logo_geo
კაცი, რომელიც ერთ სუფრაზე 30 ლიტრ ღვინოს სვამდა – ლეგენდარული ქართველი თამადა
- +

4 ივლისი. 2020. 03:21

 

 

კაცი, რომელიც ერთ სუფრაზე 30 ლიტრ ღვინოს სვამდა და თამადა, რომელიც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ დაბადების დღეზე დაპატიჟა. მასზე ლეგენდები დღემდე დადის.

 

უკვე ჩათავდა სოფლად

რთველი და ყურძნის კრეფა,

აზვავებული შემოდგომაც

ბეღელს ჩაბარდა.

სტუმრებისათვის ლავაშებით

დახურეს სეფა

და ჭავჭავაძე გულბაათი

დასვეს თამადად.

დასვეს თამადად გოლიათი

მსმელი კახელთა,

დასვეს და დაჯდა,დაიმშვენა

სუფრას გახედა:

ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ

ჩოხებში ძველი მსმელები.

ღვინო სწყუროდათ, ღვინის

ეშხით ვერ ისვენებდნენ.

მან ჯერ ულვაში გადიგრიხა

ყურებზე, უკან,

მერე პირველმა წესისამებრ

გატეხა ლუკმა,

თასი ასწია, მიულოცა

ლხინი თავადთა,

სვეს უმოწყალოდ ღვინოები

ცეცხლისმფრქვევლები,

მერიქიფეებს აღარ შერჩათ

ხელში ქვევრები…“

 

ეს იმ ლექსის ნაწყვეტია, რომელიც ლადო ასათიანმა ლეგენდარულ ქართველ მსმელსა და თამადას, გულბაათ ჭავჭავაძეს მიუძღვნა.

 

 

 

ამ უნიკალურ ფოტოზე, ლეგენდარული ქართველი თამადა გულბაათ ჭავჭავაძე, ძმებ ჯორჯაძეებთან, მაყაშვილებთან, ოთარ ჩოლოყაშვილთან და ალექსანდრეს ვაჟთან, დავითთან ერთად არის აღბეჭდილი.

 

ევროპაში პირველი თამადა, რომელიც სუფრაზე 30 ლიტრ ღვინოს სვამდა

 

გულბაათ (პანტელეიმონ) ჭავჭავაძე 1796 წელს დაიბადა. წინანდლის სასახლეში მასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე უნიკალური ექსპონატი ინახება…

 

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ინახება ღვინის სასმისი – კულა, რომელიც გულბაათ ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა. ამ ფოტოზე ლეგენდარული თამადა უკვე ასაკშია და ის ყველასგან განსხვავებულად, თეთრებშია გამოწყობილი.

 

მუზეუმში ინახება ასევე 1886 წლის 5 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში გამოცემული გაზეთის „ნევას“ მე-5 ნომერი, სადაც გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „თავადი გულბაათ ჭავჭავაძე“.

 

წერილში კონსტანტინე ბოროსტინი გულბაათზე ყვება. კონსტანტინე ბოროსტინი იმ პერიოდში კახეთის მხარის უფროსი გახლდათ“.

 

ამონარიდი გაზეთიდან: „1861 წელს შევხდი გულბაათ ჭავჭავაძეს. მაღალი ჩამდგარი, მხრებგანიერი, მხიარული გამომეტყველების მოხუცი, მაგრამ შემორჩენილი ჰქონდა ახალგაზრდული აღნაგობა.

 

ასაკი ეტყობოდა მხოლოდ თეთრ თმასა და გრძელ ჭაღარა ულვაშებში. ჰქონდა ღრმა ნაოჭიანი სახე, რომელზეც თავს იწონებდა დიდი ქართული ცხვირი. გაჭაღარავებული წარბების ქვეშიდან იყურებოდა ორი ჭკვიანი ნაცრისფერი თვალი. ატარებდა თეთრ ოსურ მაუდის ჩოხას, ჭრელი ჩითის ახალუხით.

 

იგი 16 წლის დარჩენილა ობლად. ჰყავდა ორი ძმა და ერთი და. მთელი ცხოვრება გაატარა წინანდალში. ამუშავებდა მიწას, აშენებდა ბაღებს, უვლიდა ვენახს და აყენებდა ღვინოს. მისი ღვინო ნაქები იყო, თვითონ კი ცნობილი იყო როგორც პირველი ტოლუმბაში, სუფრის გამგები კახეთში.

 

მე-19 საუკუნის საქართველოში გულბაათ ჭავჭავაძე აღიარებული იყო უპირველეს თამადად და ღვინის მსმელ ვაჟკაცად. მას შეეძლო ერთ ქეიფზე 25 ბოთლი ღვინის დალევა. ყველა თანამესუფრეს ათრობდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მისი თამადობა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის თბილისში სტუმრობის დროს, 1850 წელს. ის წინანდლიდან საგანგებოდ მიიწვიეს.

 

იმპერატორი ქეიფის დამთავრების შემდეგ გადაეხვია გულბაათს, მადლობა გადაუხადა და პეტერბურგში მიიწვია სტუმრად. გულბაათი მართლაც ეწვია მას დაბადების დღის აღსანიშნავ ნადიმზე. ამ ნადიმზე მან ქართულად ადღეგრძელა იმპერატორი, ოთხლიტრიანი ყანწი გამოცალა და ალავერდი იქ დამსწრე დიდგვაროვან საზოგადოებასთან გადავიდა, მაგრამ ეს ვერავინ ვერ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, თავი მოეწონებინათ იმპერატორისთვის.“

 

სახლი სადაც გულბაათ ჭავჭავაძე ცხოვრობდა

 

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის გარდა, რამდენიმე ნამოსახლარია, სადაც მემამულე ჭავჭავაძეები ცხოვრობდნენ. შენობაში, სადაც ამჟამად წინანდლის სკოლაა განთავსებული, გულბაათისეული სასახლე ყოფილა და ბოლოს მის შთამომავალს, მაქსიმ ჭავჭავაძეს უცხოვრია.

 

ასეთი ფაქტიც არის დაფიქსირებული, რომ მაქსიმს ერთხელ აკაკი წერეთელი სწვევია სტუმრად. კონსტანტინე ბოროსტინის წერილში აღწერილია გულბაათის სახლი.

 

შთამომავლობა

 

ირაკლი კალანდია გულბაათ ჭავჭავაძის შთამომავალია. მის ოჯახში დღესაც ინახება წინაპრებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ორი უნიკალური ექსპონატი – გულბაათის წინანდლის სასახლის ფოტო და მისი შვილიშვილის, არჩილის სავიზიტო ბარათი, რომელზეც რუსული შრიფტით „კნიაზ არჩილ ჭავჭავაძე“ აწერია.

 

გულბაათ ჭავჭავაძე იყო დედაჩემის ბაბუის მამა. მე ეკა ანდრონიკაშვილის მხრიდან ვარ მისი შთამომავალი. გულბაათს რვა შვილი ჰყავდა: ზაქარია, ანასტასია, დარეჯანი, ანა, არჩილი, ეკატერინე, მარიამი და ნიკოლოზი.

 

გადმოცემით ვიცი, რომ მისმა შვილებმა ყველამ იცოდა ფრანგული ენა. ზაქარია და არჩილი სახელოვანი სამხედროები იყვნენ. სამწუხაროა, რომ არც ერთ ქართულ სამარკო ღვინოს მისი სახელი არ აქვს, არადა ევროპაშო ამის ტრადიცია არსებობს…“- ამბობს გულბაათ ჭავჭავაძის შთამომავალი, ირაკლი კალანდია.

 

სტუმრების თავი აღარ ჰქონდა, რადგან სიკვდილს ელოდა…“

 

ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში დაცულ წიგნში, წინანდალი – საქართველოს კულტურის საგანძურში“ ასეთი თავია: და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად…“ სადაც ვკითხულობთ: გულბაათ ჭავჭავაძეს წესად ჰქონდა ყოველ დილით მოურავისთვის დაევალებინა, იმ დღისით სტუმრად ვინ მოეწვიათ, ან სად აპირებდა წასვლას.

 

ერთხელაც თავისი ოთახიდან აღარ გამოსულა. მოურავმა რომ მიაკითხა, იგი საწოლში დახვედრია და უთქვამს, რომ სტუმრების თავი აღარ ჰქონდა, რადგან სიკვდილს ელოდა. მართლაც დალია სული… დაკრძალეს წინანდალში, საგვარეულო სასაფლაოზე.

 

დროთა სიავის გამო, მისი საფლავი განადგურდა. მის საფლავზე იყო შავი მარმარილოს ძეგლი, რომელზეც გამოსახული იყო ტოტებწაჭრილი მუხის გამოსახულება.“

 

 

როგორც ამ წიგნის ავტორი წერს, თელავში ერთ-ერთ სასაფლაოზე, რომელსაც სომხების სასაფლაოს ეძახიან, ნახა ტოტებწაჭრილი მუხის გამოსახულების მარმარილოს ქვა.

 

გულბაათ ჭავჭავაძე 67 წლის ასაკში, 1863 წელს გარდაიცვალა. ჰყავდა ორი მეუღლე – ქობულაშვილი და მაყაშვილი…

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი