logo_geo
„როგორც იქნა, მივფრინავ!“ - პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებში რა უნდა ვიქონიო?
- +

30 ნოემბერი. 2020. 14:43

 

 

თუ 2020 წელს შექმნილი ვითარების მიუხედავად, მაინც მოახერხეთ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა და სამოგზაუროდაც მიდიხართ (ყველას ძალიან გვშურს!), პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებზე აუცილებლად იზრუნეთ. მისი შემადგენლობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: სად მიფრინავთ, რა სახის აქტივობებს გეგმავთ, აპირებთ თუ არა თქვენი შვილის წაყვანას და გაქვთ თუ არა ქრონიკული დაავადებები. იმისათვის, რომ არაფერი დაგრჩეთ ან თქვენს ჩემოდანში სრულიად უსარგებლო ნივთი არ აღმოჩნდეს, შეფუთვის დროს ჩვენი ჩამონათვალი შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

 

რა უნდა ჩადოთ წელის ან კოსმეტიკურ ჩანთაში?

 

სადაც უნდა მიფრინავდეთ, იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელიც თვითმფრინავში ხელთან ახლოს უნდა გქონდეთ, თითქმის ყოველთვის სტანდარტულია. პანდემიის გამო მას სამედიცინო ნიღაბი დაემატა. ახალი წესების თანახმად, პირბადის ტარება მთელი ფრენის განმავლობაშია საჭირო, მის გარეშე ბორტზე არ დაიშვებით. რა თქმა უნდა, ამავე კატეგორიაშია სადეზინფექციო სითხე!

 

თვითმფრინავში ჰაერის ტენიანობა, როგორც წესი, 10-30% -ით ნაკლებია ვიდრე ჩვენს ყოველდღიურ გარემოში, ამიტომ ფრენის დროს ზოგიერთს თვალების სიმშრალე და ცხვირის ლორწოვანი გარსის გააქტიურება, ტუჩების დასკდომა და კანზე ერთგვარი სიმშრალე აღენიშნება. თუ მსგავსი პრობლემები გქონიათ, შეგიძლიათ თვალის დამატენიანებელი  წვეთები, ცხვირის მარილიანი სპრეი, ჰიგიენური პომადა და ხელის კრემი თან იქონიოთ. მათ, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს, ფრენის დროს სათვალეა რეკომენდებული. თუ ეწევით და წინ ხანგრძლივი ფრენა გელით, შეგიძლიათ ნიკოტინის პატჩები ან საღეჭი რეზინი მოიმარაგოთ.

 

რა უნდა ჩადოთ ხელბარგში?

 

მედიკამენტების ჩადება შეგიძლიათ როგორც ხელჩანთაში, ასევე - ჩასაბარებელ ბარგში. თუმცა აქ გარკვეული ნიუანსებია. ის პრეპარატები, რომლებიც შეიძლება ფრენის დროს ქრონიკული დაავადებების გასაკონტროლებლად (როგორიცაა ასთმა ან დიაბეტი) დაგჭირდეთ ან ის წამლები, რომლებიც ექიმის დანიშნულების გარეშე არ გაიცემა და თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რეკომენდებულია ხელბარგში ჩადოთ. ეს იქნება თქვენთვის ერთგვარი დაზღვევა იმ შემთხვევისთვის, თუ ბარგს რამე დაემართება. თუმცა არც ხელჩანთაზე გაქვთ რამე გარანტია, ამიტომაც უმჯობესია, გარკვეული რეზერვი ბარგში გადაანაწილოთ. მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოწერილ მედიკამენტებზე გარკვეული წესი ვრცელდება. უპირველეს ყოვლისა, თან უნდა იქონიოთ რეცეპტი ან მისი ასლი, იდეალურ შემთხვევაში კი - დანიშნულების ქვეყნის ენაზე შესრულებული თარგმანი.

 

ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება გარკვეული მედიკამენტების შეტანა არ დაუშვას ან მათი დეკლარირება მოგთხოვოთ. გარდა ამისა, შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები იმ პრეპარატის რაოდენობაზე, რომელიც თან მიგაქვთ. ამიტომ მნიშვნელოვანია გაეცნოთ დანიშნულების ქვეყანაში მოქმედ წესებს. ამის გაკეთება ადგილობრივი საბაჟო სამსახურის ვებგვერდზე და აქაც შეგიძლიათ.

 

მოგზაურობის დაგეგმვამდე სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციებს მაინც გაეცანით და გაარკვიეთ, თუ რა დაავადებებია გავრცელებული იქ, სადაც მიდიხართ. ამის გაკეთება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ. მაგალითად, თურქეთი განვითარებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება, თუმცა იქ გამგზავრებამდე მაინც რეკომენდებულია A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება და სპეციალისტები მუცლის ტიფით დაავადების საშიშროების შესახებაც გაფრთხილებენ. სამოგზაურო აფთიაქი, უმჯობესია, ექიმთან შეათანხმოთ: მან შეიძლება გირჩიოთ წამლების ჩამონათვალის განვრცობა ან გამოგიწეროთ დამატებითი პრეპარატი, მაგალითად - ანტიბიოტიკი.

 

თუ ბავშვთან ერთად მოგზაურობთ, ზოგიერთი მედიკამენტის საბავშვო ვარიანტები დაგჭირდებათ (მაგალითად, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი). დანარჩენი სჯობს პედიატრთან განიხილოთ, რათა უსარგებლო და ზოგ შემთხვევაში არც თუ ისე უსაფრთხო წამალი არ წაიღოთ. მაგალითად, ბავშვს ასპირინი არავითარ შემთხვევაში არ დაალევინოთ (ამან შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს).

 

იმ წამლებს შორის, რომლებიც შეიძლება მოგზაურობის დროს დაგჭირდეთ, არის ანტიჰისტამინური საშუალებები (ალერგია შეიძლება დაგეწყოთ ახალ ადგილზე, მაშინაც კი თუ აქამდე არ გქონიათ), ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანტიბაქტერიული პრეპარატები (სასარგებლოა ჭრილობის შეხორცებისთვის), ასევე ანტისეპტიკები, როგორიცაა ქლორჰექსიდინი და წყალბადის ზეჟანგი. ეს უკანასკნელი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია უკვე წარმოიშვა, მცირე ზომის ნაკაწრი ან ნაჩხაპნი კი უბრალოდ  სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. და ბოლოს, მათთვის, ვისაც ერთდროულად რამდენიმე დროის სარტყლის გადალახვა უწევს, ძილის დასარეგულირებლად მელატონინი გამოდგება.

 

რა უნდა ჩადოთ ბარგში?

 

ყველაფერი, რაც ფრენის დროს არ გჭირდებათ, შეგიძლიათ ბარგში გაუშვათ. იდეალურ შემთხვევაში, პირველადი დახმარების კიდევ ერთი ნაკრები აქაც უნდა გქონდეთ  (იმ შემთხვევაში თუ ხელჩანთას დაკარგავთ). ამავდროულად, წესების შესაბამისად, გარკვეული კატეგორიის ნივთები სწორედ ბარგში უნდა მოათავსოთ. მაგალითად, ასეთია მაკრატელი, პინცეტი და შპრიცი. იგივე ეხება თხევად მედიკამენტებსა (სიროფები, ხსნარები, მალამოები, კრემები) და აეროზოლები, თუ მათი მოცულობა 100 მლ-ს აღემატება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ წამლები, რომლებიც ფრენის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ დროს შეიძლება დაგჭირდეთ არა მხოლოდ რეცეპტი, არამედ სამედიცინო ისტორიიდან ამონაწერიც კი. ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია კონკრეტული ავიაკომპანიის ტრანსპორტირების წესებს წინასწარ გაეცნოთ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი