logo_geo
ამადეო მოდილიანი - მხატვარი, რომელიც სიცოცხლეში აღიარებას ვერ ეღირსა
- +

19 აგვისტო. 2020. 17:15

 

 

„ის მუდამ მომხიბლავი იყო. მის მიმზიდველ გარეგნობაში იყო რაღაც ექსცენტრიკული. იმაშიც კი, თუ როგორ გართმევდა ხელს, საოცარი ერთგულება იგრძნობოდა. თავისი ხელოვნებით ცხოვრება უნდოდა მაშინ, როცა მისი ნამუშევრები არავის აინტერესებდა. ხელგაშლილობისა და იმის გამო, რომ ხვალინდელ დღეზე ფიქრი არ სურდა, სიღატაკისთვის იყო განწირული“.

პოლ ალექსანდრი

 

მინდა მოგითხროთ ერთ–ერთ უდიდეს მხატვარზე, რომელმაც იცოდა იმისი ფასი, რასაც აკეთებდა, სხვებმა არ იცოდნენ...

 

 

ეს მხატვარი იყო ამადეო მოდილიანი, რომლის გენიალობა ყველაზე პირველად პოლ ალექსანდრმა დაინახა და გახდა კიდეც მხატვრის მეგობარი და დამფინანსებელი.

 

ამადეო მოდილიანი იყო მხატვარი, რომელმაც სრულიად ახალი სამყარო შექმნა და დიდი სიმართლითა და სულიერებით წარმოადგინა ადამიანი.

 

1922 წელს ჟურნალ „მონპარნასის“ რედაქტორმა პოლ იუსონმა დაწერა სტატია „გრძნობა ტრაგიკულისა“, რომელშიც წერდა: „გოგენის შემდეგ, მან უეჭველად ყველაზე უკეთ შეძლო გამოეხატა თავის შემოქმედებაში გრძნობა ტრაგიკულისა, მაგრამ მასთან ეს გრძნობა ბევრად უფრო ინტიმურია და გამორიცხავს ყოველგვარ განკერძოებულობას.

 

მოდილიანი ყველაზე თანამედროვეა ჩვენს თანამედროვე მხატვართა შორის. იყო თანამედროვე მხატვარი, ნიშნავს იმას, რომ შემოქმედებითად გადმოსცე შენი ეპოქის თრთოლა, მაჯისცემა, ღრმა ფსიქოლოგია. ამისათვის არ კმარა საგანთა მხოლოდ გარეგნული გამოსახვა, უნდა შეგწევდეს უნარიც მათი სულის გახსნისა. ეს ასე დიდებულად შეძლო მოდილიანიმ, მონპარნასელმა მხატვარმა, რომელიც ამიერიდან მსოფლიოს კუთვნილებაა“.

 

ზემოთ დავწერე, რომ მოდილიანმა იცოდა იმისი ფასი, რასაც აკეთებდა, სხვებმა არ იცოდნენო. მაგრამ აგერ გამოჩნდნენ მეცენატი პოლ ალექსანდრი და „მონპარნასის“ რედაქტორი, რომელთაც სცოდნიათ მოდილიანის შემოქმედების ფასი. არ შეიძლება დიდი ნიჭი შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ ხდება ხოლმე, როდესაც გენიალური ადამიანის შემოქმედება ბევრად უსწრებს დროს, ის მასებისთვის შეუცნობი და შეუმჩნეველი ხდება.

 

მოდილიანს უიღბლობა და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება, ხელმოკლეობა და სნეულება ბავშვობიდანვე დაჰყვა ბედად. მაშინ, როდესაც მხატვარი სიკვდილს თვალებში უყურებდა, მისი ცხოვრების წესი კიდევ უფრო ამძაფრებდა ამ განცდას. რაც უფრო ახლოს გრძნობდა დასასრულს, მით უფრო მეტი გააფთრებით გადაეშვებოდა ხოლმე უფსკრულში და ტუბერკულოზით ნაგვემ სხეულს ალკოჰოლით იყუჩებდა, ტკივილისაგან თავდაცვა უნდოდა, ტკივილი კი ორმაგი ჰქონდა: სულისა და სხეულის. პირველი გაცილებით ძნელი ასატანი იყო და ხშირად აკარგვინებდა წონასწორობას, მეორე თანამდევი გახლდათ – უსამართლო განაჩენივით სასტიკი და აუტანელი.

 

ბეწვის ხიდზე გადიოდა თითქოს და მიუხედავად ამისა, ამ საფრთხილო გზაზე არაფერს ერიდებოდა, თამამად მიარღვევდა სივრცეს, „ბეწვის ხიდი“ გაიარა – უკვდავების ნაპირზე გადავიდა. ნაკვალევივით ტოვებდა თავის შემოქმედებას – შედევრებს, რომელიც მომავალში მსოფლიოს აალაპარაკებდა. ის შედევრებით ცხოვრობდა.

 

მოდილიანის ყველა ნამუშევარს დიდი ტრაგიზმი აერთიანებდა და ამავე დროს დიდი სიყვარული – არა კონკრეტული კაცისა, არამედ საზოგადოდ ადამიანისა.

 

„მუშაობა რომ შევძლო, მე ცოცხალი არსება მჭირდება, მე უნდა ვხედავდე მას ჩემს წინაშე“, – ამბობდა ამადეო მოდილიანი – მარტოობისა და ადამიანებთან თანაცხოვრების დიდოსტატი, უკვდავების ბინადარი...

 

ამადეო მოდილიანი 1884 წლის 12 ივლისს მოევლინა ქვეყნიერებას. ის მეოთხე შვილი იყო ოჯახში, მაგრამ გამორჩეული შვილი, რომლის წყალობითაც საუკუნის მერეც ეცოდინებათ მისი მშობლების, ფლამინიო მოდილიანისა და ევგენია გარსენის სახელები.

 

ფლამინიო მოდილიანის ოჯახი იტალიაში, ლივორნოში ცხოვრობდა. ჰქონდათ პატარა ბიზნესი: ჯერ ნახშირითა და შეშით ვაჭრობდნენ, შემდეგ პატარა სამაკლერო კანტორაც გახსნეს. ამბობდნენ, რომ სარდინიის ვერცხლის მაღაროებშიც ჰქონდათ წილი. ცხოვრება არ უჭირდათ. ფლამინიოს მეუღლე – ევგენია გარსენი საფრანგეთში აღზრდილი ებრაელი ქალი იყო. განათლებული და გამრჯე ახალგაზრდა ქალი შესანიშნავად უძღვებოდა ოჯახის საქმეებს.

 

ამადეო ჯერ დაბადებულიც არ იყო და თითქოს განგება უკვე ამზადებდა მისთვის უიღბლობით სავსე გარემოს. ოჯახს საქმე ცუდად წაუვიდა, მოდილიანები გასაჭირში ჩავარდნენ. ვალების გამო ოჯახის ქონება აღწერეს და საკონფისკაციოდ გაამზადეს. მაგრამ იტალიის კანონებით, მელოგინე ქალის ქონება ხელშეუხებელი იყო და ამიტომაც იმ დღეს, როდესაც ქონების წასაღებად მოვიდნენ, ყველაფერი, რაც ფეხმძიმე ქალის საწოლზე დაეტია, იქ იყო დახვავებული. სწორედ ამ ტრაგიკულ დღეს დაიბადა ამადეო კლემენტე მოდილიანი.

 

მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დედა და ბაბუა – ისააკ გარსენი ზრუნავდნენ.

 

დაწყებითი განათლება კერძო სკოლაში მიიღო, რომელიც დედამისმა გახსნა. ბაბუა ისააკი ხელოვნებას აყვარებდა, მუზეუმებში დაატარებდა, კულტურის, ისტორიის, ლიტერატურის და ფილოსოფიის ინტერესს უღვივებდა. დედა ევგენია, რათა შემოსავალი ჰქონოდა, ფრანგულ ენას ასწავლიდა ახალგაზრდებს, ასევე მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდა. როცა ამ საქმეს მორჩებოდა, დაღლილ–დაქანცული საოჯახო საქმეებს მიუბრუნდებოდა.

 

ორი წლის ამადეოს დახასიათებაც დედის დღიურში აისახა: „ცოტა განებივრებულია და ცოტა ჯიუტი, მაგრამ ანგელოზივით საყვარელია“.

 

ვიდრე დედა თავდაუზოგავად შრომობდა, ამადეო ფართოდ გახელილი თვალებით ისრუტავდა ყველაფერს გარე სამყაროდან. როდესაც დედა ფრანგულს სხვებს ასწავლიდა, პატარა ამადეო ყურს უგდებდა და მოსწავლეებზე ადრე ის ალაპარაკდა ფრანგულად.

 

ამადეო ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო, დარდიც უსასრულო იცოდა. ფიზიკურადაც სუსტი იყო და ადვილად ავადდებოდა. 11 წლის ასაკში პლევრიტი გადაიტანა, მერე ტიფიც შეეყარა. ამ დროს იტალიაში ტიფი ყველას მუსრს ავლებდა და ამადეოს გადარჩენის იმედიც არ ჰქონდა არავის. აგონიაში ჩავარდნილი იწვა სარეცელზე და გამუდმებით ბოდავდა: „მე მხატვარი ვარ, მხატვარი ვარ“.

 

მოხდა საოცრება და ამადეო გადარჩა. მშობლებს ის სკოლაში აღარ მიუყვანიათ და პირდაპირ ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში მიაბარეს.

 

1898 წელს ამადეომ კერძო სამხატვრო სტუდიაში დაიწყო მეცადინეობა. ყველაზე პატარა იყო ჯგუფში, სულ 14 წლისა, მაგრამ ყველაზე ნიჭიერი. ოსტატი გულიელმო კელი მასზე ამბობდა, რომ ასაკისთვის შეუფერებლად ოსტატურად ხატავსო.

 

ამადეო მთელი სულით და გულით ეუფლებოდა ხატვის ხელოვნებას. სამხატვრო სტუდიიდან ჯინო რომოტის ატელიეში მიდიოდა და შიშველ ნატურებს ხატავდა.

 

იმის გამო, რომ დროის უმეტეს ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებდა, მისი ისედაც სუსტი ჯანმრთელობა საბოლოოდ შეირყა და 1900 წელს ტუბერკულოზით დაავადდა.

 

ამ დროიდან იწყება მისი მოგზაურობა ჯანმრთელობის აღდგენის იმედით. დედასთან ერთად ნეაპოლში ჩავიდა, შემდეგ რომში და კაპრიზე იმოგზაურა. შემოიარა ფლორენცია და ვენეცია. ყველგან მისი გონება მხოლოდ ხელოვნებას დასტრიალებდა.

 

ამადეო და მისი მეგობარი მხატვარი ოსკარ გილია ფლორენციის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ „შიშველი ნატურის ხატვის თავისუფალ სკოლაში“ ჩაეწერნენ, მხატვარ ჯოვანი ფატორისთან. სწორედ ჯოვანიმ შეასწავლა ორივეს რენესანსიცა და სკულპტურის ისტორიაც. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა მოდილიანი ქანდაკებით და სკულპტურულმა ექსპერიმენტებმა ისე გაიტაცა, რომ ერთხანს თეთრი მარმარილოს საბადოებით განთქმულ ქალაქ კარარაშიც კი მუშაობდა. ამ დროიდან ამადეო სასწავლო სკოლებს სულ უფრო იშვიათად სტუმრობდა და სულ უფრო ხშირი სტუმარი გახდა ყავახანების და საროსკიპოებისა, სადაც საინტერესო ჩანახატებს აკეთებდა.

 

„ჩემი აზრით, ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველგვარ სამყაროზე უკეთესიც“, – ამბობდა ის.

 

1903 წლის 19 მარტს მოდილიანი ვენეციის ნატიფ ხელოვნებათა ინსტიტუტში მიიღეს. მოდილიანი უკვე იქ იყო, სადაც მთელი ცნობიერებით მიისწრაფოდა – მხატვრობის სამყაროში. აქვე გაეცნო ის თანამედროვე ხელოვნებას, ფრანგ იმპრესიონისტებს, სიმბოლისტებს, განსაკუთრებით კი როდენის სკულპტურებით მოიხიბლა.

 

ამადეო მოდილიანს ერთი ოცნება ჰქონდა – პარიზში წასულიყო. იცოდა, რომ იქ XX საუკუნის მხატვართა მექა იყო, სადაც შემოქმედებითი წინსვლის ისეთი საშუალება მიეცემოდა, როგორიც არსად სხვაგან დედამიწის ზურგზე. მაგრამ ამადეოს ამისი სახსრები არ გააჩნდა, თუმცა მისი ბედნიერება ის იყო, რომ დედას სრულად ესმოდა მისი და მზად იყო შეუძლებელიც შესაძლებლად ექცია, რათა შვილის დიდი სურვილი განხორციელებულიყო. დიახ, დედამ შეუძლებელი შეძლო და იმდენი თანხა მოიპოვა, რომლითაც ამადეო პარიზში ჩასვლას შეძლებდა, მერე კი, ... მერე უნდა ებრძოლა და გადარჩენილიყო.

 

პარიზში ამ დროს საუკეთესო პირობები იყო შექმნილი ხელოვანთათვის. ახალგაზრდა და ნიჭიერი მხატვრები აქ პოპულარობასა და სახელს იხვეჭდნენ.

 

დედის ნაჩუქარი ფულით ამადეო კეთილმოწყობილ სასტუმროში დაბინავდა სენის სანაპიროზე. მალე სტუდია იქირავა მონმარტრზე და კოლაროსის აკადემიაში დაიწყო სიარული. გაიცნო მორის უტრილო, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მის მეგობრად დარჩა.

 

ამადეო დაუახლოვდა პიკასოს, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა. დაუახლოვდა პოეტ მაქს ჟაკობს, რომელსაც ხშირად ხატავდა ხოლმე.

ბავშვობაში მოფერებით დედოს ეძახდნენ. პარიზში მოფერებით მოდი შეარქვეს, რაც ფრანგულად დემონს ნიშნავს, თუმცა, არაფერი იყო მასში დემონური, პირიქით, ის ადამიანს აღმერთებდა: „ადამიანი – აი, რა არის ჩემთვის მთავარი, აი, რა მაინტერესებს! ადამიანის სახე ბუნების უმაღლესი ქმნილებაა. ჩემთვის ის ამოუწურავი წყაროა“.

 

მოდი თავდაუზოგავად მუშაობდა. მუშაობით ქანცგაცლილი კი თავაწყვეტილ მონმარტრის ბოჰემურ ცხოვრებას ეძლეოდა. მას არ შეეძლო დაეგეგმა რამე, არ შეეძლო ეზრუნა საკუთარ კეთილდღეობაზე და მომავალზე საერთოდ.

 

ლუდვიგ მეიდნერი ამბობდა: „ჩვენი მოდილიანი, მოდი იყო ტიპიური და ამასთან ძალიან ნიჭიერი წარმომადგენელი მონმარტრის ბოჰემური სამყაროსი, უფრო სწორად, ის იყო უკანასკნელი წარმომადგენელი ბოჰემისა!“.

 

ამადეოს აღარ შეეძლო თავის შეკავება, მის ირგვლივ მორევი ყველაფერს შთანთქავდა. მიუხედავად ამისა, ის თავდავიწყებით და თავდაუზოგავად მუშაობდა. ქვაზე კვეთა მის ჯანმრთელობაზე საშინლად მოქმედებდა, მაგრამ იქამდე მუშაობდა, სანამ ფეხზე დგომა შეეძლო. არც საღებავებით მუშაობა შეიძლებოდა მისი დაავადებული ფილტვებისთვის. მაინც ხატავდა, თუმცა, მისი სურათებით არავინ ინტერესდებოდა და არც იყიდებოდა.

 

მზრუნველი დედა იმდენ ფულს უგზავნიდა, რამდენიც შეეძლო, თუმცა, ეს ფული არასაკმარისი იყო პარიზში საცხოვრებლად, ამის გამო ბინის ქირის გადახდა უგვიანდებოდა და ხშირად იპარებოდა ხოლმე კიდეც ბინიდან, გადადიოდა ერთი სახლიდან მეორეში და თან მხოლოდ პირადი ნივთები მიჰქონდა, ხოლო ზოგჯერ მხოლოდ ის, რაც ჯიბეში ჩაეტეოდა. მიდიოდა და ნაქირავებ ბინაში ტოვებდა ნახატებს, რომლებსაც მერე რა ბედი ეწეოდა, კაცმა არ იცის.

 

„მოდილიანის ნახატები სინატიფის განსახიერებაა. ის ჩვენი არისტოკრატია. მისი ხაზები ხშირად ისე მკრთალია, რომ მოჩვენება გგონია. მოდილიანი განგებ არ აგრძელებს სახეებს, არ აგრძელებს კისრებს. ეს თავისთავად ხდება მის წარმოსახვაში. ასე გვხატავდა ჩვენ კაფე „როტონდაში“ მაგიდას მიმჯდარი, ასეთებს შეგვიგრძნობდა, გვეკამათებოდა და ვუყვარდით. მისი ნახატები უსიტყვო ლაპარაკია“, - ჟან კოქტო

 

პარიზი მოდილიანის ოცნების ქალაქი იყო, მაგრამ აქ არავინ ინდომა მისი აღიარება, რის გამოც სულიერი წინააღმდეგობანი უკიდურესობამდე გაუმძაფრდა. ამგვარ მძიმე ვითარებაში მან დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა, არ დაიბნა, არც სხვის ნიღაბს ამოეფარა, არც ვინმეს მიეკედლა, არც არაფერი დათმო იმისგან, რაც მისთვის ძვირფასი იყო. არც მაშინ და არც შემდგომ მიზნად არ დაუსახავს ვინმეს მოსწონებოდა. ლუკმაპურის საშოვნელად შემოსავლიანი პორტრეტების ხატვა არ დაუწყია.

ამ პერიოდში პარიზში ცხოვრობდა რუსი მწერალი ილია ერენბურგი, რომელიც იცნობდა ამადეო მოდილიანს და წერდა მასზე: მოდილიანს არც მოტყუება შეეძლო და არც მოჩვენება...

 

შექმნა სურათები, რომლებზეც აღბეჭდა ხალხი თავისი დარდით, სინაზითა და განწირულობით. მისი ტილოები შემთხვევითი ხედვა არ არის, მისი ტილოები მთელი სამყაროა, რომელიც შეიცნო მხატვარმა – ერთდროულად ბავშვური ბუნების მქონემ და ბრძენმა, უშუალომ და სუფთამ“.

 

1907 წელს მოდილიანი დასახლდა ახალ ბინაში, სადაც მხატვრები ქირაობდნენ საცხოვრებელს. სახლის პატრონი იყო ხელოვანთა ქომაგი ექიმი პოლ ალექსანდრი. ის კარგად ხედავდა, თუ რა ცუდ დღეში იყო მოდილიანი, რა მძიმედ იყო ავად და როგორ არ აღიარებდნენ. მისი არაღიარების მიზეზი მარტივი იყო: საზოგადოებას კუბისტური ნამუშევრები მოსწონდა. კუბიზმი ერთგვარ მოდად იყო ქცეული.

 

კუბიზმი, როგორც ხელოვნების მიმართულება, 1907 წელს ჩამოყალიბდა. მისი ფუძემდებლები იყვნენ პიკასო და ჟორჟ ბრაკი.

 

პოლ ალექსანდრი თავად ყიდულობდა მოდილიანის ნახატებს, სხვებთანაც უწევდა რეკომენდაციას, თუ სურათს არ იყიდდნენ, პორტრეტი მაინც შეეკვეთათ.

 

ამასობაში ალექსანდრს მოდილიანის ადრეული პერიოდის უძვირფასესი კოლექცია დაუგროვდა: 25 ფერწერული და 450 გრაფიკული სურათი.

 

1907 წელს მოდილიანის რამდენიმე ნაშრომი „შემოდგომის სალონში“ გამოფინეს, იქ, სადაც სეზანის ნამუშევრებიც იყო, მხატვრის, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მოდილიანზე.

 

1908 წელს პოლ ალექსანდრის დაჟინებით მოდილიანმა 5 სურათი „დამოუკიდებელთა სალონშიც“ წარადგინა. მათ შორის იყო ცნობილი ტილო „ებრაელი ქალი“. სამწუხაროდ, მოდილიანის სურათები აქაც შეუმჩნეველი დარჩა. მაგრამ მხატვრის ერთგული მეგობარი პოლ ალექსანდრი არ შეურიგდა ბედს და კიდევ უფრო დიდი გულმოდგინებით შეუდგა ამადეოსთვის შეკვეთების ძიებას. 1909 წელს პირველი შემკვეთიც გამოჩნდა, მოდილიანის „ამორძალი“ უნდა დაეხატა.

 

პარიზში ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მოდილიანის თითო ნამუშევარი უდიდეს ფასს გაიყიდებოდა. დიახ, სულ რამდენიმე წელიწადში ძალიან ბევრს ინანებენ ის ყოყლოჩინა პარიზელები, რომლებიც ახლა ცხვირს უბზუებენ გენიალურ მხატვარს. ბევრს ინანებენ, რომ თავის დროზე არ შეიძინეს მხატვრის თუნდ ერთი ნამუშევარი, რაშიც ეს გენიოსი სულ რაღაც გროშებს ითხოვდა.

 

კაფე „როტონდა“ პარიზის ბოჰემის თავშეყრის ადგილად იქცა. აქ განსაკუთრებით მხატვრების სიმრავლე იყო. კაფეში სულ 12 მაგიდა იდგა, მაგრამ უკვე გამდიდრებულ კუბისტ პიკასოს საკუთარი მაგიდა ჰქონდა. მოდილიანსაც უყვარდა „როტონდაში“ სტუმრობა. ამოჩემებული ადგილი ჰქონდა, სადაც საათობით იჯდა და ჩანახატებს აკეთებდა.

 

„როტონდას“ მფლობელი ლიბიონი ხელოვნებაში დიდად ვერ ერკვეოდა, მაგრამ კეთილი კაცი იყო და იმ მხატვრებსაც უმასპინძლდებოდა, ვისაც გროშიც კი არ ებადა და ზოგჯერ მათ ნამუშევრებსაც ყიდულობდა. სიკეთის კეთებას დიდი მადლი რომ აქვს, ეს ცნობილი ამბავია, მართალია, კაფეს მეპატრონე ლიბიონს მხატვრობისა ბევრი არც არა გაეგებოდა, მაგრამ ის რამდენიმე ნახატი, რომელიც მან მოდილიანისადმი თანაგრძნობის ნიშნად შეიძინა, სულ რამდენიმე წელიწადში უზარმაზარი ღირებულების გახდა. ასეა, უანგარო სიკეთეს ასმაგად გვიფასებს ხოლმე უფალი.

 

(ლადო გუდიაშვილს, რომელიც იმჟამად პარიზში იმყოფებოდა დახელოვნების მიზნით, ერთი მეტად საინტერესო შემთხვევა აქვს აღწერილი: კაფე „როტონდაში“ მოდილიანი მის მოპირდაპირედ მჯდომ ქალს ხატავდა ალბომში. როდესაც ხატვა დაასრულა, ნამუშევარი იმ ქალს მიაწოდა. ქალმა ნახატს დახედა და იუკადრისა, მე არ ვარო და უგულოდ დაუბრუნა ნახატი ავტორს. (რა იცოდა იმ ცხვირაბზიკა ამპარტავანმა, თუ რა ძვირფასი საჩუქარი შესთავაზეს.

 

– ოჰ, ეს ქალები, არაფერი ესმით, – გაბრაზებით თქვა მოდილიანმა).

 

ვინ იცის, იქნებ იმ წუთებში მოდილიანი მშიერიც იყო, მას ხომ არანაირი სახსარი არ გააჩნდა. ავადმყოფი, თუმცა, მეტად მომხიბლველი და პოეტური შესახედაობის ეს გენიალური ხელოვანი განწირული იყო. მისი არ ესმოდათ... ან კიდევ ესმოდათ კიდეც, რომ დიდი მხატვარი იყო, მაგრამ რატომღაც ამას არ აღიარებდნენ. და რატომ არ აღიარებდნენ?

 

რატომ და შურის გამო. კარგის და გენიოსის ყოველთვის შურდათ და ეს შური იგივე მტრობა იყო. აკი სწორედ ამ წლებში თქვა დიდმა ვაჟამ: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო“... და თუ ეს ასე არ იყო, მაშ რატომ დაიტაცეს მოდილიანის ნამუშევრები მისი სიკვდილის შემდეგ? რატომ შეიძინეს მისი ნახატები მათაც, ვინც ზედაც არ უყურებდა და არც არასოდეს შეიძენდა მის სიცოცხლეში მის შედევრებს? ...

 

ვნახოთ, რას წერდა მასზე მისი თანამედროვე და მეგობარი პაბლო პიკასო:

„ის ძალიან ბევრს მუშაობდა. ასეთი მემკვიდრეობა, შედევრების ასეთი პანთეონი რომ შეექმნა, საჭირო იყო მრავალი საათის გატარება მოლბერტთან, მუხლჩაუხრელი შრომა, ფხიზელი თავი და მშვიდი სული. ის მოდელებს თითქოს რენტგენის სხივებში ატარებდა, მათზე ყველაფერს გვიამბობდა. ეს ყველაფერი არამარტო ეჭვქვეშ აყენებს ლეგენდას მის ლოთობასა და მაწანწალობაზე, არამედ უარყოფს კიდეც მას. მოდილიანი მხოლოდ შესანიშნავი პორტრეტისტი კი არა, გენიალური ფსიქოლოგი და ანალიტიკოსიც იყო, ნათელმხილველიც – მის ბევრ პორტრეტში პირდაპირ ნაწინასწარმეტყველებია მათი ბედი, ვისაც ხატავდა“.

 

ამადეო მოდილიანი იყო მხატვარი, რომელმაც მტვრიდან ამოიყვანა ადამიანები, რომელთაც არც კი ამჩნევდა ვინმე და ისინი მსოფლიოს გააცნო. მან თავისი გამახვილებული ალღოს წყალობით ფანქრის რამდენიმე მოსმით დახატა მრავალი ადამიანური დრამა კაფე–ესტრადების უსახელო არლეკინებისა, ღატაკი მომღერლებისა და მენატურეებისა, მონმარტრის ქუჩების მაწანწალებისა და ლოთებისა. მისი ეს ნახატები თვითმყობადი მხატვრის ნამუშევრები იყო. მისთვის ადამიანი მხოლოდ დრამა კი არა, მისტიკაც იყო. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მისი რომელიმე სურათი, თუნდაც სულ პატარა ზომისა და რომელიც ახლა პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ამშვენებს, ვეღარასოდეს დაივიწყებს მოდილიანის – ადამიანზე მლოცველ „დაწყევლილ“ მხატვარს. ...

 

ალბათ შეუძლებელია, ვინმემ გვერდი აუაროს მოდილიანისა და ანა ახმატოვას მეტად შთამბეჭდავი მეგობრობის ისტორიას. ვერც მე ავუვლი გვერდს:

 

1910 წელს გაიცნო ამადეომ ანა. რუსი გოგონა მაშინ სულ 20 წლის იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო, რომ მოდილიანის მომეტებული ყურადღება მიიქცია, რაც მისთვის იშვიათი მოვლენა იყო.

 

შემდგომში, უკვე 1958 წელს ანა ახმატოვა იხსენებდა მხატვარს, რომელიც ერთ დროს პარიზში გაიცნო:

 

„როგორც ახლა ვხვდები, მოდილიანი ყველაზე მეტად მონუსხა ფიქრების გამოცნობის და სხვისი სიზმრების ნახვის ჩემმა უნარმა, ასევე სხვა წვრილმანებმაც, რომლებსაც ჩემი ახლობლები კარგა ხნის წინ მიეჩვივნენ. „ ეს ფიქრების გადაცემაა“, – მეუბნებოდა მოდილიანი და ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათო.

 

მოდილიანი არავის არ ჰგავდა. მისი ხმა სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. უპოვარი იყო, ვერ გამეგო, რით არსებობდა. როგორც მხატვარს, მას აღიარების ჩრდილშიც კი არავინ აყენებდა“.

 

ანა და ამადეო ერთმანეთს ლუქსემბურგის ბაღში ხვდებოდნენ. ამ ბაღში ფასიანი სკამებიც იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის უფასო სკამზე ჩამოსხდებოდნენ ხოლმე. მოდილიანი უქონელი და უარყოფილი, არასდროს არაფერზე წუწუნებდა, არც შიმშილსა და უსახსრობას ახსენებდა, არც იმას, რომ მისი ხელოვნებისა არაფერი გაეგებოდათ. მხოლოდ ერთხელ, 1911 წელს დაუჩივლია: გასულ ზამთარს იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასზეც კი ვეღარ ვფიქრობდიო.

 

შემდეგ ანა იგონებს: „მეჩვენებოდა, რომ მარტოობის მყარი გარსით იყო შემოსაზღვრული. არ მახსოვს, ლუქსემბურგის ბაღში, ან ლათინურ კვარტალში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა მეტად თუ ნაკლებად, ვინმესთან ესაუბრა. არ გამიგია მისგან არც ერთი ნაცნობის, მეგობრისა თუ მხატვრის სახელი. არ მომისმენია მისგან არც ერთი ხუმრობა. არასოდეს მინახავს მთვრალი, არც ღვინის სუნი ასდიოდა ხოლმე. ალბათ სმა მოგვიანებით დაიწყო, ჰაშიში კი უკვე ფიგურირებდა მის მონათხრობში. იმხანად ცხოვრების თანამგზავრი, მეგობარი ქალი არ ჰყავდა. არასდროს მიამბობდა ნოველებს წარსულ სიყვარულზე (რასაც საუბედუროდ ყველანი აკეთებდნენ ხოლმე), ჩემთან არაფერ მიწიერზე არ ლაპარაკობდა. თავაზიანი იყო, მაგრამ არა ოჯახიდან მიღებული აღზრდის, არამედ საკუთარი სულიერი სიმაღლის გამო“.

 

ამადეო ანა ახმატოვას ლუვრში ეპატიჟებოდა. უხსნიდა, მთავარია, ეგვიპტური ხელოვნება შეისწავლო, რადგან ეს ზეხელოვნებააო. ხშირად ხატავდა ანას ეგვიპტელი დედოფლების თავსაბურავებით, ხან კი მოცეკვავის სამოსით... ხატავდა აფრიკული ყელსაბამით, რომელიც მართლაც ჰქონდა ანას. ამადეო ამბობდა, რომ სამკაული მხოლოდ „ველური“ უნდა იყოს, მაშინ აქვს მას ხიბლი და ფასიო.

 

მოდილიანს უყვარდა პოეზია. ახმატოვას ეუბნებოდა, რომ თავადაც წერდა ლექსებს. მერე საათობით იყვნენ ერთად და მალარმეს, ვერლენის, ბოდლერის და ლაფორჟის ლექსებს კითხულობდნენ. ანა იხსენებდა, თუ როგორ ისხდნენ ერთხელ წვიმაში მოდის დიდი შავი ქოლგის ქვეშ და კითხულობდნენ ერთხმად ვერლენს. მათი გემოვნება რომ ასე ემთხვეოდა, ეს ძალიან ახარებდა ამადეოს.

 

ერთხელ ანა და ამადეო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ანა წითელი ვარდების თაიგულით მივიდა... მოდილიანი არ დახვდა. ელოდა, ელოდა... მერე სახელოსნოს ღია კარში ვარდების სროლა დაიწყო... მოდი არ მოდიოდა. ანა წავიდა. მეორე დღეს, როცა ერთმანეთი ნახეს და ანამ ეს ამბავი უამბო, მოდი გაოგნებული იყო: დაკეტილ კარში როგორ შეხვედი და ვარდები როგორ დააწყვეო. არ დამიწყვია, ვისროდიო, ანამ. არ დაუჯერა, ნამდვილად ძალიან სათუთად იყო დაწყობილიო.

 

ამადეომ ანას 16 პორტრეტი დახატა და ყველა მას აჩუქა, ოთახში დაიკიდეო. რევოლუციის წლებში, ცარსკოე სელოში ანას სახლთან ერთად ეს სურათებიც განადგურდა, მხოლოდ ერთი სურათი გადარჩა.

 

რუსეთში დაბრუნებული ანა ახმატოვა, ყველას, ვინც კი პარიზიდან დაბრუნდებოდა, მოდილიანის ამბავს ეკითხებოდა. ყველა მხრებს იჩეჩავდა, არ ვიცითო.

 

ერთხელ, როცა მეუღლე გუმილიოვთან ერთად შვილის სანახავად მიდიოდა, მოდილიანი ახსენა. გუმილიოვმა ჩუმად ჩაილაპარაკა, „მთვრალი საშინელება!“…

 

ამ დროს მოდილიანსაც და გუმილოვსაც მხოლოდ სამი წლის სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი. ანას ორივე ძალიან ეტკინა.

 

მოდილიანის მოგზაურობა დიდად არ უყვარდა, თუმცა კი მოხეტიალე სულის პატრონი იყო. თავისი ნების საწინააღმდეგოდ ხშირად უხდებოდა ადგილის შეცვლა.

 

ხუთი წლის განმავლობაში (1909 – 1914) თორმეტჯერ შეიცვალა ადგილსამყოფელი. იაფფასიანი თავშესაფრიდან კიდევ უფრო იაფფასიანში გადადიოდა. ის თანხასაც ვერ იხდიდა და ისევ უხდებოდა გაქცევა და ახალ თავშესაფარში გადასვლა. ცხადია, ეს არ იყო მისი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ რა ექნა, რა ეთქვა და ვისთვის...

 

მიუხედავად ასეთი უკიდურესი გაჭირვებისა მაინც მუშაობდა. მუშაობისას ყველაფერი ავიწყდებოდა. ვერ გრძნობდა ვერც დროს, ვერც ამინდს, ზოგჯერ მთელ დღეებს მცხუნვარე მზის ქვეშ ან თავშესაფარში ატარებდა. ცუდად იკვებებოდა და სადაც დაუღამდებოდა, იქ უთენდებოდა. ძალიან უყვარდა პარიზის ქუჩებში ღამით ხეტიალი.

 

გადაიღალა, გამოიფიტა. „ფუნჯის თითოეული მოსმა სისხლს მწოვს“, – გამოუტყდა ერთხელ მეგობარს. მეგობარს ვამბობ, მაგრამ აბა, რა მეგობრობაა, როდესაც ერთი ფულში იხრჩობა და მეორე ლუკმაპურის ფულს დაეძებს. როდესაც ერთი, სიცოცხლეშივე მოდად აქცია რა კუბიზმი, მილიონერი გახდა, ხოლო მეორის შედევრებისთვის, მის სიცოცხლეში ზედაც არავის შეუხედავს. როდესაც ერთი ხარივით ჯანმრთელია და სნეული მეგობრის მდგომარეობით არც კი დაინტერესებულა, არათუ დახმარებია. რატომ ითვლება, რომ ისინი მეგობრები იყვნენ, ეს ჩემთვის გაუგებარია...

 

1910 წელს „დამოუკიდებელთა სალონში“ მოდილიანიმ გამოფინა ლივორნოში დახატული რამდენიმე ნამუშევარი. ისინი გამოარჩიეს ხელოვნების დიდმა დამფასებელმა პოეტმა გიიომ აპოლინერმა და კრიტიკოსმა ანდრე სალმონმა. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ არც აპოლინერს, არც სალმონს, არც ჟაკობს, მიუხედავად მოდილიანისადმი დიდი სიყვარულისა, თავიანთ სტატიებში თანამედროვე ხელოვნების შესახებ არაფერი დაუწერიათ მოდილიანის მხატვრობაზე. მაგალითად, სალმონმა 1910 წელს დაწერილ ვრცელ რეცენზიაში „დამოუკიდებელთა“ გამოფენის შესახებ მხოლოდ გაკვრით ახსენა მოდილიანი, მაშინ, როდესაც ქება–დიდება შეასხა კუბისტებს, ფუტურისტებს და „მებაჟე“ რუსოს (გამოგიტყდებით და არც ასეთი „დიდი სიყვარულის“ და მეგობრობის მესმის რამე).

 

პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, უამრავი ადამიანი წავიდა საბრძოლველად, მოდილიანი კი სუსტი ჯანმრთელობის გამო დაიწუნეს. მაგრამ ომში არ წასულან ხარივით ჯანმრთელი პიკასო, დიეგო რივერა, ხუან გრისი, ხაიმ სუტინი, მოსე კისლინგი, მაქს ჟაკობი.

 

ომის წლები მოდილიანიმ პარიზში გაატარა. უმეტესწილად პორტრეტებს ხატავდა, რადგან მისთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ჟანრი. ხატავდა მათ, ვინც საინტერესოდ და ლამაზად ეჩვენებოდა. სხვათა შორის, ანა ახმატოვაც ამბობდა, რომ ზოგჯერ სრულიად ულამაზო ადამიანი მოდილიანის ძალიან ლამაზი ეჩვენებოდა. ამტკიცებდა, რომ მომხიბვლელი და მშვენიერიაო. ანა გვიან მიხვდა, რომ მოდილიანი ადამიანში ნაკვთების წყობის მიღმა პიროვნებას და მისი სულის სილამაზეს ხედავდა.

 

მოდილიანის ერთადერთი დამხმარე, გულშემატკივარი და ნამდვილი მეგობარი პოლ ალექსანდრი ომში გაიწვიეს. ბრძენი ქართველის ნათქვამია: „მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსაო“, და აკი არც გასწირა: მოდილიანს ახალი მეგობარი და გულშემატკივარი მოუვლინა უფალმა – პოლ გიიომი. ეს ახალგაზრდა და ამბიციური სპეციალისტი მოდილიანის დილერი გახდა. ის ამავე დროს გალერეის მფლობელი და კოლექციონერი იყო. მისი დახმარებით მოდილიანმა მონაწილეობა მიიღო 1914 წლის ლონდონში მოწყობილ გამოფენაში. ამავე წელს მოდილიანი კიდევ ერთ, სახელოსნო „ომეგას“ მხატვრების მიერ მოწყობილ გამოფენაში იღებს მონაწილეობას. ამ პერიოდში ამადეო ძალიან საინტერესო პორტრეტებს ხატავს, მათ შორის ხუან გრისისა და ანრი როლანისას. ინგლისელმა ფერმწერმა ავგუსტ ჯონმა მოდილიანის მიერ შექმნილი ერთ–ერთი ქვის ქანდაკება იყიდა. თითქოს გვირაბის ბოლოს პატარა მბჟუტავი შუქი გამოჩნდა, მაგრამ ეს ვერაფერს ვერ ცვლის. მოდილიანი ისევ უფსკრულის პირას რჩება.

 

ზემოთ ამადეოს მეგობრები გავაკრიტიკე და დავიჩივლე, თუ რატომ მოიხსენებიან ისინი ამადეოს მეგობრებად ბიოგრაფებისა და ისტორიკოსების მიერ, როდესაც საქმით არსად არ მტკიცდება მათი მეგობრობა მოდილიანისადმი.

 

ახლა ვნახოთ, თუ თვითონ როგორი მეგობარი იყო ამადეო მასზე გაჭირვებულების მიმართ:

 

როდესაც ამადეომ პარიზში ნახა ერთი სრულიად უპოვარი და უბინაო ებრაელი ბიჭი, ხაიმ სუტინი, რომელიც ბედის საძიებლად მინსკის გუბერნიის ერთი მივარდნილი დაბიდან ჩავიდა პარიზში, თვითონ უპოვარი და უკიდურესად შეჭირვებული ყოველდღიურად ერთ ფრანკს აძლევდა ხაიმს და წამდაუწუმ ჩასჩიჩინებდა: „სუტინ, შენ გენიალური მხატვარი ხარ და ეს კარგად დაიმახსოვრე!“. დიახ, ამადეო ხედავდა მასში უდიდეს ნიჭს, ცდილობდა, ეს ნიჭი არ დაკარგულიყო და თუმცა, ხაიმის აღიარებამდე ჯერ შორი მანძილი იყო, მაგრამ ამადეო წინ და შორს იხედებოდა და ხედავდა ამ აღიარებას.

 

წყარო: ფეისბუქ-გვერდი „დიდი მხატვრები“

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=324086835526042&id=100037741831294

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი