logo_geo
რატომ გაწირა ბრიტანეთის მეფე გეორგ მეხუთემ თავისი რუსი ბიძაშვილი ნიკოლოზ მეორე
- +

26 აგვისტო. 2020. 17:45

 

 

 

რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე და მისი ცოლი ალექსანდრა ფედოროვნა დიდი ბრიტანეთის მეფე გეორგ მეხუთის ბიძაშვილები იყვნენ.

 

ნიკოლოზს და გეორგს ბავშვობიდანვე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ ხან ინგლისში, ხან დანიაში... მაგრამ როცა ნიკოლოზ მეორეს 1917 წელს ძალიან გაუჭირდა, გეორგ მეხუთემ დახმარებისაგან თავი შორს დაიჭირა - ნიკოლოზ მეორეს და მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცა...

 

როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერატორისა და მისი ოჯახისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხი დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლე მილიუკოვმა დააყენა დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯორჯ ბიუკენენის წინაშე.

 

დროებით მთავრობას არ სურდა, რომ ნიკოლოზის რუსეთში დარჩენით ზედმეტი თავისტკივილი ჰქონოდა.

 

ბრიტანეთის პარლამენტი მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ დათანხმებია რუსეთის თხოვნას, მაგრამ ნიკოლოზ მეორემ ინგლისში გამგზავრების ნებართვა საბოლოოდ მაინც მიიღო...

 

სწორედ ამ დროს გეორგ მეხუთეს „ეჭვი შეეპარა“ პარლამენტის გადაწყვეტილებაში: ნიკოლოზ მეორეს ევროპაში „სისხლიანი იმპერატორის“ სახელი ჰქონდა გავარდნილი (1905 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების მკაცრად ჩახშობისათვის) და თუ მეფე ასეთ პიროვნებას ინგლისში მიიღებდა, რას იტყოდნენ ბრიტანელები?

 

გარდა ამისა, ნიკოლოზ მეორის ცოლს - დედოფალ ალექსანდრა ფედოროვნასაც შელახული რეპუტაცია ჰქონდა - ანტანტის ლიდერები მას თითქმის გერმანიის აგენტად თვლიდნენ, ომამდელი მჭიდრო ურთიერთობის გამო (ალექსანდრა ეროვნებით გერმანელი იყო, ჰესენისა და რეინის დიდი ჰერცოგის ლუდვიგ მეხუთეს შვილი).

 

კიდევ ერთი პრობლემა - გეორგ მეხუთე წინააღმდეგი იყო, მისი ნათესავის ოჯახი ბრიტანეთის კმაყოფაზე ყოფილიყო („სად გვაქვს იმდენი ფული, გაგანია ომი მიდისო“).

 

იმდროინდელი დიპლომატების მემუარებით ირკვევა, რომ ბრიტანეთის მეფე-დედოფალს და მათ გარემოცვას, უბრალოდ, შეეშინდათ.

 

მოკლედ, მალე სანკტ-პეტერბურგში მყოფმა ბრიტანეთის ელჩმა ლონდონიდან საიდუმლო შეტყობინება მიიღო - ეგ საქმე როგორმე ჩაფარცხე და პავლე მილიუკოვი მიახვედრე, არ გვსურს ნიკოლოზ რომანოვის მიღებაო.

 

ასე იყო თუ ისე, პავლე მილიუკოვი იძულებული გახდა, იმპერატორის თავშესაფრის ძიებაში სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის მიემართა - ესპანეთისთვის, საფრანგეთისთვის პორტუგალიისთვის... თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მოწინააღმდეგის გასაჭირი გაიგო, დიპლომატიური არხებით თვით გერმანიის კაიზერი ვილჰელმი დათანხმდა (იგი ნიკოლოზს ნათესავად ერგებოდა, კაიზერი დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი იყო), მაგრამ ახლა უკვე ნიკოლოზ მეორემ თქვა უარი - მტერთან ხომ არ წავალ, რას იტყვის რუსი ხალხიო.

 

 

ამასობაში კი... რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. ყოფილი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე და მისი ოჯახი დააპატიმრეს, ეკატერინბურგში გადაიყვანეს და 1918 წლის 17 ივლისს დახვრიტეს.

 

სიმონ კილაძე

 

 

big_banner
არქივი