logo_geo
რონალდ რეიგანის წერილი შვილს
- +

31 ივლისი. 2020. 12:18

 

 

როდესაც მაიკლ რეიგანი ქორწინდებოდა, მამამ, აშშ-ის პრეზიდენტმა, მას ასეთი წერილი მისწერა:

 

ძვირფასო მაიკ,

დღეს შენ ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში შეაბიჯე და იგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც შენ შექმნი. შეიძლება გსმენია ცინიკური ხუმრობები „უიღბლო ქორწინების“ შესახებ, მაგრამ, განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარ ძლიერებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერზე შეიკავებს თავს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის ცოლს გული არ ეტკინება იმის გამო, რასაც ვერასდროს გაიგებს...

 

არადა, სიმართლე ბევრად ღრმაა, ვიდრე ასეთი ადამიანები ფიქრობენ. ცოლმა ყველაფერი იცის - პერანგზე ნაპოვნი პომადის კვალისა და იმის მიზეზის გაგების გარეშეც კი, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი დილის 3 საათზე სახლში და ამ ცოდნასთან ერთად, ურთიერთობის სილამაზეც იკარგება.

ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. კაცი, რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს, რაც შეუძლია, ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს.

 

დარწმუნებული ვარ, იქნება წამები, როდესაც ისევ შეხვდები ვინმე მომხიბვლელს, ძველი დრო გაგახსენდება და დაგაინტერესებს, შეგწევს თუ არა ძალა, მოხიბლო საპირისპირო სქესი, მაგრამ, შვილო, მსურს გაგიმხილო, თუ რა მშვენიერი გამოწვევაა, დაუმტკიცო შენი ძლიერება მხოლოდ ერთ ქალს, შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე...

 

ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგრძელოს ცხოვრება. ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა, რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ – ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე, როდესაც ავად იყავი. მოიქეცი ასე - აგრძნობინე მას სითბო და კვლავ გაიგებ მშვენიერი მუსიკის ხმას.

 

კაცს, რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი, არასოდეს სურს, დამცირებულად აგრძნობინოს მას თავი. როდესაც მდივან ქალს ესალმები, ანდა გოგონას, რომელსაც ორივენი იცნობთ, შენი ცოლი არ უნდა გრძნობდეს თავს დამცირებულად იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ეს ის გოგონაა, ვის გამოც გვიან ღამით დაბრუნდი სახლში. როდესაც შენი ცოლი ასეთ გოგოს თვალებში შეხედავს, უნდა ეღიმებოდეს, იმის გაანალიზებით, რომ ეს ის ქალია, რომელსაც მის გამო უთხარი უარი.

 

დღეს შენ გაქვს შანსი, მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გახსოვდეს: არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც, დღის დასასრულს, სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგებას ელის...

სიყვარულით, მამა…

 

მაიკლ რეიგანს. მანჰეტენის სანაპირო, კალიფორნიის შტატი. 1971 წლის ივნისი.

 

 

big_banner
არქივი