logo_geo
კავშირგაბმულობა თბილისში - ორთვლიანი ურმიდან პირველ სატელეფონო კავშირამდე
- +

24 ივნისი. 2020. 15:33

 

 

ფოსტა

 

პირველი საფოსტო კანტორა თბილისში 1805 წლის 13 ივნისს გაიხსნა საქართველოს მთავარმმართებლის, გენერალ პავლე ციციანოვის დაჟინებული მოთხოვნით. ფოსტის კანტორისთვის შენობა გამოიყო გარეთუბანში, ბარონის ქუჩის ბოლოში. შენობის წინ მდებარე მოედანს „ფოსტის მოედანი“ უწოდეს. ფოსტის გადაზიდვა პირველ რიგში დაიწყო რუსეთის მიმართულებით – საქართველოს სამხედრო გზით.

 

თბილისიდან პეტერბურგამდე ფოსტის მიმოსვლა დაწესდა კვირაში ორჯერ. XIX საუკუნის 30-იან წლებში თბილისის საგუბერნიო საფოსტო კანტორა გადაკეთდა საოლქო კანტორად, რომლის გამგებლობაში შედიოდა პირველი კლასის სამაზრო კანტორები: გორის, თელავის, სიღნაღისა და დუშეთის.

 

 

1846 წელს აიგო თბილისის საფოსტო სამმართველოს ორსართულიანი შენობა ე. გოლოვინის პროსპექტზე, იქ, სადაც ახლა რესპუბლიკის მოედანია. მის გამგებლობაში გადავიდა საფოსტო ტრანსპორტი, საჯინიბოები, საფოსტო სადგურების შენობები, სადგურის შენობები და ტრაქტირები. თბილისიდან მყარდებოდა საფოსტო კავშირები საქართველოს ყველა მხარესთან. დაწესდა რუსეთისკენ საფოსტო სამგზავრო დილიჟანსებისა და ოთხთვლიანი საზიდრების რეგულარული მოძრაობა.

 

1861 წლიდან თბილისიდან ვლადიკავკაზამდე ყოველდღე დადიოდნენ საფოსტო კარეტები. თბილის-ვლადიკავკაზს შორის მუშაობდა 13 საფოსტო სადგური, რომელთაც ჰქონდა მგზავრთა დასასვენებელი ოთახები და სხვა მოწყობილობა. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან თბილისი საფოსტო ეტლებით მიმოსვლას აწარმოებდა ქუთაისთან, ერევანთან, ბორჯომთან, ვლადიკავკაზთან, როსტოვთან, პიატიგორსკთან, გეორგიევსკთან, სტავროპოლთან და სხვა ქალაქებთან. სპარსეთის სატრანსპორტო ვაჭრობის განვითარების მიზნით დაწესდა საფოსტო მიმოსვლა თბილისსა და ჯულფას შორის.

 

 

1893 წელს ჩიკაგოში მოწყობილ მსოფლიო საფოსტო გამოფენაზე აჩვენებდნენ ქართულ საფოსტო ურმის მოდელს და კავკასიონის ქედზე თბილისიდან გაგზავნილი ფოსტის გადატანის ამსახველ ნახატს. 1900 წელს ბერლინის მუზეუმში წარმოდგენილი ყოფილა „ორთვლიანი ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვის სურათები“.

 

ტელეგრაფი

 

მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში განვითარება დაიწყო კავშირგაბმულობის ახალმა სახემ – ელექტრონულმა ტელეგრაფმა.1850 წელს თბილისსა და კოჯორს შორის ამუშავდა პირველი ელექტრონული ტელეგრაფი. 1860 წელს თბილისი ტელეგრაფით ფოთს დაუკავშირდა. 1863 წელს დაიწყო სატელეგრაფო ხაზის; თბილისი-ვლადიკავკაზი-პიატიგორსკი-სტავროპოლის მშენებლობა.

 

 

1865 წელს დამყარდა სატელეგრაფო კავშირი თბილისსა და პეტერბურგს შორის. 1864 წელს თბილისი თავრიზს დაუკავშირდა. იმავე წელს თბილისი ტელეგრაფით თელავს, ახალციხეს, გორს, სურამს, ქუთაისს და აზერბაიჯანის ქალაქებს დაუკავშირდა. 1870 წელს თბილისი ე.წ. ინდოევროპულ სატელეგრაფო კავშირს მიუერთდა.

 

ტელეფონი

 

თბილისში ტელეფონი პირველად 1882 წელს გაზეთ „კავკაზის“ რედაქციასა და სტამბას შორის ამუშავდა. 1886 წელს თავადმა ზ.ჯორჯაძემ სატელეფონო ხაზი გაიყვანა რკინიგზის სადგურთან არსებულ ღვინის საწყობსა და ე. გელოვინის პროსპექტზე მდებარე საკუთარ ღვინის კანტორას შორის. პირველი სატელეფონო ქსელის მოწყობა თბილისში 1893 წელს დაიწყო. ბინებსა და საწარმო დაწესებულებებში დადგმულ ტელეფონებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ ტელეფონისტი ქალები, ხელით მომსახურე კომუტატორების დახმარებით. აბონენტებისთვის გამოქვეყნდა ტელეფონით სარგებლობის წესები. 1899 წლიდან დაიდგა ტელეფონები ახალი „ერიქსონის“ სისტემის კომუტატორებით.

 

 

 

სატელეფონო კავშირი დამყარდა თბილისსა და ზემო ავჭალას შორის. ამ დროისათვის სატელეფონო ქსელში ჩართული იყო 682 აბონენტი (722 ტელეფონის აპარატი), ქსელს ემსახურებოდა 21 ტელეფონისტი ქალი, 2 ტექნიკოსი, 10 ზედამხედველი და 1 დარაჯი. აბონენტების რაოდენობის მიხედვით, თბილისს „რუსეთის ქალაქებს“ შორის (პეტერბურგი, მოსკოვი, კიევი, ხარკოვი) მე-5 ადგილი ეკავა. 1910 წელს აბონენტთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა.

 

1929 წელს დაიწყო ავტომატური ტელეფონის სადგურის (ატს) მოწყობა. სადგურისათვის აიგო სპეციალური შენობა, დამონტაჟდა შვედური ფირმის „ერიქსონის“ მიერ შექმნილი ე.წ. მანქანური ატს. თბილისში პირველი ატს (ატს-3 10 000 ნომრის ტევადობით), რომელზეც მთლიანად გადაერთო სატელეფონო სადგურის 3 400 აბონენტი, ექსპლუატაციაში 1935 წელს შევიდა. ამ პერიოდისთვის თბილისს 7 500 აბონენტი ჰყავდა. II მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ქალაქის სატელეფონო ქსელი მთლიანად ვითარდებოდა.

 

60-იანი წლების დასაწყისში მწყობრში ჩადგა დეკადურ-ბიჯური სისტემის სატელეფონო სადგურები. 1960 წლის თბილისში 17 200 ნომრის საერთო ტევადობის სადგურები მუშაობდა, 1970 წელს კი – ატს-ების საერთო ტევადობამ 99 000 ნომერი შეადგინა. 1979 წლიდან დაიწო სატელეფონო ქსელის მოდერნიზაცია – კოორდინატულ სისტემიანი სადგურების ექსპლუატაციაში გაშვება.

 

1997 წლიდან თბილისის მოსახლეობას ფიჭური რადიო-სატელეფონო კავშირით მომსახურება დაიწყეს კერძო სატელეფონო კომპანიებმა: „მაგთიკომმა“ და „ჯეოსელმა“, რომელთაც თანდათან სხვებიც მიემატნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი