logo_geo
Virgin Hyperloop-მა ვაკუმური მატარებლით მგზავრები პირველად გადაიყვანა
- +

9 ნოემბერი. 2020. 16:06

 

 

კომპანია Virgin Hyperloop-ის მატარებელმა, რომლის ბორტზეც ადამიანები იყვნენ, საცდელ ტრასაზე საათში 172 კილომეტრის სიჩქარით გაიარა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მატარებლის პირველი მგზავრები კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. მათ 500-მეტრიანი მონაკვეთი 15 წამში გაიარეს.

 

ჰიპერლუპი სატრანსპორტო სისტემაა, რომელშიც მატარებელი ვაკუმურ მილში გადაადგილდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 1000 კილომეტრზე მაღალი შეიძლება იყოს. იმის მიუხედავად, რომ ტესტის დროს მატარებლის სიჩქარე საათში 172 კილომეტრს არ აღემატებოდა, Virgin Hyperloop-ში მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგიის კომერციალიზაციისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ეს ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ამ სისტემაზე მუშაობს, თუმცა პირველია, რომელმაც მგზავრები გადაიყვანა.

 

Tesla-ს და SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა ასეთი სისტემის კონცეფციის შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა. 4 წლის შემდეგ კი Twitter-ზე დაწერა, რომ აშშ-ის მთავრობისგან ვაშინგტონიდან ნიუ-იორკში ასეთი მიწისქვეშა გვირაბის შექმნის ზეპირი თანხმობა მიიღო. მისი თქმით, მოგზაურობას ამ შემთხვევაში მხოლოდ 29 წუთი დასჭირდებოდა. პროექტის პირველ ეტაპზე ეკოლოგიური ექსპერტიზა მიმდინარეობს, მისი დასრულების კონკრეტული ვადები კი უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი