logo_geo
„დედამიწას სიყვარული ატრიალებს...“ – „სამოსელი პირველი“ და გურამ დოჩანაშვილის უკვდავი ფრაზები
- +

30 მარტი. 2017. 15:28




- ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს.


- სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... ადამიანი ადამიანისთვის დღეა...


- იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო, თქვენს კლდოვან სულში!


- არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი...


- ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.


- ნუ გეწყინება, ზე... ოღონდ იცოდე - ჭეშმარიტად გულადი კაცი რომ გახდე, რაღაცა უფრო ღირებულისთვის უნდა იბრძოდე, ვიდრე ეს გაავებული ხარი თუ გაცოფებული კამეჩია...

თავაპყრობილი, დამდუღრული შესცქეროდა პირველი მწყემსი, დიდი ვაკეირო და როგორც იქნა, ბოლოს გაბედა...

- „თავისუფლება"? მხოლოდ თვალებით იკითხა, მხოლოდ უტყვად იკითხა ზე მორეირამ, „თავისუფლება"? - ასე იკითხა თვალებით მხოლოდ და ენის წვერით ხარბად აილოკა ზედა ტუჩი და შეაცქერდა. - ხო.


- დედამიწას სიყვარული ატრიალებს.


- სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს, არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე არაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა... მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს.


- ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებლები იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს.


- ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, იგივე.


- ისიც იცოდე, ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ, სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს.


- ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.


- დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.


- ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი.


- ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი.


ვეღარ მოითმინა, განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაილუღლუღა:

- ადამიანის სიკვდილი რაღად მაყურებინეთ?

მაშინვე მშვიდად უპასუხეს:

- ადამიანი რომ გყვარებოდა!





 

big_banner
არქივი