logo_geo
ბუს თვალების დნმ-ის განსაკუთრებული ტიპი შესაძლოა, ღამით ხედვის ლინზის როლს ასრულებს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 19:56

 

 

ბუ ერთ-ერთი ის იშვიათი მტაცებელი ფრინველია, რომელიც ღამით ნადირობს. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მათ თვალებში დნმ-ის მოლეკულები ისეა განლაგებული, რომ ბუებს სიბნელეში ძლიერი ხედვის უპირატესობას აძლევს.

 

ახალი კვლევის მიხედვით, ბუნებრივი გადარჩევის პროცესების შედეგად, ბუს თვალის ბადურის უჯრედებში დნმ-მა თავი იმგვარად მოიყარა, რომ ერთგვარი ლინზის ანუ მხედველობის გამაძლიერებლის როლს ასრულებს და ღამით მხედველობას აუმჯობესებს.

 

ეს უჩვეულო თვისება ფრინველებში აქამდე დაფიქსირებული არ ყოფილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფრინველებს შორის მხოლოდ ბუებმა გაიარეს ეს განსაკუთრებული ევოლუციური გზა. ფრინველების უმეტესობა დღის რეჟიმით ცხოვრობს, როგორც ჩვენ, ანუ ყველაზე აქტიურნი დღისით არიან და ღამით სძინავთ.

 

„ბუების მემკვიდრეობით შტოში ჩვენ ვიპოვეთ პოზიტიური სელექციის კვალი მხედველობით აღქმასთან ფუნქციურად დაკავშირებული გენების ევოლუციაში, განსაკუთრებით ფოტოტრანსდუქციასა და ქრომოსომების წყობაში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

 

მკვლევართა ჯგუფმა 20 სხვადასხვა სახეობის ფრინველის გენომი შეისწავლა, მათ შორის იყო ბუს 11 სახეობა; გამოავლინეს, სად მოხდა პოზიტიური სელექცია და სად გადაეცა სასარგებლო მუტაციები თაობიდან თაობას. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ პროცესების უმეტესობა სენსორული აღქმის ზონებშია მომხდარი და სწორედ ამიტომ აქვთ ბუებს ასე კარგი სმენა და მხედველობა.

 

თუმცა, ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა დაჩქარებული ევოლუციის ნიშნები 32 გენში, რაც უფრო მეტად გასაკვირი იყო. ეს გენები დაკავშირებულია დნმ-ის წყობასა და ქრომოსომების კონდენსაციასთან, ისე, რომ ბუს თვალებში მოლეკულების სტრუქტურამ თავი უფრო მეტი სინათლის დასაჭერად მოირგო.

 

ბადურის უჯრედების დნმ-ის მოლეკულის განლაგებაში მსგავსი ცვლილება აქამდე აღმოჩენილი იყო ღამის პრიმატებში; როგორც მათი მოლეკულური სტრუქტურის კომპიუტერული მოდელები მიუთითებდა, მათ სინათლის განაწილება შეუძლიათ.

 

ეს არ გახლავთ ერთადერთი ევოლუციური დახმარება, რომელიც ბუებს აქვთ — უკეთესი ღამის ხედვისთვის ბადურაში მათ ასევე აქვთ ფოტორეცეპტორული უჯრედები, რომლებიც მსხვერპლის დაჭერაში სინათლეშიც უნდა ეხმარებოდეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა ეს მიგნება ჯერ ჰიპოთეტურია, იდეა ნამდვილად დამაინტრიგებელია. გენომების შედარება ასევე მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ბუები ნამდვილად წარმოიშვნენ წინაპრისგან, რომელიც დღის ცხოველი იყო, რადგან მათ გენეტიკაში მომხდარი უდიდესი ცვლილებები დაკავშირებულია ღამით ნადირობის შესაძლებლობის გაზრდასთან.

 

მართალია, ბუებს დღისით მონადირე ცხოველებთან საერთო ბასრი ბრჭყალების სახით შემორჩათ, მკვლევრებმა იპოვეს გენები, რომლებიც ბუების წინაპრებისგან განსხვავდება; მათ შორის ერთ-ერთი კი პოტენციურად აძლიერებს ბუს ბრწყინვალე სმენას, ღამის ხედვას და უზრუნველყოფს რბილ ბუმბულებს უხმოდ ფრენისთვის. თუ კვლევის შედეგები დადასტურდა, გამოდის, რომ ბრწყინვალე მხედველობის ჩამოყალიბებაში ბუს დნმ-ის მოლეკულებიც კი წაეშველნენ.

 

ავტორები იქვე შენიშნავენ, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდია, განსაკუთრებით ბუს თვალების ფოტორეცეპტორების ფუნქციონირების შესახებ. ყველაფერს პირდაპირი დაკვირვებები და ანალიზები დაადგენს და ალბათ უფრო მეტს გვეტყვის იმის შესახებ, როგორ მოიპოვეს ბუებმა ეს ევოლუციური უპირატესობა.

 

კვლევა ჟურნალ Genome Biology and Evolution-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი