logo_geo
ვინ და როგორ შექმნა ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობაც მეცნიერულად დადასტურებულია?
- +

4 დეკემბერი. 2020. 11:09

 

 

ვაქცინა სახელწოდებით - BNT162b2, რომელიც ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის - „Pfizer“– ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური სტარტაპის - „BioNTech“– ის ერთობლივი ნამუშევარია, გახდა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობაც კლინიკური კვლევებით დადასტურდა. ეს იყო სამეცნიერო წარმატების განსაცვიფრებელი ისტორია, თუმცა „Pfizer“-მა თავის თავზე მხოლოდ კვლევითი და ბიუროკრატიული პროცედურები აიღო, ვაქცინის შექმნა კი სრულად იყო გერმანული სტარტაპის დამსახურება, რომელსაც თურქული წარმოშობის მქონე ცოლ-ქმარი ხელმძღვანელობს. ვინ არიან უგურ შაჰინი და ოზლემ ტიურეჩი, რომლებმაც მსოფლიოს უპრეცედენტოდ სწრაფად SARS-CoV-2– ის საწინააღმდეგო იარაღი აჩუქეს და რომლითაც გერმანული პრესა „გერმანული ბიოტექნოლოგიური Google“- ის დამფუძნებლების ბედს უკვე წინასწარმეტყველებს.

 

როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

 

29 ოქტომბერს, თეთრ პერანგში გამოწყობილმა კაცმა ინტერვიუ მისცა გერმანიის რეგიონული მედიაკომპანია VRM-ის YouTube არხს და საკმაოდ დაბალი ტონალობით მოსაუბრე რესპონდენტი მაინცელი გამოცდილი ჟურნალისტების ფონზე გარკვეულწილად დაიკარგა. ის ახალი კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დეტალურად, თუმცა ერთგვარი ყოყმანით პასუხობდა არც თუ ისე მოტივირებული წამყვანების შეკითხვებს. რესპონდენტმა განაცხადა, რომ შეიქმნა ვაქცინა კომპანიაში, რომელიც მან მეუღლესთან ერთად დააარსა. რამდენჯერმე დაიჩივლა კიდეც, რომ კლინიკური ცდების მესამე ეტაპის შუალედური შედეგები დაგვიანებულია, ამიტომაც ვაქცინის ეფექტიანობაზე საუბარი ჯერ-ჯერობით შეუძლებელია და შესაძლოა, მას სულაც არ ჰქონდეს შედეგი. რესპონდენტმა ემოციები მხოლოდ მაშინ გამოამჟღავნა, როდესაც პასუხობდა კითხვას, მომავალი ვაქცინა მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს შეხვდებოდა თუ არა. „ამ განცხადებას მე ვერ დავეთანმხები!” -თქვა მან.

 

 

ამ თეთრპერანგიან კაცს უგურ შაჰინი ჰქვია და ის მაინცის საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერიმენტული ონკოლოგიის პროფესორია. მაინცში არის რეგისტრირებული კომპანია „BioNTech“-იც, რომელიც მან მეუღლესთან- ოზლემ ტიურეჩთან ერთად 2008 წელს დააარსა. ეს სწორედ ის კომპანია, რომელმაც შექმნა პირველი ვაქცინა და მისი ეფექტიანობა კლინიკური კვლევებით დადასტურდა. „BioNTech“-ის გარდა, გერმანია ვაქცინის მარათონში CureVac-ით (ტუბინგენი) არის წარმოდგენილი, თუმცა, ის ჯერ კიდევ გამოცდის II ფაზაშია. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ საკუთარ ძალებსა და გერმანიის ხელისუფლების მსუყე გრანტს ეყრდნობა, „BioNTech“-მა ჯერ კიდევ გაზაფხულზე ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ „Pfizer“-თან დაიწყო თანამშრომლობა, რომლითაც პასუხისმგებლობები მკაფიოდ განაწილდა. ვაქცინის შექმნაზე პასუხისმგებლობა სრულად გერმანულმა კომპანიამ აიღო, კლინიკური ცდები და ბიუროკრატიული ინსტანციების გავლა აშშ-სა და ევროკავშირში კი ამერიკელებმა ითავეს.

 

 

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ იმ ინტერვიუდან, რომელშიც შაჰინი გულგრილ პროვინციელ ჟურნალისტებს განუმარტავდა თუ რა იყო მისი ვაქცინის მუშაოების პრინციპი, „Pfizer“-მა და „BioNTech“-მა კვლევების მესამე ფაზის წინასწარი შედეგების შესახებ განაცხადეს. თავმდაბალი და მოკრძალებული გერმანელი მეცნიერი ვაქცინის მარათონში მოულოდნელად პირველი ნომერი გახდა. აღმოჩნდა, რომ პრეპარატი სახელად BNT162b2, 90%-ით  ეფექტიანია. ოდნავ მოგვიანებით, როდესაც ანალიზში უფრო მეტი პაციენტი ჩაერთო, „Pfizer/BioNTech“-მა ეს მაჩვენებელი 95%-მდე გაზარდა.

 

 

ამ სიახლემ არა მხოლოდ მსოფლიო საფონდო ბირჟები ააფორიაქა, არამედ მეხის გავარდნასავით იყო სასიხარულო ამბებს მოკლებულ გერმანულ მედიასაშუალებებში. აღმოჩნდა, რომ გერმანელი „მსოფლიოს მხსნელი“ იყო „გასთარბაითერის ვაჟი“ (Gastarbeiter- პირდ. თარგმანი- სტუმარი მუშა, იგივე მიგრანტი მუშა), რომელიც კიოლნის Ford-ის ქარხანაში მუშაობდა, დედა კი გერმანიაში გადასახლებული თურქი ექიმის შვილი იყო. ახალი გერმანული საზოგადოების შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის და ანტიმიგრაციული რიტორიკის საწინააღმდეგოდ უკეთესი ფიგურის მოფიქრება უბრალოდ შეუძლებელი იყო.

 

თურქული ჩაი

 

მეცნიერი ცოლ-ქმარი ნოემბრის თავბრუდამხვევ ამბებამდეც კი გერმანიის ყველაზე მდიდარი ადამიანების ასეულში შედიოდა. ისინი წლების განმავლობაში გერმანულ პრესაში საკუთარი თურქული წარმოშობის შთამბეჭდავი ეგზოტიკური დეტალებით გალამაზებას სულაც არ ცდილობდნენ. ისეთი სათაურების მიღმა, როგორიცაა „გასთარბაითერის შვილობიდან მსოფლიოს მხსნელამდე“, გაზეთებს ვიკიპედიის მწირი ბიოგრაფიული მონაცემების გამოყენება მოუწიათ.

 

შაჰინისა და ტიურეჩის ბიოგრაფია პოზიციების, პასუხისმგებლობების, კვლევითი ცენტრების, პატენტებისა და პუბლიკაციების ჩამონათვალს წარმოადგენს. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ვაქცინის არცერთი შემქმნელი ბიოტექნოლოგი არ არის. ისინი ონკოლოგიურ დაავადებებზე სპეციალიზებული ექიმები არიან. თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია, რომ თავიანთი პირველი სტარტაპი 2001 წელს დაეფუძნებინათ, 2016 წელს კი იაპონური კომპანიისთვის 422 მილიონ ევროდ მიეყიდათ. ერთ-ერთი იმ მცირე „მიგრანტული“ დეტალებიდან, რომელიც პრესისთვის ცნობილი გახდა, არის ის ფაქტი, რომ ცოლ-ქმარმა „Pfizer“-ისგან მიღებული სასიხარულო ცნობა თურქული ჩაით აღნიშნა.

 

განსხვავება მოვლენის მასშტაბსა და იმ გარემოს შორის, სადაც ის მიმდინარეობს, ნამდვილად უჩვეულოა. „BioNTech“-ის შტაბ-ბინა არის ქალაქ მაინცში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფერული რეგიონული დედაქალაქია (რაინლანდ-პფალცის მიწა). ის მდინარე რაინის ნაპირზეა გადაჭიმული და ვენახებით არის გარშემორტყმული. უნივერსიტეტიც კარგია, მაგრამ - მეორეხარისხოვანი, რომელიც გაცილებით დიდი და ბრწყინვალე შესაძლებლობების მქონე მაინის ფრანკფურტიდან ოცდაათი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

 

ამ გარემოცვაში მოკრძალებული მაინცი იკარგება. უგურ შაჰინს საკუთარი მანქანაც კი არ ჰყავს, ის „BioNTech“-ში სამთო ველოსიპედით მიდის, ოფისში არც მიმღები აქვს და არც- სამდივნო. ამავდროულად, ვაქცინის შექმნის მთელი ისტორია თვალშისაცემი და თავბრუდამხვევია თავისი გაბედულებითა და სისწრაფით, რადგან მარათონის პირველობა, ფაქტობრივად, დღეებზე იყო დამოკიდებული.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი