logo_geo
"გარდენიას" ისტორიები: 6-წელზე მეტი, ძელის ტახტზე ეძინა კაბაგაუხდელად
- +

5 სექტემბერი. 2020. 01:44

 

 

ბოტანიკოსი, "გარდენიას" მფლობელი ზურაბ შევადრნაძე თავის ბებიას იხსენებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 2018 წლის სტატუსს აზიარებს: ესმა ბებია ასკანელი თალაკვაძის ქალი იყო, ლადიმე ბაბუასთან ერთად წულაძეების ოჯახში, ბახვში 80 წელი იცხოვრა. ერთი ქალი, ქეთო და 4 ვაჟი, შალვა, შოთა, შაქრო და გაბილა გაზარდა. შაქრო და გაბილა ტყუპები იყვნენ. ახოვანი და კარგი შესახედები, ლაღები ყოფილან, მხიარულები და უსაშველოდ შრომისმოყვარე, დიდი ოჯახი ქონდათ.

 


მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ძალიან მალე, ისე, როგორც თითქმის ყველა ოჯახში მოსულა წერილი, ორ უფროს ვაჟს შალვას და შოთას ომში იწვევდნენ. მშვიდად შეხვედრია ბებია ამ ამბავს. ვახშამზე, შუაცეცხლთან ტყუპ ძმებს უთქვამთ, როგორ დავრჩებით შინ, როცა ჩვენი ორი ძმა ომში წავა, ჩვენც წავალთ და მათთან ერთად ვიომებთო. არ შეეწინააღმდეგა შვილებს მამა და ყვებიან, რომ ესმა ბებიამ მოუწონაო კიდეც გადაწყვეტილება ბიჭებს. 

 


ოზურგეთის რკინიგზის სადგურიდან გააცილეს ბახვიდან ბევრი ახალგაზრდა და ესმამ და ლადიმემ 4 ვაჟიშვილი ერთად ომში. ესმას კურცხალი არ გვინახავსო,- ამასაც ყვებიან, იდგა გამეხებული და გულში ლოცულობდაო, თავისთვის...

 


სადგურიდან სოფელში ფეხით დაბრუნებულა. ლამის მთელი სოფელი, დუაბზუში ესმა თანასოფლელებს გამოეყო და ასე ისურვა, ბჟუჯის რიყეს გაუყვა თურმე მარტო. რიყეზუ უპოვნია გახვრეტილი, კარგად მოზრდილი ქვა, ცახოცისთვის ნაპირი ჩამოუხევია და გულზე დაუკიდია.

 

 

 

ზუსტად ეს ამბავი არავინ იცოდა, ქვას საგულდაგულოდ მალავდა თავსაფრებისა და ხილაბანდების ქვეშ. ის კი ყველამ იცოდა, რომ სახლში დაბრუნებულს ლეიბი დაბლა ჩამოუგდია და ექვს წელიწადზე მეტი, კაბაგაუხდელს ძელის ტახტზე, ფარდაგზე ეძინა.

 


ომში წასული ბიჭების უმრავლესობა ქერჩში დაიხოცა, არ დარჩა ბახვში ოჯახი ვინც არ გლოვობდა, დაობლდნენ შვილები, დაქვრივდნენ ქალები, კვირაში ორჯერ, სამჯერ შეიცხადიებდნენ თურმე ხან რომელ და ხან რომელ მეზობელს, მოყვარეს, ნათესავს. ჩვენი სოფლიდან წასული 128 ჯარისკაცი არ დაბრუნებულა შინ. ესმა ბებიამ ყველა იგლოვა, ყველაზე შავი ატარა, ყველა შეიცხადა და საკურთხი უკეთა. თითონ კი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მისი ოთხივე შვილი დაბრუნდება, ვერავინ ვერ უბედავდა შეკითხვას, ცხოვრობდა, შრომობდა,ელოდა..

 


გათავდა ომი, დაბრუნდა შალვა, დაბრუნდა ტყუპისცალი გაბილა, დაბრუნდა შოთა, არ ჩანდა შაქრო.. ესმა ბებიამ ზუსტად იცის, რომ ისიც დაბრუნდება. ომის დაწყებიდან ექვსი წლის თავზე, ტყვედ ნამყოფი, ნატანჯი მაგრამ უვნებელი დაბრუნდა ისიც. მთელი სოფელი მიყოლია შინ შაქრო ბაბუას, ესმას და შაქროს შეხვედრის ამბავს ბევრი ყვება დღესაც. ესმას თვალზე მაშინაც არავის დაუნახავს კურცხალი, მიიღო შვილი, ჩაიკრა, შუბლზე აკოცა, წაღმა დაატრიალა, ხელები ცაში ააპყრო, ღმერთს მადლობა უთხრა, ყველას თანდასწრებით ცახოცი მოიხადა, გულისპირი შეიხსნა, გულიდან გაპრიალებლი, ტარებისაგან კიდეებ დაბლაგვებული ქვა მოიხსნა და ღობეზე დაკიდა, ვითომ და აქ არაფერიო, მეზობლებს თხოვა მომეხმარეთ მეზობლებო, დღეს ჩემს ოჯახში ლხინია და სუფრა გამაშლევინეთო.
შარშანდლამდე ეკიდა ეს ქვა ესმა ბებიას ღობეზე, ვერავინ გაბედა ამდენი წელი მას შეხებოდა.

 


დიდი ნაგრამი დარჩა ბებიას, ვერავინ გაბედა შვილისთვის მისი სახელის დარქმევა.
შარშან, 11 დეკემბერს, ჩემი შვილი დაიბადა, ჩავედი გურიაში, ვამცნე ოჯახს და ნათესავებს ჩემთვის უსაშველოდ სასიხარულო ამბავი და მათგან ვითხოვე უფლება მისთვის ესმა დამერქმია, იმის იმედით, რომ ჩემი ესმას ცოტა მაინც დაემსგავსებოდა დიდ წინაპარს. ქვა კი თან წამოვიღე, ავწონე, კილოგრამს 50 გრამი აკლია...
ზუსტად ასი წელი იცხოვრა ბებიამ, თავიც არ წამოტკიებია..
დღეს ჩემი ესმა ერთი წლის გახდა, ძლიერი გოგო ჩანს..
#გარდენიასისტორიები

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი