logo_geo
ქართველი არისტოკრატები კოკო შანელის მოდელთა რიგებში
- +

22 აგვისტო. 2020. 13:41

 

 

1921 წლის თებერვალში წითელი  არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ, ძალიან ბევრ ქართველს მოუწია ქვეყნის დატოვება.  ბევრმა მათგანმა თავი საფრანგეთს შეაფარა.

 

ელეგანტურობით, დახვეწილი სტილითა და გემოვნებით გამორჩეული ქართველი არისტოკრატი ქალების ნაწილმა ემიგრაციაში მოდელობა გადაწყვიტა. რამდენიმე მათგანი კოკო შანელის მანეკენიც ( ასე უწოდებდნენ მაშინ მოდელს) კი გახდა.

 

 

მერი შერვაშიძე სწორედ ამ ქალთა რიცხვში იყო. ის უდავოდ იყო XIX-XX საუკუნეების ქართული სილამაზის ელჩი მსოფლიოში. მერი იყო ქალი, რომელიც „შანელის“ მოდის სახლის მოდელად მუშაობდა; ქალი, რომელმაც 1921 წელს მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა; რომელიც რუსმა მხატვარმა, საველი სორინიმ თავის ყველაზე პოპულარულ ნამუშევარში აღბეჭდა და ქალი, რომელმაც, როგორც ამბობენ, გალაკტიონს ლექსების მთელი ციკლი შეაქმნევინა.

 

როგორც ცნობილია, ტრენდად ქცეული შანელის მარგალიტის მძივი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას, პირველად პოდიუმზე მერი შერვაშიძემ გამოიტანა.

 

 

 

შანელის სახლის მოდელი იყო რიმა ერისთავიც, თბილისელი თავადის ქალი. დედამისი, თამარ ერისთავი, მეჯვრისხევში, საგვარეულო მამულში დაიბადა. ის ადრე დაქვრივდა. 1918 წელს კი გაემგზავრა პარიზში, სადაც მოგვიანებით ჩაიყვანა ქალიშვილი, შემდგომში Princesse Rimma Eristoff-ად წოდებული რიმა ერისთავი. ის მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები, რომლებიც გადასცემდნენ საკუთრებაში მათ მიერ შექმნილ ახალ მოდელს, რათა რიმას ჩაეცვა და გამოეჩინა ეს მოდელი მაღალ საზოგადოებაში.

 

კოკო შანელის მუზები იყვნენ მელიტა ჩოლოყაშვილი და მისი ქალიშვილი ლილია ზელენსკაიაც — ჯერ დედა, შემდეგ კი ქალიშვილი.

 

 

ლილია ზელენსკაია

 

კოკო შანელი, რომელიც ქართველ არისტოკრატ ქალებთან თანამშრომლობდა, თურმე ხშირად ხუმრობდა: „ჩემთვის, ოვერნელი პროვინციელისთვის, ნამდვილი თავადები შრომობენო“.

 

გარდა მოდელებისა, მასთან სხვა ქართველებიც თანამშრომლობდნენ – კომპანია „შანელის“ დაუვიწყარი ლოგო, რომელიც პირველად საზოგადოებამ პარიზში 1925 წელს იხილა, ვანო ქუთათელაძეს შეუქმნია. ამბობენ, რომ შანელს ძალიან სჯეროდა სიმბოლოების. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ლოგოზე ერთმანეთში „ჩაწნული“ ორი შებრუნებული ნალია გამოსახული, რაც იღბლის ნიშნად მიიჩნევა. იმასაც ამბობენ, რომ ნალების ღია მხარეებით შანელმა სამყაროს თავის გახსნილობასა და ახალ ხედვაზე მიანიშნაო. თუმცა, ფაქტია ქართველი მათემატიკოსის მიერ შექმნილი ლოგო ერთი საუკუნის შემდეგაც დახვეწილობისა და სტილის სიმბოლოდ მიიჩნევა მთელ მსოფლიოში.

 

 

მელიტა ჩოლოყაშვილი - საველი სორინის ნახატი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი