logo_geo
უბრალოკაბიანი ქალი და მოკრძალებულად ჩაცმული მამაკაცი - ამბავი სტენფორდის უნივერსიტეტზე
- +

7 აგვისტო. 2020. 11:39

 

 

1891 წლის ერთ დღეს ბოსტონის სადგურზე მატარებელი გაჩერდა, რომლიდანაც უბრალოკაბიანი ქალი და მოკრძალებულად ჩაცმული მამაკაცი ჩამოვიდნენ და ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ოფისისკენ აიღეს გეზი.

 

პრეზიდენტთან შეხვედრა შეთანხმებული არ იყო. მდივანმა ალმაცერად შეხედა პროვინციელ წყვილს, დარწმუნებული გახლდათ, რომ სოფლელების ადგილი ჰარვარდში არ იყო.

 

— პრეზიდენტთან გვინდა შეხვედრა, — ხმადაბლა უთხრა მამაკაცმა მდივანს.

 

— ვერ მოახერხებთ, მთელი დღე დაკავებული იქნება, — მშრალად გაეპასუხა ის.

 

— დაველოდებით, — დაასკვნა ქალმა და წყვილი მოსაცდელში ჩამოჯდა.

 

გავიდა რამდენიმე საათი. მდივანს იმედი ჰქონდა, რომ ამ უბრალოკაბიან ქალსა და მოკრძალებულ სამოსში გამოწყობილ მამაკაცს, ბოლოს და ბოლოს, ლოდინი მობეზრდებოდათ და წავიდოდნენ. მაგრამ ისინი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდნენ.

 

მდივანი იძულებული გახდა, პრეზიდენტისთვის მოეხსენებინა პროვინციელი სტუმრების შესახებ.

 

— იქნებ ორიოდე წუთით მიიღოთ და მალევე გაუშვათ, თორემ ეტყობათ, რომ არსად წასვლას არ აპირებენ.

 

პრეზიდენტმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და დათანხმდა. აბა, სად ეცალა ეგზომ „დიდ კაცს“ ღარიბი სოფლელებისთვის?

 

კაბინეტში შესულ ცოლ-ქმარს მკაცრი, ქედმაღლური მზერა შეავლო და ვიზიტის მიზეზი ჰკითხა.

 

— ჩვენი ვაჟი ლელანდი თქვენს უნივერსიტეტში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში და ძალიან უყვარდა აქაურობა. სამწუხაროდ, ის შარშან გარდაიცვალა და ახლა მე და ჩემს მეუღლეს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მისი სახელით სახსოვრის დატოვება გვსურს.

 

პრეზიდენტი საშინლად გააღიზიანა ამ წინადადებამ.

 

— ქალბატონო! — კადნიერად მიმართა მან ქალს, — ჩვენ ვერ დავუდგამთ ძეგლს ყველას, ვინც ამ უნივერსიტეტში სწავლობდა. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ სასაფლაო არ არის?!

 

— არა, ძეგლის დადგმა არც გვიფიქრია, ჩვენ ახალი კორპუსის აშენება გვსურს ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის.

 

პრეზიდენტმა ამრეზით შეათვალიერა გახუნებული კაბა და უბრალო კოსტიუმი და წამოიძახა:

 

— კორპუსი?! ღმერთო ჩემო, კი მაგრამ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, რა ჯდება ერთი კორპუსის აშენება? სულ ცოტა, 15 მილიონი დოლარი!

 

ქალი დადუმდა.

 

უნივერსიტეტის პრეზიდენტი გულში უკვე გამარჯვებას ზეიმობდა, როდესაც ქალის წყნარი ხმა გაისმა:

 

— ძვირფასო, — მიმართა მან მუღლეს. — თუ უნივერსიტეტის აშენება ასე იაფი ღირს, მაშინ საკუთარი ავაშენოთ.

 

მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მეუღლეს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კი ფერი დაკარგა…

 

მისტერ და მისის სტენფორდები — კალიფორნიის გუბერნატორი და რკინიგზის მაგნატი მეუღლითურთ, ადგნენ და კაბინეტიდან გავიდნენ. მალე მათ კალიფორნიაში, ქალაქ პალო–ალტოს სიახლოვეს უნივერსიტეტი დააარსეს, რომელიც მათი გარდაცვლილი ვაჟის, უმცროსი ლელანდ სტენფორდის სახელს ატარებს და მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო.

 

big_banner
არქივი