logo_geo
შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში რკინა და ტიტანი აღმოაჩინეს
- +

5 ოქტომბერი. 2020. 16:47

 

 

 

KELT-9b ყველაზე ცხელი ეგზოპლანეტაა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. გარდა რეკორდული ტემპერატურისა, ეს გაზის გიგანტი პირველი ეგზოპლანეტაა, რომლის ატმოსფეროშიც ახლახან რკინისა და ტიტანის ატომები აღმოაჩინეს.

 

 

 

უმეტესი ჩვენგანისთვის ეს პლანეტა ერთი რიგითი ცხელი ადგილია ჩვენს გალაქტიკაში, რომელსაც ვერასოდეს ვესტუმრებით. მაგრამ ასტრონომთათვის ის არის ეგზოპლანეტა, რომლის საშუალებითაც უკეთესად სწავლობენ მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებს.

 

პლანეტის ატმოსფეროში არსებულ ელემენტთა გასარკვევად, ევროპელ მეცნიერთა ჯგუფმა კანარის კუნძულებზე განთავსებული სპექტროგრაფის, HARPS-N-ის მონაცემები გამოიყენა.

 

KELT-9b-ის ატმოსფეროს შესახებ ინფორმაცია ასტრონომებმა პირველად შარშან გამოაქვეყნეს. გაირკვა, რომ მისი ტემპერატურა 4300 ° ცელსიუსია.

 

შედარებისათვის — ჩვენი მზის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 6000 ° ცელსიუსია. შესაბამისად, საქმე ეხება წარმოუდგენლად ცხელ პლანეტას.

 

KELT-9b-ის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის მიზეზია მისი ახლო ურთიერთობა დედავარსკვლავ HD 195689-თან (იგივე KELT-9). ეს ვარსკვლავი ჩვენგან 620 სინათლის წლითაა დაშორებული და არის მზეზე ორჯერ მასიური.

 

ძალიან რთულია იმის განსაზღვრა თუ ზუსტად რა მანძილითაა დაშორებული ეს ორი ობიექტი ერთმანეთს, მაგრამ ცნობილია, რომ KELT-9b იუპიტერზე დაახლოებით ორჯერ დიდია და დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 36 საათში ერთხელ. გამომდინარე აქედან, დაშორების მანძილი არც ისე დიდი უნდა იყოს.

 

როგორც თავდაპირველი დაკვირვებები მიუთითებდა, ეგზოპლანეტას ძირითადად წყალბადისგან შედგენილი ატმოსფერო აქვს. მაგრამ პლანეტის ზუსტ მახასიათებელთა გასარკვევად, მნიშვნელოვანი იყო სხვა ელემენტების კვალის პოვნაც.

 

მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურის გამო, მის ატმოსფეროში უნდა ყოფილიყო გარდამავალი მეტალების, მაგალითად რკინის როგორც დამუხტული, ისე თავისუფალად მოხეტიალე ატომები.

 

ცნობილია ის ტემპერატურებიც, რომლებზეც ეგზოპლანეტები მეტალებს აორთქლებენ. მაგალითად, ცხელი იუპიტერის ტიპის კიდევ ერთი ეგზოპლანეტის, WASP-12b-ის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 2000 გრადუსი ცელსიუსია და იქ, ალუმინი და ტიტანი ღრუბლებში დუღს.

 

მაგრამ KELT-9b იმდენად ცხელია, რომ კონდენსაცია შეუძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ატმოსფეროში მეტალშემცველი ღრუბლები ვერ იქნება.

 

რკინისა და ტიტანის შემცველობაზე სპექტროგრაფ HARPS-N-ის მონაცემების შესწავლა მკვლევართა ჯგუფმა შარშან დაიწყო და როგორც ახლა იუწყებიან, პლანეტის ატმოსფერო შეიცავს ორივე ელემენტს, როგორც იონურ, ისე ნეიტრალურ ფორმებში. თუმცა, უცნობი რჩება მათი ზუსტი პროპორციები.

 

მსგავსი აღმოჩენები მეცნიერებს ეხმარება უკეთესი ხელსაწყოების შექმნაში, რომლებითაც ეგზოპლანეტათა სპექტრულ გამოსხივებას სწავლობენ.

 

შესაბამისი ხელსაწყოების არარსებობის გამო, ამ ეტაპზე მეცნიერები იძულებული არიან, შორეულ პლანეტათა შემადგენლობის შესახებ დასკვნები გარკვეულ ვარაუდებზე დაყრდნობით გააკეთონ.

 

შედეგად, აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა მზარდი რიცხვის კვალდაკვალ, მეცნიერები მაინც შეზღუდული არიან იმ გარკვეულ დეტალთა შესწავლაში, რის საშუალებასაც მათი ზედაპირიდან არეკლილი მკრთალი სინათლე იძლევა.

 

მართალია, KELT-9b-ზე ვერასოდეს წავალთ, მაგრამ მისი რკინაშემცველი ცა ნამდვილად არის ის, რაც არაერთ უმნიშვნელოვანეს ცნობას მოგვაწვდის დანარჩენი სამყაროს შესახებ.

 

 

big_banner
არქივი