logo_geo
ინგმარ ბერგმანის საინტერესო სახლები და საცხოვრებელი გარემო, როგორც რეჟისორის შთაგონების წყარო
- +

23 მარტი. 2017. 13:55



როცა 2007 წლის 30 ივნისს ცნობილი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი გარდაიცვალა, ამქვეყნად დატოვა 3 „ოსკარი", თავისი სახელი და სახლები შვედეთის ერთ პატარა კუნძულ ფაროზე. ფილმის „დაბურული შუშის მიღმა" გადაღებების დაწყებამდე, შვედური კინოკომპანია ზედმეტ ხარჯებზე წუხდა. ზუსტად ამან გადააწყვეტინა ინგმარ ბერგმანს, კუნძულ ფაროზე სახლის შეძენა. მან პირველი სახლი 1967 წელს ფაროს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში - ჰამარსში შეიძინა. აქ მასთან ერთად მისი ცოლი ლივ ულმანი და ქალიშვილი ლინი ცხოვრობდნენ. ეს სახლი ბერგმანის პირად სახლს წარმოადგენდა და აქ გარდაცვალებამდე იმყოფებოდა. სახლიდან ულამაზესი ხედი იშლება კლდოვან სანაპიროსა და ბალტიის ზღვაზე. მთლიანი შენობა ზღვით არის გარშემორტყმული. წლების განმავლობაში ბერგმანი სახლს აფართოებდა. ზუსტად აქ მუშაობდა ხოლმე თავის მთავარ ფილმებსა და სცენარებზე. შენობა ასევე მოიცავს ძალიან კარგად აღჭურვილ ბიბლიოთეკას.


 





ჰამარსიდან რამდენიმე ასობით მეტრის მოშორებით ანგენი მდებარეობს, სადაც ბერგმანმა სოლიდური და ლამაზი რეზიდენცია ააშენა. ეს არის კლასიკური გოთლანდური სტილის საცხოვრებელი, რომელშიც დიდი ოთახები, უზარმაზარი ბუხარი და საოჯახო სასტუმროა. სახლი გარშემორტყმულია ყვავილების მინდვრებით. სახლში ორი დიდი და ერთი პატარა საძინებელი, ფართო მისაღები ოთახი და სამზარეულოა. საოჯახო სასტუმრო, „Drängstugan", კი მოიცავს საძინებელს, სამზარეულოს, პირად აბაზანასა და მისაღებ ოთახს ზედა სართულზე.



ინგმარ ბერგმანის კიდევ ერთი სახლი დამბაა. ის ადრე ფერმა იყო, ხოლო 1854 წელს ულამაზეს სახლად გადააკეთეს. ბალტიის ზღვიდან მასთან მისასვლელად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. ის გადაჰყურებს მდინარე „Dämba träsk", რომელიც გამოირჩევა თავისი ულამაზესი ლანდშაფტით. ბერგმანმა აქ მდებარე ფარდული საკუთარ კინოთეატრად გარდაქმნა, სადაც ის ყოველდღე ფილმებს უყურებდა. დამბას მთავარი სახლი ორ დიდ საძინებელს, ორ მისაღებ ოთახს და ორ სააბაზანოს მოიცავს. ქვის ღობეები და იასამნები, უჩვეულოდ აყვავებული ბაღი, ულამაზესი ყვავილნარი და ხეხილი სახლს ბეჭედივით არტყია. აქ ასევე შეხვდებით ძველ ქარის წისქვილსაც - „Kvarnen". ის გემოვნებიანად გადაკეთდა საცხოვრებელ ადგილად. ამ ადგილიდან განსაკუთრებით ლამაზად ჩანს მდინარე და გარშემორტყმული მინდვრები. ბერგმანის სამფლობელოში ასევე ერთი პატარა კოტეჯი იყო, რომელსაც შემოქმედებითი სამუშაოსთვის იყენებდა. კოტეჯის გარშემო ფაროსთვის დამახასიათებელი ქვის ღობეებია. 1973 წლის ფილმში „სცენები ქორწინებიდან", კოტეჯი ჯოანისა და მარიანის შერიგების სცენას ფონად განსდევს.




ბერგმანის ანდერძის მიხედვით,  მისი მამული უნდა გაყიდულიყო და შემოსული თანხა მის 9 შვილს შორის განაწილებულიყო. მიუხედავად საზოგადოების აღშფოთებისა, რომელიც ბერგმანის მამულს ეროვნულ განძად აფასებდა, შვედეთის მთავრობა სახლის ყიდვით საერთოდ არ იყო დაინტერესებული. 2009 წლის მაისში „კრისტის" აუქციონის ერთ-ერთ ლოტად სწორედ ბერგმანის მამული იყო წარმოდგენილი. იმავე წლის სექტემბერში ნორვეგიელმა მილიონერმა და მეცენატმა ჰანს გიუდე გუდესენმა ბერგმანის რეზიდენცია 4 მილიონ ევროდ შეიძინა და ხელოვნების სახლად აქცია. დღესდღეობით კი ეს ადგილი მასპინძლობს რეჟისორებს, მსახიობებს, შემოქმედებს და ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან.


 

წყარო: metra.ge

 

 

 

 

 

big_banner
არქივი