logo_geo
როგორ გაჰქონდათ რუს კოლექციონერებს საქართველოდან საეკლესიო რელიკვიები - ჯუმათის მონასტრის ისტორია
- +

31 მაისი. 2020. 21:52

 

 

ქართულ ეკლესიებში დაცული იყო უძველესი საგანძური, რომლის უდიდესი ნაწილი სხვადასხვა დროს საქართველოდან გაიტანეს და დღეს მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებს ამშვენებს. ასეთ ეკლესიებს შორის არის ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის მონასტერი, რომელიც გურიაში, ოზურგეთის რაიონში, მდებარეობს. ტაძარი ოდითგანვე ცნობილი იყო თავისი სიძველეებითა და უძვირფასესი ხატებით, რომლებიც არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებით იყო მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიულ პირთა გამოსახულებებითა და კონკრეტული თარიღების შემცველი წარწერებით.

 

 

1873 წელს მონასტრის სიძველეები აღწერა ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა და მკვლევარმა დიმიტრი ბაქრაძემ. იმ დროს მონასტერში დაცული იყო შვიდი ძვირფასი ხატი, მათ შორის გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზებისა, რომლებიც მე-11 საუკუნით თარიღდება.

 

 

1889 წელს დიმიტრი ბაქრაძემ და რუსმა მკვლევარმა კონდაკოვმა კვლავ აღწერეს მონასტრის სიძველეები. ამჯერად მათ ადგილზე არ დახვდათ გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ხატები. მათი ვარაუდით, ხატები ან გატაცებული ან გადადნობილი იყო.

 

 

როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ორი უნიკალური ხატი ჯუმათის მონასტრიდან წაუღია საქართველოს ეგზარქოსთან დაახლოებლ პირს, ფოტოგრაფ სტეფენე საბინ-გუსს, რომელმაც 1881 წელს თხოვნით მიმართა იმერეთის სინოდურ კანტორას, რათა დასავლეთ საქართველოს მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა საეკლესიო ნივთები. საბინ-გუსმა ეს ხატები უკან აღარ დააბრუნა.

 

 

გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის სიგრძე იყო ერთი არშინი და 8 გოჯი, სიგანე - 8 გოჯი. იგი შესრულებული იყო ქართველი ოსტატის მიერ და ჰქონდა 12 მედალიონი. მთავარანგელოზს თავს ადგა შარავანდედი, შემოვლებული ოქროს სირმებით და ასომთავრული წარწერით „წმინდა გაბრიელ მთავარი". ხატის ზურგის მოჭედილობაზე ამოტვიფრული იყო დიდი რელიეფური ჯვარი.

 

 

მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ოქროს ხატი იყო სიგრძით 1,5 არშინი და სიგანით 1 არშინი. მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში ეპყრა მახვილი, მარცხენაში - ქარქაში. ტანთ ეცვა ჯაჭვის პერანგი. ხატის არშიებზე ჩატანებული იყო 10 მინანქრის მედალიონი ქართული წარწერებით. მთავარანგელოზს თავზე ადგა შარავანდედი სამი მსხვილი თვალით - ფირუზი და ორი მარგალიტი. მედალიონებზე გამოსახული იყვნენ ღვთისმშობელი, წმინდა იოანე ნათლისმცემლი, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, წმინდა პავლე, წმინდა პეტრე, წმინდა მარკოზი.

 

 

რუსმა მკვლევარმა კონდაკოვმა, რომელმაც დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად აღწერა ჯუმათის მონასტრი, დაკარგულ მედალიონებზე ცნობებს მიაკვლია პეტერბურგელ და მოსკოველ კოლექციონერებთან - ზვინეგაროდსკისთან, ბოტკინთან, ბალაშოვთან და სხვებთან.

 

 

გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის მედალიონები ზვინეგოროდსკის საბინ-გუსისგან 30 000 ოქროს მანეთად უყიდია, შემდეგ კი უცხოელ კოლექციონერ მორგანისთვის მიუყიდია, რომელმაც ქართული სიძველეები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს დაუთმო. გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის 12 მედალიონიდან რამდენიმე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ინახება, რამდენიმე - ერმიტაჟსა და სანკტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმში. მიქაელ მთავარანგელოზის ხატის 10 მედალიონიდან ერთი რუსულ მუზეუმშია დაცული, მეორე - ერმიტაჟში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი