logo_geo
რინგო სტარი: დაშლის შემდეგ კონცერტი უნდა გაგვემართა, მაგრამ ზვიგენის გამო უარი ვთქვით
- +

17 ივლისი. 2020. 13:01

 

 

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, „The Beatles“-ის წევრმა, რინგო სტარმა „Sunday Mirror“-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ კოლექტივის დაშლის შემდეგ, 1976 წელს მუსიკოსებმა ერთი დღით გაერთიანებისა და კონცერტის გამართვის შეთავაზება მაღალი ანაზღაურების, 50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მიიღეს, რაც, დღეის ღირებულებით, 200 მილიონზე მეტ დოლარს შეადგენს. რინგო სტარის თქმით, არტისტებმა შოუმენ ბილ სარგენტის წინადადება განიხილეს და შესაძლოა, ისტორიული პერფორმანსიც გამართულიყო, რომ არა დამკვეთის უცნაური პირობა - მათი კონცერტის დაწყებამდე ადამიანისა და თეთრი ზვიგენის შერკინება უნდა გამართულიყო.

 

„გიჟურ თანხას გვთავაზობდნენ. ერთმანეთს დავურეკეთ და წინადადება განვიხილეთ. გადავწყვიტეთ, უარი გვეთქვა, რადგან კონცერტი უნდა გაეხსნა კაცს, რომელსაც ზვიგენისთვის უნდა ეკბინა“, - აღნიშნა რინგომ.

 

შოუში, რომლის გამართვაც წყნარ ოკეანეში, სამოას სანაპიროზე იგეგმებოდა, ავსტრალიელ უოლი გიბინსს უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელმაც სახელი ზვიგენებთან ორთაბრძოლით გაითქვა. მანამ „ბითლზი“ სცენას დაიკავებდა, ის 1200-კილოგრამიან თეთრ ზვიგენს უნდა შებრძოლებოდა.

 

უოლი გიბინსი

 

 

მანამ ლივერპულური ოთხეული შეთავაზებაზე უარს იტყოდა, გამოცემები შესაძლო გაერთიანებაზე ალაპარაკდნენ. ჟურნალ „People“-ში სტატია დაიბეჭდა სათაურით - „ისევ იმღერებენ ისინი 50 მილიონის სანაცვლოდ?“.

 

 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი „The Beatles“ ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი „Love Me Do“ 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი „Please, Please Me“ გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით „ბითლზი“ მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში „ოსკარისა“ და 7 „გრემის“ მოპოვება შეძლო.

 

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი „Let It Be“ გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა „Time“-მა მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი