logo_geo
ნიკოლოზ ბარათაშვილის სვლა განჯიდან მთაწმინდამდე
- +

22 მარტი. 2017. 21:23


 

ნიკოლოზ ბარათაშვილის დოკუმენტური  პორტრეტი ქართველ საზოგადოებას  არ გააჩნია. საუკუნეზე მეტი ხნის  განმავლობაში პოეტის პორტრეტის  აღდგენის შესახებ მრავალი მოსაზრება  გამოითქვა, არაერთხელ სცადეს მისი  სახის აღდგენა სხვადასხვა გზით.  მათ შორის ყველაზე მიახლოებულ  ვარიანტად ითვლება კომპიუტერული  ვერსია, რომელიც პოეტის დის,  სოფიოს ფოტოს მიხედვით შესრულდა. რეალურად, ჩვენს ხელთაა პოეტის ნეშტის ფოტო. ის 1938 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის მთაწმინდაზე გადასვენების დროს გადაიღეს და აქამდე  არ გავრცელებულა. ფოტოს ვერსოზე (უკანა მხარეს) ვკითხულობთ: „ნიკოლოზ  ბარათაშვილის აწყობილი ნეშტის ძვლები პროფ. (ანტროპოლოგ) ვლ. ჟღენტის მიერ. 1938 წ. 15 ოქტომბერს, მთაწმინდაზე დაკრძალვის დროს". იგი დაცულია საქართველოს  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის" ფონდში, კერძოდ, დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექციაში.


 

იკოლოზ ბარათაშვილის საფლავი და ძეგლი მთაწმინდის პანთეონში

 

1938 წლის 15 ოქტომბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს. გადამსვენებელი კომისიის წევრები იყვნენ მწერლები: ალიომა შაშვილი (კომისიის თავმჯდომარე), შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე და ილო მოსაშვილი, აგრეთვე პროფესორი ვლადიმერ ჟღენტი და დოცენტი არკადი ჯორბენაძე. ვლ. ჟღენტმა ასისტენტთან, ა. ჯორბენაძესთან ერთად დაათვალიერა და ააწყო ჩონჩხი. პოეტის ჩონჩხი მთლია ნად შენახული აღმოჩნდა. გაზეთ „კომუნისტის" 1938 წლის 243-ე ნომერში ვკითხულობთ: „ჩონჩხის აღდგენის სურათი ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი საშუალო ტანისა და ძვალ მსხვილი კაცი ყოფილა. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბარათაშვილი ოდნავ კოჭლი იყო. მეცნიერულმა ექსპერტიზამ ფეხის მარცხენა ქვედა კიდურ ზე დაადასტურა დაკოჟიჟება. თავის ქალასა  შუალო ზომისაა, კარგად შენახული. კუბოში აღმოჩნდა აგრეთვე ძველებური ქართული ფეხსაცმლის ლანჩა და ქუსლი, აგრეთვე პოეტის ტანსაცმლის ერთი თითბრის ღილი". გადასვენებას ქართველ მწერლებთან  სერგო კლდიაშვილთან, ირაკლი აბაშიძესთან, ლადო ასათიანთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, სიმონ ჩიქოვანთან, ალექსანდრე გომიაშვილთან, სანდროეულთან და სხვებთან ერთად დაესწრო პოეტის დისწული გიორგი სუმბათაშვილი. სერგო კლდიაშვილი გადასვენების დღეს ასე იხსენებს: „აკლდამა, რომელ შიც ჩასვენებული იყო კუბო, დიდი წვალების შემდეგ ჩასტეხეს მუშებმა. კუბოს სახურავი გატყდა და გამოჩნდა ცინკის ყუთი. იქ ესვენა ნეშტი. ყუთზე იდო ფაიფურისაგან გაკეთებული ვარდების კონა. ერთი ვარდი მე წავიღე, მეორე - შალვა აფხაიძემ, კიდევ პავლე ინგოროყვამ და რაჟდენ გვეტაძემ. ყუთი ახალ კუბოში ჩავასვენეთ და მთაწმინდისკენ მანქანით წავიღეთ. მთაწმინდაზე ასვლისას ყუთი გახსნეს. ყუთში აღმოჩნდა კარგად შენახული თავის ქალა და ძვლები ყველაფერი დაშლილი, ცალკე იყო. ორ  შეერთებულ მაგიდაზე დაალაგა ძვლები პროფესორმა ჟღენტმა და შემდეგ ააწყო ჩონჩხი. თავის ქალაში, სადაც ოდესღაც უკვდავი ლექსები იბადებოდნენ, პროფესორი ახლა ხელს უყოფდა და სწმენდდა. მარცხენა ფეხ ზე კოჭთან პროფესორმა უმნიშვნელო ანომალია  შენიშნა. მეხსიერებაში გაცოცხლდა ის დღეც, როცა ცელქმა ბავშვმა ფეხი იტკინა. ლამაზი, მრგვალი, პატარა თავის ქალა თვალის ორი ცარიელი ღრუთი გვიყურებდა. სიზმარი ხომ არ ყოფილა, რაც გარშემო ხდებოდა? ძვლები ისევ აშალეს და ახალ ცინკის ყუთში, პატარა კუბო ში ჩაასვენეს. ეს პატარა კუბო შემდეგ დიდ კუბოში მოვათავსეთ და ახლა, ალბათ სამუდამოდ, აკლდამაში ჩავასვენეთ. დღის ორ საათზე დავბრუნდით და დიდი პოეტის  შესანდობარი დავლიეთ."

 

 


(მთაწმინდის პანთეონში, დაკრძალვამდე. 1938 წლის 15 ოქტომბერი. ფოტოზე: დგანან მარჯვნიდან: გიორგი  ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე ქუთათელი, ვლადიმერ ღლონტი, დიმიტრი ბენაშვილი, ილო მოსაშვილი, პავლე ინგოროყვა, გ. ხეჩუაშვილი, შალვა დადიანი, გრიგოლ ცეცხლაძე, ალიო მირცხულავა (მაშაშვილი), გიორგი სუმბათაშვილი (ნ. ბარათაშვილის დისწული, სოფიოს შვილი), ეფ. ლეონიძე (გ. ლეონიძის მეუღლე), სერგო კლდიაშვილი, პლატონ კეშელავა. კუბოს თავთან: ირაკლი აბაშიძე და რაჟდენ გვეტაძე)


სწორედ ზემოთ ნახსენებ, გადამსვენებელი კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, 1956 წელს გაჩნდა ახალი იდეა - პოეტის სახის აღსადგენად მიემართათ ანთროპოლოგიურ მეცნიერებაში ფართოდ დანერგილი მეთოდისთვის - კრანიოლოგიისთვის. ამ დროს პორტრეტული რეკონსტრუქციის ერთადერთ დოკუმენტურ მასალასა და გასაახლებელი სახის საფუძველს თავის ქალა წარმოადგენს. ამ მეთოდით ნარჩუნდება სახის არა მხოლოდ ანთროპოლოგიური, არამედ ინდივიდუალური რელიეფიც. ეს მოსაზრება ჟურნალ „დროშაში" დაბეჭდილ ვრცელ წერილში წამოაყენა ნ. კევლიშვილმა და საუკეთესო შემსრულებლად მისი თანამედროვე, პროფესორი მ. გერასიმოვი მიიჩნია, იმ დრო ის თვის თითქმის 30-წლიანი გამოცდილებით. ნ. კევლიშვილი მის შესახებ წერდა: „სახის ჩონჩხის რელიეფისა და ძვალსა და რბილს შორის ფუნქციონალური კავშირის დადგენით იმდენად განსაცვიფრებელ შედეგებს  მიაღწია, რომ იგი ადამიანის სახის თითქმის რენტგენოსკოპიას ახდენს". სხვათაშორის, მ. გერასი მოვმა აღადგინა მცხეთის IX საუკუნის (ბრინჯაოს ხანის) მცხოვრებთა ტიპები, რომელთა ჩონჩხი 1937 წელს, მცხეთის გათხრების დროს არის ამოღებული. ნ. კევლიშვილი ეყრდნობოდა ვლ. ჟღენტის მიერ შედგენილ დასკვნას თავის ქალის კარგი მდგომარეობის  შესახებ და ფიქრობდა, რომ პოეტის სახის აღდგენის ერთადერთ გზად მ. გერასიმოვისთვის საქმის მინდობაღა რჩებოდა. თუმცა, მისი მოსაზრება არავის გაუ ზიარებია. პირველად კი, ნიკოლოზ ბარათაშვილი საქართველოში 1893 წლის 25 აპრილს ჩამოასვენეს ქალაქ განჯიდან, რაც „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ორგანიზებით განხორციელდა. საზოგადოების მინდობილობით, 1893 წლის 23 აპრილს, განჯაში ჩავიდნენ გრიგოლ ორბელიანი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია. გიორგი იოსელიანი განჯის ეკლესიას, რომლის ეზოშიც იყო დაკრძალული პოეტი, ასე აღწერს: „განჯის დასავლეთს განაკიდე ში, იმყოფება დაძველებული ეკლესია, აშენებული წმინდა ზაქარიას და ელისაბედის სახელზე. ეს ეკლესია არის გრძელი და ოთხკუთხოვანი და ჩამოჰგავს თავის ფორმით ყაზარმას. დღეს ამ ეკლესიაში წირვა-ლოცვა გაუქმებულია, რადგანაც განჯაში მთავრობას ახალი ტაძარი აუგია". გრიგოლ ორბელიანმა პოეტის დებისგან იცოდა, რომ ნიკოლოზი ძმის, გიორგის მარჯვნივ იყო დაკრძალული, რაც მცდარი აღმოჩნდა და ჩასულებს მთელი მომდევნო დღის განმავლობა ში მოუწიათ ნეშტის ძიებამ გიორგის საფლავის გარშემო: „მუშებს სულ ახალ და ახალს ვაყენებდით. სულ გამოვცვალეთ 24 მუ შა, ხალხი დაღონდა და იმედი დაეკარგათ ძვირფასის ნეშტის პოვნისა. ჩვენ-კი, რომელთაც მონდობილი გვქონდა ამ ნეშტის ქალაქ ში მოსვენება, ფერი გვეცვალა და აღარ ვიცოდით, რა გვექნა, როგორ უნდა ჩავსულიყავით ტფილისში და რა პასუხი უნდა გაგვეცა იმათთვის, ვინც მომზადებული იყვნენ ხვალინდელ დიდამბისთვის და იმათთვის განსაკუთრებით, ვინც სხვა ქალაქებიდამ ჩამოსულიყვნენ, ცალკე გვრცხვენოდა ჩვენი შეცდომისა: როგორ დაგვემართა, რომ ჯერ საძებარი ნეშტი არ მოვძებნეთ და ისე გამოვაცხადებინეთ გადმოსვენების დღე?" - წერს ალ. ჭყონია თავის წერილში.

 

 

 

 

(სახლი განჯაში, სადაც ცხოვრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი (დაცულია ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში)



იმედ გაცრუებულები თბილისში ტელეგრამის გამოგზავნასაც ფიქრობდნენ, რომ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ნაშალ მიწაში პოეტის ნეშტი. ნიკოლოზის მუნდირის ფოლაქები და კარგად შენახული წაღების ნაწილები „წერა-კითხვისსა  ზოგადოების" წიგნთსაცავისთვის წამოიღეს, ნეშტი კი დიდი პატივით გამოაცილა განჯის ქართველობამ რკინიგზის სადგურამდე.

 

 



(ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი მაგიდაზე. მთაწმინდა,  დაკრძალვის წინ, 1938 წლის 15 ოქტომბერი)


ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსვენება რამდენადაც საამაყო იყო ქართველთათვის, იმდენად აშფოთებდა და ფაქტისადმი მტრულად განაწყობდა მაშინდელ ჟანდარმერიას. თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი შიშობდა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსვენება, ისევე, როგორც ალექსანდრე ყაზბეგის დიდი პატივით დაკრძალვა, ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას შეუწყობდა ხელს და არეულობას გამოიწვევდა, რასაც „ქართველი ერის სეპარაციისადმი მიდრეკილებით" ხსნიდა. მისი შიში ალექსანდრე ყაზბეგის დაკრძალვისას მიღებულ გამოცდილებას ეფუძნებოდა: „როგორც ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებამ, ისე ყაზბეგის გვამის დიდი პატივცემით დასაფლავებამ... ყაზბეგისა, რომლის სიკვდილმა მისცა საშუალება ქართველებს ემცნოთ თუ მთელი ქვეყნისთვის ვერა, კავკასიისთვის მაინც, რომ ისინიც არსებობენ... ეს ამბები გამოიწვევდა პოლიციასთან შეტაკებას, რომლის დროსაც უეჭველად ექნებოდა ადგილი დიდ სისხლის ღვრას, თუ სახეში მივიღებთ ქართველების თავმოყვარეობას და სიფიცხეს".  შესაბამისად, თბილისის ჟანდარმერიაც სრულ მზადყოფნაში იყო და პროცესიას დიდ ყურადღებას აქცევდნენ; თუმცა, ამჯერად, არეულობა არ მომხდარა. ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის საიდუმლო მოხსენებაში, რომელიც მან პოლიციის დეპარტამენტში 1894 წლის 7 მარტს გაგზავნა, ვკითხულობთ: „ქართველებმა ხელახლა წამოაყენეს მივიწყებული საკითხი ქართველი პოეტის ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების შესახებ განჯიდან ტფილისში, რომელიც გარდაიცვალა ამ საუკუნის დასაწყისში და დასაფლავებული იყო განჯაში. განსაკუთრებული მიზნით მოთხარეს მიწიდან რაღაც ძვლები და ეროვნული პოეტის ნეშტის სახით გადმოასვენეს ტფილისში, სადაც ამ ნეშტს მიეგება მრავალს ათასიანი საზოგადოება და დიდის პატივით და მოწიწებით მიაბარეს მიწას. კუბო ხელიდან ხელში გადადიოდა და არა თუ ყველა წოდების პირები ეცილებოდნენ ერთმანეთს მის წაღებაში, არამედ ქალებიც კი ცდილობდნენ როგორმე, რამდენიმე ნაბიჯზე კუბოს ტარებაში მონაწილეობა მიეღოთ. დედებს მოეყვანათ თავისი პატარა შვილები, აჩოქებდნენ კუბოს წინ და თაყვანს სცემდნენ კუბოს, როგორც წმინდანის ნეშტს", ხოლო ჟურნალ „კვალის" 1893 წლის მე-18 ნომერში ასეა აღწერილი პროცესია: „დღე იყო ღრუბლიანი, დილით ცოტად წინწკლავდა. ქალაქიდან ხალხი მიეშურებოდა რკინისგზის სადგურზედ. დიდი, პატარა, ქალი, ჩვილი, ყველანი იქ მიისწრაფოდენ, გულის ძგერით მოელოდენ, თვალი მოეკრათ დიდებულის ქართველის ნაშთისთვის. გაისმა რკინისგზის სადგურზედ მწყობრი, გულის სიღრმემდის მისაწვდენი ტკბილი ხმა ქალების გალობისა: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით"... მას უშლიდენ წინ მუხისა, დაფნისა და პურის თაველებისაგან შეკრულს გვირგვინებს. ერი ჰგალობდა „წმინდაო ღმერთოს" და ამ დიდებით გაჰყვა იგი დიდუბის ტაძრამდის".


 


(დიდუბის პანთეონში, ნეშტის  გადასვენებამდე, 1938 წლის 15 ოქტომბერი.  დგანან მარცხნიდან: რაჟდენ გვეტაძე,  გიორგი  ლეონიძე, სერგო  კლდიაშვილი, შალვა დადიანი,  ეფ. ლეონიძე  და სხვები შალვა დადიანი,  ჩამსხდარნი: ალიო მაშაშვილი, ილო მოსაშვილი  და პავლე ინგოროყვა)

პოეტის გადმოსვენებიდან 12 წლის შემდეგ, ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე - დიდუბის პანთეონში ძეგლის დადგმის საკითხი დაისვა. ძეგლის შესახებ 1905 წლის „ცნობის ფურცელში" წერია: „შეიძლება ეს ძეგლი არ  შეეფერება მის დიად ღირსებას, მაგრამ სულ არარობას ესეც ჯობია. ძეგლი გაუკეთებინებია ბორის ესაძეს (ბორის სპირიდონის ძე ესაძე - ქართველთაშორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. - ქ.გ.), ძეგლი მთლად დამთავრებული არაა და კიდევ ეჭირვება ფული. ძეგლის დადგმა განზრახულია 9 ოქტომბრისთვის. იმედია, წერა-კითხვის, დრამატიული და ფილარმონიული საზოგადოებანი დაეხმარებიან ბ. ესაძეს, იკისრებენ ძეგლის დამთავრებას და შესაფერად მოაწყობენ მისი დადგმის საქმეს".

 

 

https://s12.postimg.org/cqxmtxwxp/image.jpg


(ნიკოლოზ ბარათაშვილის  გვირგვინებით შემკობილი  კუბო ვაგონში, საქართველოში  გადმოსვენებისას 1893 წლის აპრილში)


მართლაც, აღნიშნულმა საზოგადოებებმა 1905 წლის 11 სექტებერს, საერთო კრებაზე დაადგინეს, რომ 9 ოქტომბერს ძეგლი ეკურთხებინათ, ამ დღისთვის სტუმრების მოწვევა კი უხერხულად სცნეს. ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი „რიცცის საქანდაკო ქარხანაში", ალგეთის ქვისგან დამზადდა. ძეგლი შემკული იყო ქართული ორნამენტებით და მისი სიმაღლე სამ მეტრს აღემატებოდა.

 

 


(ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის პროექტი.  დაბეჭდილია წიგნში: Баратовский томик . _ Тифлис , 1905)


სვეტზე დადგმული ბიუსტი ახალგაზრდა მხატვრის, ტარას მომცემლიძის ნახატის მიხედვით უნდა შესრულებულიყო. მოგვიანებით პროექტში ცვლილება მოხდა - ძეგლის სვეტზე განთავსებული ბიუსტი ლირათი ჩანაცვლდა და მთაწმინდის პანთეონში დღესაც ამ სახით არის წარმოდგენილი.


 

 

(ნიკოლოზ ბარათაშვილის ცრუ პორტრეტი (ალექსანდრე ციციშვილი). მხატვარი  ტარას მომცელიძე. დაბეჭდილია წიგნში: Баратовский томик . _ Тифлис , 1905.)


რატომ ითქვა უარი აღნიშ ნულ ბიუსტზე, ამის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის გიორგი ლეონიძე „სალიტერატურო გაზეთის" 1933 წლის მე-7 ნომერში. ის ეყრდნობა მთარგმნელ ივანე ავალიშვილის ცნობას: ქარელში ცხოვრობდა ცნობილი მწიგნობარი იასონ დავითის ძე ციციშვილი, რომელიც მწერლობის გარდა მხატვრობასაც მისდევდა. გარდა ამისა, ადიდებდა ფოტო სურათებს და აფერადებდა, რომლებიცშინ, კედლებზე ჰქონდა გამოფენილი. ივანე ავალიშვილის ყურადღება სწორედ ერთმათგანს მიუპყრია. სურათს ჰქონდა წარწერა - ალექსანდრე ციციშვილი. ეს პორტრეტი გავრცელებული იყო, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი. ივანეს იასონის თვის გაუზიარებია გაკვირვება, იასონს კი ასე აუხსნია: „ეგ ხომ ბარათაშვილი არ არის; რავქნა, ვერ იცანი ჩემი ძმა ალექსანდრე, პეტერბურგში ალექსანდრე მეორეს რომ საპატიო დარაჯად ახლდა? ეს მაშინდელი ქულა ჯაში გამოწყობილი, გადაღებული ფოტოგრაფიაა. სურათი სხვამხრივ ჩემი შეფერადებულია და გადიდებული, ხოლო ბარათაშვილად კი შემდეგ ჯადოქრობამ გადააქცია". იასონის თქმით, მასთან სტუმრად მისულ მწიგნ ბარს,  ზაქარია ჭიჭინაძეს ალექსანდრეს სურათის დათმობა უთხოვია. „დავუთმე, მხოლოდ შევეკითხე, თუ რად უნდოდა? ზაქარიამ მიპასუხა: ლამაზად არის გამოწყობილი ქართულს ტანისამოსში, ნახატიც კარგია, ჩემს ოთახში ჩამოვკიდებო. როცა წასვლისას სურათი ქაღალდ ში გავუხვიე და გადავეცი, გულით შემეხვეწა: ძალიან გთხოვ, თუ სადმე შეგხვდეს ეს სურათი, არაფერი სთქვაო; არც ისა სთქვა, რომ თქვენგან წამოვიღეო. მეც შევპირდი". მოგვიანებით, თბილისში ჩამოსულ იასონს რუსთაველის გამზირზე უნახავს ლითოგრაფიით დაბეჭდილი ძმის სურათი წარწერით - ნიკოლოზ ბარათაშვილი. პორტრეტის გავრცელებამდე კი ზაქარიას ხმა გაუვრცელებია, რომ ერთ ოჯახში ბარათაშვილის პორტრეტი უნახავს და უახლოეს დღეებში გასაყიდად გამოსცემდა. გიორგი ლეონიძე აღნიშნულ პორტრეტს სტატიაში „ყალბ გამოსახულებას" უწოდებს. სამწუხაროდ, ეს ფოტო ზოგიერთ თანამედროვე გამოცემაში დღესაც ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტად არის მიჩნეული.


 


(ნ. ბარათაშ ვილის პორტრეტი. ავტორები: ლევან თაქთაქიშვილი, ლევან ჭოღოშვილი. დაბეჭდილია წიგნში: ნ. ბარათაშვილი. "თხზულებათა სრულკრებული", თბ., 2005.)



წყარო https://www.scribd.com

 

 

big_banner
არქივი