logo_geo
იაგორა მარალოვი – საკუთარ კუბოზე შეყვარებული კაცი „შეითან ბაზრიდან“
- +

8 მაისი. 2020. 12:16

 

 

ვებგვერდი „მადათოვი“ მკითხველს ძველი თბილისის შესახებ არაერთ საინტერესო ამბავს უზიარებს. გვერდზე გამოქვეყნებული იმდროინდელი გაზეთების ამონარიდებიდან, ფაქტობრივად, თავად პუბლიკაციების ავტორები გვესაუბრებიან მაშინდელი ენით, სტილით, ფიქრებითა და საჭიროებებით.

 

მათი წაკითხვა განსაკუთრებით საინტერესოა მისთვის, ვისაც თბილისის ისტორია, კულტურა და ყოველდღიური ცხოვრება იმდენად უყვარს, რომ არასდროს ამბობს უარს, რამდენიმე წუთით იმოგზაუროს წარსულში და ძველი თბილისის თვალით დაინახოს ქალაქის იმჟამინდელი ყოფა. ძველი გაზეთები სხვადასხვა სახის ამბავს ინახავენ და რაღა თქმა უნდა, რომ ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი ადგილი გაზეთ „დროებას“ უკავია. ეს ამბავიც სწორედ ამ გაზეთიდანაა.

 

გაზეთი „დროება“, 1884 წ.

 

„თათრის მეიდანზე ვაჭრობს „შეითან ბაზრის“ ბაყალი, სახელად თუ გახსოვთ, მკითხველებო, ამ ერთის წლის წინად გაზეთებში ეწერა:  „ცოცხალმა, ჯანმთელმა კაცმა გააკეთებინა თავისთვის კუბო და ინახავს თავის სახლშიო“.

 

ეს სწორედ ის ბაყალია და კუბო ეხლაც სახლში უძევს.

 

იაგორა მარალოვი დარდიმანდულადა ვაჭრობს დღესაც თავის დუქანში. კაცია შუახნისა, მხიარული, ხუმარა, მასხარა, კაი მსმელი, კაი დროს გამტარებელი და კაი „ძმა ბიჭი“, როგორც კინტოები ლაპარაკობენ იმაზე.

 

„ყეინობის ორშაბათს“ დილით ორივე ავლაბრის ხიდები გაიჭედება მრავალი ხალხით. ვიწროობისგან ნემსი არ ჩავარდება. სიცილი, ხარხარი განუწყვეტელია. მთელი მეიდნის ხალხი მიეჩქარება საყურებლად, ხოლო ჩვენი იაგორა მირალოვი კი, „აღების-ღამის“ ნაბახუსევი, ზის თავისთვის სირაჯხანაში და ინელებს მოუნელებელს ღვინოს.

 

ამ დროს შემოვარდება მახარობელი:

 

– „იაგორ, შენი კუბო წყალში ჩაუგდიათ, შინ აღარ არის“.

 

იაგორას ჯერ ფერი ეცვლება, მერე თავს გაიმაგრებს, არა სჯერა. ბოლოს წავა ოთახში და ჰნახავს, რომ მისი კუბო მართლა აღარსად სჩანს. გაქანდება მტკვარზე და ჰხედავს, რომ მისი „საყვარელი კუბო“ წყალს მოუგდია ზემოდამა და ატრიალებს ავლაბრის მორევში.

 

იაგორა თავ-გადადებული შეეხვეწება მენავეებს, შეჰგზავნის მათ წყალში, გამოატანინებს, წამოიკიდებს ზურგზე და წამოიღებს სახალხოთ თავის სადგურში.

 

ეხლაცა გლოვობს იაგორა ამ სამწუხარო მასხარაობაზე, რომელიც მეგობრებმა მიაყენეს მას. ეს კუბოს ამბავი მეგობრებს მოჰგონებოდათ თურმე შემდეგი გარემოების წყალობით. წინა დღეებში გარდაიცვალა ერთი საწყალი გორელი კაცი. კუბოს ფული ვერ მოაგროვეს. იაგორამ, თავის სულის საცხონებლად, ათხოვა თავისი კუბო. თურმე სასაფლაოდამ მოაქვს ზურგით ეს კუბო, მაგრამ ნაცნობებმა დაუწყეს ქვისა და ტალახის სროლა. იაგორამ კუბო მესაფლავეს მიაბარა და მხოლოდ ღამის 10 საათზე წამოიღო უკან – არ გამიფუჭონო.

 

მოიტანა კუბო, გასდო დახლზე, ეკონება მას, თითქო საყვარელი იყოს და ეუბნება ასეთს მხურვალე სიტყვებს:

 

– „კუბოჯან, ვისი ხარ, შენ გენაცვალე? ხომ არ მიმტყუნებ?“

 

მაყურებელნი ბევრს იცინიან. მათში იაგორას მეგობრებს გაუვლით თავში აზრი – გადაუგდონ კუბო. ამ აზრს ასრულებენ ისე, როგორც ზემოთა ვთქვით; მაგრამ კუბო წყალმა მოიტივტივა და იაგორა მარალოვი დღესაც ესაყვარლება თავის კუბოს.

 

სხვებრ, იაგორ მარალოვს არ ეტყობა რამე ფსიხიური ნაკლი. მხოლოდ ეს კუბო შეჰყვარებია, რითაც აკვირვებს და ახარებს „შეითან ბაზრის“ მოქალაქეებს“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი