logo_geo
საბჭოთა კავშირის 10 უდიდესი საიდუმლო
- +

6 აპრილი. 2017. 18:05



საბჭოთა კავშირში ძალიან უყვარდათ საიდუმლოებები, თუმცა ვინც უფრო მეტი იცოდა, ხშირად სწორედ მას აჯდებოდა ხოლმე სიკვდილის ბუზი. ინტერნეტში კარგა ხნის წინ გარდაცვლილი სახელმწიფოს ყველაზე გამორჩეული საიდუმლოების ერთგვარი რეიტინგი შეადგინეს, რომელშიც ზოგი კარგად ნაცნობ მოვლენებს ეხება, ზოგი კი შესაძლოა ბევრისთვის სიახლე აღმოჩნდეს.

 

უდიდესი ბირთვული კატასტროფა

Description: http://3.bp.blogspot.com/-Gc204_aRQMo/VRfvljcOz2I/AAAAAAABJcc/0yP7z9sxFJ0/s1600/1.jpg

 

„ბირთვულ კატასტროფაზე" უნებურად ჩერნობილი ან ფუკუსიმა მოგვაგონდება ხოლმე, მაგრამ ცოტამ თუ იცის კიშტიმის ავარიის შესახებ, რომელიც  1957 წელს რუსეთის სამხრეთით, ქალაქ კიშტიმთან ახლოს მოხდა და იმ დროის ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა გახლდათ.


როგორც ჩერნობილის ავარიის შემთხვევაში, კატასტროფის მთავარი მიზეზი ცუდი პროექტირება, უფრო ზუსტად კი, სისტემის გაგრილება გახდა. როდესაც ერთ-ერთი ავზიდან საშიში სითხის დინება დაიწყო, პერსონალმა ის უბრალოდ გათიშა და მთელი წელი  აღარავის დაუკარებია ხელი. უყურადღებობის გამო, ტემპერატურამ 350 გრადუსამდე აიწია და 70-100 ტონა ტროტილის ეკვივალენტი ქიმიური აფეთქება მოხდა, რამაც 160-ტონიანი ბეტონის სახურავი მიწისქვეშეთიდან ჰაერში აისროლა. რადიოაქტიური ნალექები 20 ათას კვ.კმ-ზე გავრცელდა, აფეთქებიდან 10-11 საათის შემდეგ რადიოაქტიურმა ღრუბელმა ჩრდილოეთით 350 კმ-ით გადაინაცვლა. რადიოაქტიური გამოსხივება დაახლოებით 270 000 ადამიანს მისწვდა, ევაკუაციისას კი საცხოვრებელი  11 000 ადამიანს გაუნადგურდა.


მომხდარის შესახებ დასავლეთმა მხოლოდ 1976 წელს შეიტყო, ისიც საბჭოთა ემიგრანტ ჟორეს მედვედევის წყალობით, რომელმაც ტრაგედიაზე მედიას მოუთხრო. ტრაგედიის დეტალები საქვეყნოდ ცნობილი 1989 წელს გახდა, ჩერნობილის აფეთქებიდან 3 წლის შემდეგ.


ადამიანი მთვარეზე - მთვარის პილოტირებული პროგრამა

Description: http://2.bp.blogspot.com/-12lo4BXo7_A/VRfwezhja-I/AAAAAAABJco/W5-bEhxT8JQ/s1600/2.jpg

 

1961 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ განაცხადა, რომ ათწლეულის მიწურულისთვის ადამიანს მთვარეზე დასვამდნენ. მანამდე საბჭოთა კავშირმა რამდენიმე რევოლუციური პროექტი  განახორციელა, როგორიც ორბიტაზე პირველი ობიექტის გაშვება იყო, ასევე, პირველი ცხოველი  და პირველი ადამიანი კოსმოსში. მიუხედავად ამისა, 1969 წლის 20 ივლისს პირველი ადამიანი, რომელმაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე  ფეხი დადგა, არა საბჭოელი, არამედ ამერიკელი ნილ არმსტრონგი იყო. თუმცა საბჭოთა კავშირმა ამ შეჯიბრზე თავიდანვე უარი განაცხადა და 1990 წლამდე მთვარის პროგრამების არსებობას უარყოფდა - ამით ინახავდნენ საიდუმლოდ ინფორმაციას გარკვეულ ექსპედიციებზე, სანამ წარმატებას არ მიაღწევდნენ. 1981 წელს საბჭოთა კავშირმა ნაწილობრივი აღიარება გააკეთა, როცა 1971 წელს გაშვებული უპილოტო ხელოვნური თანამგზავრი „კოსმოსი 434" ავსტრალიის ცაზე გამოჩნდა. ავსტრალიის მთავრობამ იეჭვა, რომ ხომალდზე შესაძლოა, ბირთვული მასალა ყოფილიყო, რის გამოც სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს ახსნა-განმარტების მიცემა მოუხდა, რომ ეს იყო მთვარის ექსპერიმენტული კაბინა, პროგრამის სხვა დეტალები, როგორიცაა საცდელი გაშვებები, საიდუმლოდ დარჩა.

წარუმატებლობის გამო, საბჭოთა კავშირმა მთვარეზე დაშვების პროგრამა საბოლოოდ 1976 წელს დახურა.


ხელოვნების განძი

Description: http://1.bp.blogspot.com/-DOFQ2L7OcOY/VRfwlwhKVuI/AAAAAAABJcw/EfgQLFIKKGw/s1600/3.jpg

 

1990-იანებში ჟურნალისტებსა და დიპლომატებს წარუდგინეს მუზეუმი, რომელიც უზბეკეთის შორეულ ქალაქ ნუკუსში მდებარეობდა. მუზეუმში ხელოვნების ასობით ნიმუში ინახებოდა, რომლებიც სტალინის რეჟიმის საწყის პერიოდში შეიქმნა. ეს ის დრო იყო, როდესაც მხატვრებს აიძულებდნენ, შემოქმედებისას კომუნისტური პარტიის იდეოლოგიით ეხელმძღვანელათ. ნებისმიერი ღირებული და საინტერესო ნაშრომი, რომელიც ამ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა, დასაკარგად ან განადგურებისთვის იყო განწირული და ასეც მოხდებოდა, რომ არა კოლექციონერი იგორ სავიცკი. ის ფერმწერებს სტუმრობდა და არწმუნებდა მათ და მათი ოჯახის წევრებს, მისთვის მიენდოთ ნამუშევრები, რომლებსაც შემდგომ ნუკუსში ინახავდა, ასობით კმ სიგრძის უდაბნოთი გარშემორტყმულ ქალაქში. ეს მოვლენა საინტერესოა იმ მხრივ, რომ ხელოვნების ნიმუშები არა მარტო დასავლეთის,  არამედ მჩაგვრელი საბჭოური რეჟიმის თვალსაც ემალებოდა. სხვა საკითხია, რამდენად ღირებულია ნიმუშები შემოქმედების თვალსაზრისით, მაგრამ ისტორიული კუთხით მათ უდავოდ დიდი ღირებულება აქვთ.


კოსმონავტის სიკვდილი

Description: http://3.bp.blogspot.com/-ADZvJbJSu9Q/VRfwtWyZsSI/AAAAAAABJc4/96DiVir3KYw/s1600/4.jpg

 

საბჭოელებმა არა მარტო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაცია გაასაიდუმლოეს, არამედ პირველი კოსმონავტის სიკვდილიც.


ვალენტინ ბონდარეკნო 1961 წლის მარტში გამოცდის დროს დაიღუპა. დასავლეთისთვის მისი არსებობა 1982 წლამდე, ფართო საზოგადოებისთვის კი - 1986 წლამდე იყო უცნობი.


სპეციალურ კამერაში მოთავსებულმა ბონდარენკომ სერიოზული შეცდომა დაუშვა - მას შემდეგ, რაც მოიშორა სამედიცინო სენსორი და კანი ალკოჰოლიანი ბამბით გაიწმინდა, ბამბა ცხელ ფირფიტაზე დააგდო, რომელზეც ჩაის ადუღებდა ხოლმე. ბამბა მაშინვე აალდა და ცეცხლმა სწრაფად გაძლიერება დაიწყო, რადგან კამერაში ჰაერის მინიმუმ 50 პროცენტი ჟანგბადი იყო. ბონდარენკომ ალის ჩაქრობა სახელოთი სცადა, რის შემდეგაც ცეცხლი მის ტანსაცმელს მოედო. კარის გაღება მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოხერხდა და ამ დროს კოსმონავტს უკვე მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. ფეხისგულები იყო სხეულის ერთადერთი ადგილი, რომელიც ცეცხლს გადაურჩა. მხოლოდ აქ მოახერხა ექიმმა სისხლძარღვის პოვნა, რათა ნემსი გაეკეთებინა. თმა, კანი და თვალები ცეცხლს გაენადგურებინა. მან გაჭირვებით მხოლოდ ესღა ამოილუღლუღა: „საშინლად მტკივა... გთხოვთ, რამე იღონეთ... გამიყურეჩეთ ტკივილი..." 16 საათში ბონდარენკო მიღებული დაზიანებებისა და შოკის შედეგად გარდაიცვალა.


ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი შიმშილობა

Description: http://3.bp.blogspot.com/-s9hWMLXJDxU/VRfxEx9qY7I/AAAAAAABJdA/d_KMPMF9wP0/s1600/5.jpg

 

1932 წლის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული. გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, რიგი საბჭოური ეკონომიკური ცვლილებების შედეგად სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და საბოლოო შედეგი უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ვოლგის რეგიონსა და ყაზახეთში რამდენიმე მილიონი ადამიანის სიკვდილი აღმოჩნდა. ალბათ, რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა დაუმალო მსოფლიოს მსგავსი მოვლენა, მაგრამ სტალინი და მისი მოკავშირეები ამას ახერხებდნენ - ყველანაირ ინფორმაციას ანტისაბჭოურ პროპაგანდად რიცხავდნენ.  გარკვეული ცნობები „ნიუ-იორკ ტაიმსმა" და  რამდენიმე გაზეთმა გააჟღერეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის მთავრობამ მოიწვია გავლენიანი უცხოელები და წინასწარ დაგეგმილი სცენარი გაითამაშა: მაღაზიები საკვებით აავსეს, ქუჩები დარეცხეს და დაასუფთავეს, გლეხები და ზოგადად, ჩვეულებრივი მოსახლეობა კომპარტიის წევრებით ჩაანაცვლეს. სტუმრებსაც სხვა არაფერი დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ეთქვათ, ხმები მასიურ შიმშილობაზე მხოლოდ ჭორიაო. უფრო მეტიც, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინა აღწერა, როგორც მთლიანად „აყვავებული ბაღი".


მონაცემების დეკლასიფიცირება და ანტისაბჭოური პროპაგანდის სტატუსის მოხსნა მხოლოდ 1990 წლიდან დაიწყო.

 

კატინის ხოცვა-ჟლეტა

Description: http://4.bp.blogspot.com/-hWHNtBRdipc/VRfxbo4jV8I/AAAAAAABJdI/Ej2ovTT1xBI/s1600/6.jpg


ლავრენტი ბერიას ინიციატივითა და სტალინის მხარდაჭერით, 1940 წელს საბჭოელებმა 22 000-ზე მეტი პოლონელი პატიმარი დახვრიტეს და საერთო სასაფლაოზე დამარხეს. დახოცილთა შორის იყვნენ პოლიციელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, მღვდლები და ა.შ. კომუნისტებმა ამ ამბავში ოფიციალურად ნაცისტები დაადანაშაულეს და მომხდარზე პასუხისმგებლობა 1990 წლამდე არ აუღიათ.


ეს ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ დამალვაში მონაწილეობდა არა მარტო საბჭოთა კავშირი, არამედ მისი მოკავშირე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები. ლონდონში მცხოვრები პოლონელების მსგავსად, ჩერჩილიც იზიარებდა იმ პოზიციას, რომ ეს ბოლშევიკების ნამოქმედარი იყო. მიუხედავად ამისა, ის მოუწოდებდა პოლონეთის დევნაში მყოფ მთავრობას, შეეწყვიტათ ბრალდებები. ფრანკლინ რუზველტიც ანალოგიურად არავის რთავდა სტალინის დადანაშაულების ნებას. ფაქტობრივად, ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში ამ საკითხზე სიმართლეს ღაღადებდა, ნაცისტური გერმანია იყო.

 

ეკრანოპლანი

Description: http://4.bp.blogspot.com/-kYVm1dUxncM/VRfxoqMehOI/AAAAAAABJdQ/wIZArLw6-ks/s1600/7.jpg

 

1966 წელს ამერიკულმა ჯაშუშურმა თანამგზავრმა დააფიქსირა ობიექტი, რომელიც გამოიყურებოდა, როგორც დაუსრულებელი რუსული საზღვაო თვითმფრინავი. ის ზომაში უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე ამერიკული თვითმფრინავები. უფრო მეტიც - ექსპერტების დაანგარიშებით, შესაბამისი ზომის ფრთებიც რომ ჰქონოდა, ნორმალური ფრენა ძალიან გაუჭირდებოდა. ამერიკელები საგონებელში ჩავარდნენ, მაგრამ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეძლეს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.


აღმოჩნდა, რომ ეს იყო ე.წ. კასპიის ზღვის მონსტრი, ერთ-ერთი ეკრანოპლანი - შუალედური ვერსია თვითმფრინავსა და გემს შორის. დიზაინი იმგვარად იყო შექმნილი, რომ წყლის ზედაპირიდან ან ხმელეთიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა.


მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დაფინანსება, ფაქტობრივად, შეუზღუდავი იყო, მისი სახელიც ხსენებაც კი იკრძალებოდა.


ეკრანოპლანებს შეეძლოთ ასობით ადამიანის ან რამდენიმე ტანკის დატევა, მოძრაობდნენ რადარით აღმოჩენის არეალის ქვემოთ 560-740 კმ/სთ სიჩქარით. მათ სჭირდებოდათ ნაკლები საწვავი, ვიდრე თანამედროვე სატვირთო თვითმფრინავებს, მათ აღემატებოდნენ ზომაშიც. საბჭოელებს აგებული ჰქონდათ „ბოინგ 747"-ზე 1,5-ჯერ გრძელი ეკრანოპლანი, რომელიც რეაქტიული თვითმფრინავის 8 ძრავითა და ბირთვული რაკეტების 6 სატყორცნი დანადგარით იყო აღჭურვილი.

 

ისტორიაში ყველაზე საშინელი სარაკეტო მარცხი

Description: http://1.bp.blogspot.com/-r7XQB_Cyd8E/VRfx-EGzGUI/AAAAAAABJdY/QpAYOrWe3Ns/s1600/8.jpg

 

საბჭოელების უყურადღებობასა და დაუდევრობას მხოლოდ ბირთვული კატასტროფა არ გამოუწვევია. 1960 წლის 23 ოქტომბერს ისინი ახალი, განსაკუთრებით საიდუმლო საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის „ერ-16"-ის გასაშვებად ემზადებოდნენ.


ახალი ტიპის საწვავით აღჭურვილი რაკეტა სპეციალურ სადგამში მოათავსეს, გარშემო კი უამრავი სპეციალისტი ეხვია. ცოტა ხანში რაკეტიდან აზოტმჟავამ დაიწყო გაჟონვა. ერთადერთი გონივრული გამოსავალი ყველას სასწრაფო წესით ევაკუაცია იყო, მაგრამ პროექტის ხელმძღვანელმა მიტროფან ნედელინმა გაჟონვის ადგილების ამოვსება და ამ გზით დაზიანების გამოსწორება ბრძანა. როდესაც გარდაუვალი აფეთქება მოხდა, სადგამში მყოფი ეკიპაჟის წევრები ადგილზე დაიღუპნენ.  ტემპერატურა იმდენად გაიზარდა, რომ გუდრონირებული გზატკეცილი დაადნო, რის გამოც უამრავი ადამიანი, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, რბილ მასაში გაიჭედნენ და ცოცხლად დაიწვნენ.

მთლიანობაში 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ეს შემთხვევა ისტორიის ყველაზე საშინელ სარაკეტო მარცხად სავსებით სამართლიანად სახელდება.


ცხადია, საქმეში საბჭოთა პროპაგანდის მანქანა ჩაერთო და ამბავი მიჩქმალა, ნედელინის სიკვდილის მიზეზად კი თვითმფრინავის ავარია გამოაცხადეს. მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა პირველი ანგარიში, მოგვიანებით კი დაღუპულთა პატივსაცემად ინციდენტის ადგილას ობელისკი დაიდგა.

 

ყვავილის ეპიდემია

Description: http://1.bp.blogspot.com/-rNW1IEXNND4/VRfyJgkrINI/AAAAAAABJdg/diZz46-Koeg/s1600/9.jpg


1948 წელს საბჭოთა კავშირში, არალის ზღვაში, ერთ-ერთ კუნძულზე ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად საიდუმლო ლაბორატორია შეიქმნა. მთავარი მიზანი იყო, ციმბირის წყლული და ბუბონის ჭირი იარაღად ექციათ. მათ ასევე განავითარეს ბიოლოგიური იარაღი დაავადება ყვავილისგან, 1971 წელს კი ექსპერიმენტისას ვირუსი მოულოდნელად და თან საკმაოდ სწრაფად მოსახლეობაში გავრცელდა (უცნობია, გამიზნულად თუ შემთხვევით). 10 ადამიანი დაავადდა, მათგან 3 კი გარდაიცვალა.


სასწრაფო წესით მოხდა ასობით ადამიანის კარანტინში მოთავსება, ხოლო ახლომახლო მცხოვრებ 50 000 ადამიანს 2 კვირის განმავლობაში უკეთებდნენ ვაქცინას.


ფართო საზოგადოებისთვის ეს ინციდენტი მხოლოდ 2002 წელს გახდა ცნობილი, მიუხედავად მისი მასშტაბებისა და დოკუმენტურად აღრიცხული ინფორმაციისა, მანამდე მოსკოვი არც კი აღიარებდა ამ მოვლენის არსებობას. რთული წარმოსადგენი არაა, რა მოხდებოდა, ეს იარაღი რომ ტერორისტების ხელში აღმოჩენილიყო.

 

ათობით საიდუმლო ქალაქი

Description: http://4.bp.blogspot.com/-OucPlKrH9u0/VRfyfESeIzI/AAAAAAABJdo/uLl_kwyVkbE/s1600/10.jpeg

 

სამხრეთ რუსეთში არსებობს ქალაქი, რომელიც წარსულში რუკაზე აღრიცხული არ ყოფილა. იქ არ ჩერდებოდნენ ავტობუსები და მისკენ მიმართულებას საგზაო ნიშნებიც არ უთითებდნენ. ამ ქალაქს ოზიორსკი ჰქვია და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად იქ      80 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წარსულში მასზე მცირეოდენს თუ ჰქონდა ინფორმაცია. გასაიდუმლოების პერიოდში მოიხსენიებოდა, როგორც ჩელიაბინსკ-65, თუმცა ამ უკანასკნელისგან 80-დე კმ აშორებდა.


რუსეთში  მხოლოდ 1986 წელს გაიგეს მის შესახებ. ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ ოზიორსკში ბირთვული საწვავის ქარხანა იყო, რომელშიც 1957 წელს ცისტერნა აფეთქდა. ქალაქის გასაიდუმლოების გამო, კატასტროფას სახელი ეწოდა 10 კმ-ის მოშორებით მდებარე ქალაქის, კიშტიმის მიხედვით. ოზიორსკი მხოლოდ ერთ-ერთია საბჭოთა კავშირის დროს ათობით საიდუმლო ქალაქიდან.


ჯერჯერობით მხოლოდ 42 მათგანია ცნობილი, თუმცა არის ეჭვები, რომ მსგავსი კიდევ, მინიმუმ 15 ქალაქი უნდა არსებობდეს. ამ ქალაქების მოსახლეობას მიეწოდებოდა უკეთესი საკვები, ჰქონდა გაუმჯობესებული სკოლები და ზოგადად ცხოვრების პირობები.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი