logo_geo
„საჩინო“- რა ისტორიას ინახავს დარეჯან დედოფლის სასახლე
- +

15 აგვისტო. 2020. 15:10

 

 

დარეჯან დედოფლის (დარიას) სასახლე – „საჩინო“ აუშენებიათ 1776 წელს ერეკლე მეფის მეუღლის, დარეჯანისათვის. ის ერთ-ერთია სასწაულად გადარჩენილ იმ შენობებს შორის, რომელმაც თბილისის ყველაზე მასშტაბურ ნგრევას 1795 წელს, ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გაუძლო. შაჰმა მიწასთან გაასწორა ქალაქი. ამ დროს განადგურდა თბილისის ისტორიულ ძეგლთა უმრავლესობა, გადარჩა მხოლოდ რამდენიმე შენობა, ძირითადად საკულტო ნაგებობები.

 

დარეჯანის სასახლე (საჩინო) თბილისში, ურბნისის ქუჩაზე მდებარეობს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში დედოფალ დარეჯანს, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და წმიდა ირაკლისა და წმიდა დარიას სახელობის კარის ეკლესია აუგია. მომდევნო პერიოდში ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრად გადაკეთდა. მონასტერს „დარიის მონასტერს“, სასახლეს კი „საჩინოს“ უწოდებენ. სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, საჩინო იგივეა, რაც გამოჩენილი, თვალსაჩინო. „საჩინო“ მართლაც მსგავს ადგილზეა აშენებული, მისი აივნიდან საუცხოო ხედი იშლება და თბილისის თითქმის მთელი ისტორიული ნაწილი მოჩანს. შენობა დაშენებულია ქალაქის გალავნის ბურჯზე.

დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, სასახლე და ეკლესია ეგზარქოსმა თეოფილაქტემ შეიძინა და აქ სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები მოაწყო. კომუნისტური რეჟიმის დროს მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. XX საუკუნის 70-იან წლებში აქ 26 კომისრების რაიონული მუზეუმი მოთავსებულა. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ. შემდეგ აქ ერთი მსახიობის თეატრი დაარსდა და 90-ან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა.

 

 

1991 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა. ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად ერთიან არქიტექტორულ კომპლექსს წარმოადგენდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული. სასახლის კოშკის ქვედა ნაწილი ნაგებია ნატეხი ქვით, წყობაში ფენებად დატანებულია კვადრატული აგური. ყურადღებას იპყრობს ლამაზი, დეკორატიული აივანი რომელიც კოშკის ზედა ნაწილს შემოუყვება და მხატვრულობას სძენს ძეგლს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი