიგნალს მიეკუთვნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფრინველების ურთიერთობაში, განსაკუთრებით ველურ ფრინველებს შორის. თუმცა შინაური მამლები აგრძელებენ მთელი სოფლისთვის საქათმეში თავისი უფლებების შესახებ შეტყობინებას. ყივილი გამოწვევაა სხვა მამლებისა, რაზეც სხვები ასევე ყივილით პასუხობენ.

 

 

მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი სისტემა ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ადამიანი მოიშინაურებდა ქათმებს. სწორედ ყივილი ეხმარებოდა მათ დაეცვათ თავიანთი ტერიტორია და მოეგერიებინათ მცირე ზომის მტაცებლები და თუ მამალი ღამით უდროო დროს ყივის, ეს ერთგვარი სიგნალია იმისა, რომ საქათმეში რაღაც ვერაა რიგზე და ქათმებს თავს მტაცებელი დაესხა.

 

 

მაგრამ იაპონელი მეცნიერების ექსპერიმენტის ყველაზე საინტერესო შედეგი იყო იმის დადგენა, რომ მამლებს არ გააჩნიათ ბიოლოგიური საათი. ამის ვარაუდი მანამდეც არსებობდა, თუმცა ეს უკვე მეცნიერულად დასაბუთდა.

 

 

ექსპერიმენტის დროს მამლებს ათავსებდნენ აბსოლუტურად ბნელ ოთახში, ისე, რომ ისინი სინათლეს საერთოდ ვერ ხედავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფრინველები ამინც აგრძელებდნენ ყივილს გამთენიისას ერთსა და იმავე დროს..

 

 

ამ დაკვირვების საფუძველზე სწავლულებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ მამლების ბიოლოგიური რიტმი შეესაბამება ჩვეულებრივ დღე-ღამურ რიტმს. სწორედ ამიტომ იღვიძებენ ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს და ომახიანი ყივილით გვამცნობენ ახალი დღის დაწყებას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი