logo_geo
„რა ბედი ეწია ბავშვს?“
- +

1 აპრილი. 2017. 00:09


 

რა ბედი ეწია ბავშვს? ამ კითხვის მოსმენა 1993 წლის გაზაფხულზე  გაზეთ new york times- ის რედაქციაში ბევრჯერ მოუწიათ. თუმცა რედაქციის პასუხი მკითხველისათვის დამაკმაყოფილებელი ვერ გამოდგა - გაზეთში არ იცოდნენ, მიაღწია თუ არა მშიერმა, მომაკვდავმა გოგონამ კვების ცენტრამდე.


სამხრეთ აფრიკელ ფოტოგრაფს, კევინ კარტერს, სვავისა და პატარა გოგონას  ფოტომ - ალბათ ყველაზე ცნობილმა ფოტომ ფოტოჟურნალისტიკის ისტორიაში - პულიტცერის პრემიასა და ცნობადობასთან ერთად, სტრესი და კრიტიკა მოუტანა.


კევინ კარტერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში დაიბადა. იგი საშუალო კლასის, მხოლოდ თეთრკანიანებით დასახლებულ სამეზობლოში იზრდებოდა. ბავშვობაში კარტერი ხშირად ხედავდა პოლიციის რეიდებს - როგორ აპატიმრებდნენ არალეგალურად მცხოვრებ შავკანიანებს იოჰანესბურგელი პოლიციელები.


კარტერმა სწავლის ბოლო წლებში თავი დაანება ფარმაცევტულ კოლეჯს. ქვეითი ჯარისათვის თავი რომ აერიდებინა, იგი სამხრეთ აფრიკის საჰაერო ძალებში ჩაეწერა, სადაც 4 წლის განმავლობაში მსახურობდა კიდეც. 1980 წელს იგი შეესწრო, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას საჰაერო ძალების მოსამსახურეები შავკანიან ოფიციანტს. კარტერმა დაიცვა ოფიციანტი, თუმცა საჰაერო ძალების სხვა მოსამსახურეებმა მას სცემეს. ამის შემდეგ კარტერმა თვითნებურად მიატოვა სამხედრო სამსახური და „დევიდის" სახელით დაიწყო რადიოდიჯეიდ მუშაობა. საბოლოოდ კი მაინც გადაწყვიტა სამხედრო სამსახურის დასრულება.



1983 წელს იგი პრეტორიაში აფრიკის ნაციონალური კონგრესის სამხედრო ფრთის მიერ ჩარჩ-სტრიტის დაბომბვას შეესწრო. თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 217 კი დაშავდა. ამის შემდეგ კარტერმა გადაწყვიტა, ფოტოჟურნალისტი გამხდარიყო.


1984 წელს ფოტოგრაფმა „იოჰანესბურგის ვარსკვლავში" (Johannesburg Star) დაიწყო მუშაობა. იგი ცდილობდა, ფოტოებით აპარტეიდის სისასტიკე გამოეაშკარავებინა. მან პირველმა გადაიღო სამხრეთ აფრიკული სახალხო დასჯა (ე.წ „ყელსაბამი" - necklacing), როდესაც მოძალადეები მსხვერპლს თავზე წამოაცვამდნენ ცეცხლმოკიდებულ ბორბალს და მას ცოცხლად წვავდნენ.


კარტერი ამის შესახებ წერდა: „მას შემდეგ, რაც რამდენიმეჯერ ვნახე „ყელსაბამი" ახალ ამბებში, ვფიქრობ ხოლმე, ხომ არ ასრულებდა კამერა კატალიზატორის როლს? მესიჯი, რასაც მოძალადეები აგზავნიდნენ, აზრს მხოლოდ მაშინ იძენდა, თუკი მედია გააშუქებდა. ყოველი „ყელსაბამი" გაფრთხილება უფრო იყო, ვიდრე ერთ ადამიანზე ძალადობა. კითხვა, რაც არ მასვენებს, სწორედ ესაა: დაიღუპებოდნენ თუ არა უდანაშაულო ადამიანები, მედიას ეს პროცესი რომ არ გაეშუქებინა"?


შემდეგ იყო „შეშლილთა კლუბი" და სუდანი. კევინ კარტერისა და სხვა ფოტოგრაფების - გრეგ მარინოვიჩის, კენ უსტერბრუკის და ჟოაო სილვას თავგადასავალი აღწერილია სტივენ სილვერის მხატვრულ ფილმში - „შეშლილთა კლუბი".



ფოტოგრაფიის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო - „შიმშილი სუდანში" („გოგონა და სვავი") - კარტერმა 1993 წლის მარტში გადაიღო. იგი მშიერ, გამხდარ ბავშვს უღებდა სურათს, როდესაც გოგონასთან ახლოს სვავი მიფრინდა. კარტერმა რამდენიმე კადრი გადაიღო და ტერიტორია დატოვა. ბავშვის დატოვების გამო კარტერს ხშირად სდებდნენ ბრალს უმოქმედობაში, გულგრილობასა და ეთიკური ნორმების უხეშ დარღვევაში.


კარტერის მეგობარი ფოტოგრაფის, ჟოაო სილვას ვერსიით, ისინი 1993 წელს გაეროსთან ერთად ჩავიდნენ სუდანში. როგორც სილვამ იაპონელ ავტორს, აკიო ფუჯივარას უთხრა, სუდანელი ბავშვის მშობლები გაეროსაგან საჭმლის მიღებით იყვნენ დაკავებული და სულ მცირე ხნით მიატოვეს ბავშვები უყურადღებოდ. სილვას თქმით, სწორედ ამ სიტუაციაში გადაიღო კარტერმა ცნობილი ფოტო.


1993 წლის 26 მარტს კევინ კარტერის „შიმშილი სუდანში" ჯერ new york times -ში გამოქვეყნდა, ხოლო შემდეგ - მსოფლიოს სხვა ცნობილ გამოცემებშიც გამოჩნდა. კევინ კარტერი ამ ფოტოთი ამხელს საზარელ რეალობას - მასობრივ შიმშილს, სიღარიბეს, ავადმყოფობას, ომის სისასტიკეს და შეიძლება ითქვას, ცვლის კიდეც რეალობას - ამის შემდეგ ინტერესდება „ცივილიზებული დასავლეთი" სუდანის ბედით, უგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას...


1994 წლის აპრილში კარტერის ფოტომ პულიტცერის პრემია დაიმსახურა.


კევინ კარტერმა 1994 წლის 27 ივლისს მოიკლა თავი.


 

მეგობრების მიხედვით, კარტერმა თვითმკვლელობაზე საუბარი ღიად დაიწყო. იგი ნერვიულობდა მის მიერ შეუსრულებელ დავალებებსა და უფულობაზე. როცა „ტაიმისაგან" 1994 წელს შემოთავაზება მიიღო მოზამბიკში გამგზავრებაზე, სიამოვნებით დასთანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ სამი მაღვიძარა დააყენა, თვითმფრინავმა მაინც გაასწრო. საბოლოოდ, მან მოზამბიკში 6 დღე გაატარა. ამ დღეების შემდეგ იგი იოჰანესბურგში უნდა დაბრუნებულიყო. თვითმფრინავშიც ავიდა, თუმცა მაშინვე მოულოდნელად ჩამოვიდა და თვითმფრინავის სავარძელზე დატოვა რამდენიმე გაუმჟღავნებელი ფირი - ყველა ის კადრი, რაც მოზამბიკში გადაიღო. ამას მოგვიანებით მიხვდა, როცა უკვე მეგობრის სახლში იყო, აეროპორტშიც დაბრუნდა, თუმცა ვერაფერი გააწყო. მეგობრებთან დაბრუნების შემდეგ კი დაუფარავად საუბრობდა თვითმკვლელობაზე.

 

კევინ კარტერის ფოტოები 


დოკუმენტური ფილმი - კევინ კარტერის სიკვდილი


ლუკა პერტაია


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი