logo_geo
რატომ არის TikTok-ი პოპულარული? რას სთავაზობს ეს ონლაინ პლატფორმა თავის მომხმარებლებს?
- +

4 იანვარი. 2021. 15:03

 

 

2020 წელს TikTok-ი მსოფლიოში ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაცია გახდა. ეს ონლაინ პლატფორმა ადრე ძირითადად ცეკვის ვიდეოების ასატვირთ ადგილად ითვლებოდა. ამჯერად კი აქ თავიანთ ანგარიშებს მედიასაშუალებები, სამინისტროები და მუზეუმები, ცნობილი ადამიანები და ლუქსბრენდები ხსნიან. TikTok-მა ონლაინ შემოქმედებისადმი მიდგომაც შეცვალა. ადრე მთავარ შემოქმედებით ერთეულად ითვლებოდა ადამიანი, რომელიც კამერებითა და სამონტაჟო კომპიუტერით იყო აღჭურვილი. ახლა კი TikTok-კრეატორებს აქვთ ტელეფონი, რომელსაც გადაღების გარდა მომენტალური ვიდეორედაქტირებაც შეუძლია.

 

 

წელს TikTok-ის პოპულარობამ აჩვენა, რომ გართობა, შემოქმედებითი ჩანაფიქრის რეალიზება და სხვადასხვა ინსპირაციული აქტივობა თვითიზოლაციის პირობებშიც არის შესაძლებელი. ისინი კი, ვისაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს, შემოქმედებითად წარმოაჩენს რაიმე სიუჟეტს, კულინარიულ რეცეპტს ან პრაქტიკულ რჩევას, მილიონიან აუდიტორიას სწრაფად იპყრობენ.

 

TikTok-ი ჰიტებსა და ახალ ვარსკვლავებს ქმნის

 

TikTok-ი მუსიკალური მომსახურების პლატფორმა არ არის. თუმცა მუსიკა აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ის მომხმარებელთა შემოქმედების საფუძველი ძალიან ხშირად ხდება. როგორც წესი, აქ ადამიანები ახალ შემსრულებლებს აღმოაჩენენ. თუკი ადრე კლიპებს თავად არტისტები იღებდნენ, ახლა ეს როლი TikTok-მა შეითავსა. ტრეკების გამოყენება და მათი ხელახლა წარმოდგენა თვითგამოხატვის ახალი ფორმა  ხდება. ამავდროულად, კარგად მორგებული ვიდეოები კომპოზიციების წარმატებაზე ძალიან მოქმედებს. შესაბამისად, ეს ონლაინ პლატფორმა შემსრულებლების პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება. TikTok-ზე განთავსებული ვიდეოები ძალიან მოკლეა, ამიტომაც ისინი კომპოზიციების ყველაზე მკვეთრ მონაკვეთზეა ფოკუსირებული. თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლის მათ, მუსიკალურ ჩარტებში წამყვანი პოზიციები დაიკავონ.

 

 

ეს მხოლოდ ახალ მუსიკალურ ნაწარმოებებს არ ეხება. TikTok-ს შეუძლია ძველი სიმღერა მოულოდნელად ჰიტად აქციოს. მაგალითად, ჯგუფ Fleetwood Mac-ის სიმღერა Dreams-ის გაყიდვები, სწორედ TikTok-ის წყალობით, თითქმის გაორმაგდა. ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რიგითმა მოქალაქემ ნათან აპოდაკამ სწორედ ამ სიმღერის ფონზე გადაიღო ვიდეო, რომელიც ვირუსული გახდა. ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია - Megan Thee Stallion, რომლის ტრეკი Savage-ი TikTok-ზე  მეხივით გავარდა: ის 30 მილიონ ვიდეორგოლში გამოიყენეს!

 

TikTok-მა სამზარეულოშიც შეაღწია

 

TikTok-ზე თვითგამოხატვის ერთ-ერთი გზა საჭმლის მომზადებაა. როგორც წესი, ამ ონლაინ პლატფორმაზე პოპულარულია არა ყველაზე რთული, არამედ ლამაზი და საინტერესო კერძი. ეს ყველაფერი კი ეფექტებისა და კარგი მონტაჟის გარეშე ვერ გამოვა, რადგან TikTok-ი ამის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ასე იქცა მთავარ ჰიტად ყავა დალგონა - სამხრეთ კორეული ცივი ყავა, რომელმაც პანდემიის პირველი ტალღის დროს ინტერნეტი, ფაქტობრივად, ააფეთქა. TikTok-ის ვირუსულ რეცეპტებში შედის სტაფილოს ბეკონი, მიკროფენქეიქები და უახლესი ტრენდი- ბომბები ცხელი შოკოლადით.

 

TikTok-ი ცოტ-ცოტა ყველაფერს გასწავლით

 

ტიკტოკერები არა მარტო კულინარიულ რეცეპტებს წარმოადგენენ, არამედ თავიანთ მაყურებლებს სხვადასხვა ნივთის დამზადებასაც ასწავლიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ორიგინალურ და შემოქმედებით ფორმატში ხდება. შესაბამისად, პლატფორმაზე ჩნდება სულ უფრო მეტი edutainment-ვიდეო, რომლებიც საგანმანათლებლო და გასართობ ფუნქციას ერთდროულად ატარებს.

 

 

TikTok-ის ვიდეოები საქმის ძალიან გამარტივებას ნიშნავს. თავად ტიკტოკერების განმარტებით, ინგლისურენოვან სტატიას რამდენიმე ათასი ადამიანი თუ წაიკითხავს და მათგან მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა თუ ისწავლის რაღაცას. 5-მილიონიანი აუდიტორიისთვის მომზადებული ვიდეოდან კი ათასი მაინც რაიმეს გაიგებს. გარდა ამისა, გასართობი პრეზენტაციების წყალობით, ისინი, ვინც იქამდე ინგლისური ენით არ დაინტერესებულან, ადრე თუ გვიან აქამდე მაინც მივლენ.

 

 

TikTok-ი  პოპულარობას მარტივად აღქმადი შინაარსით იძენს. ამ ონლაინ პლატფორმის მუშაობის ალგორითმს თავად ცნობილი ტიკტოკერებიც ვერ ხსნიან. მათი განმარტებით, ხანდახან არაფრით გამორჩეული ვიდეო ძალიან პოპულარული ხდება, ზოგჯერ კი დიდი ხნის ნაფიქრი ნამუშევარი სრულიად უხმაუროდ ჩაივლის.

 

TikTok-ზე მემები და ტრენდები იბადებიან

 

TikTok-ზე დაბადებული  ფრაზები და მოძრაობები ონლაინ პლატფორმის საზღვრებს მომენტალურად ცდება და მემებად გადაიქცევა. პანდემიისა და სოციალური დისტანცირების პირობებში ადამიანებს გართობისა და ერთად ყოფნის საშუალება არ ჰქონდათ. სწორედ აქედან წარმოიქმნა ეს დაუსრულებელი გამოწვევები, რომლებიც კომუნიკაციისა და თანაშემოქმედების ცალკე ტიპად ჩამოყალიბდა. მაგალითად, Fake Plane Challenge-ის ფარგლებში, მომხმარებლებმა სახლში შექმნეს ილუზია, რომ ისინი თვითმფრინავით მიფრინავდნენ (ილუმინატორის ნაცვლად, შეიძლებოდა სარეცხი მანქანის კარი ყოფილიყო). თვითიზოლაცია ადამიანების გაერთიანებისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მიზეზიც  გახდა. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ავტორმა გადაიღო ვიდეო ტრეკზე -Bored in the house, რომელშიც ისინი ერთმანეთს კარანტინში თავიანთ ცხოვრებაზე უყვებიან.

 

TikTok-ი ფეშენ-ინდუსტრიასაც ავითარებს?

 

TikTok-ზე სულ უფრო მეტი ბრენდი და ფეშენ-ინფლუენსერი ჩნდება. ონლაინ პლატფორმაზე თავიანთ ანგარიშებს ქმნიან როგორც ახალგაზრდა დიზაინერები, ისე ისეთი გიგანტები, როგორიც არის Fendi, Gucci, Dolce & Gabbana. ამ უკანასკნელებმა, სხვათა შორის, შექმნეს საკუთარი საუნდტრეკი, გამოიგონეს ცეკვები და ტიკტოკერებს მათთვის ვიდეოების გადაღებისკენ მოუწოდეს. 2020 წლის ოქტომბერში TikTok-მა ჩაატარა საკუთარი ალტერნატიული მოდის კვირეული, რომელზეც წარმოდგენილი იყო ვირტუალური შოუები, სემინარები და წვეულებაც კი. ღონისძიების ვიდეოების ნახვა შეგიძლიათ შემდეგი ჰეშთეგებით- #TikTokFashionMonth, #GetTheLook და # Fashion101. აღნიშნული ონლაინ პლატფორმის სარგებელზე სულ უფრო მეტი ფეშენ-ინფლუენსერი საუბრობს. ისინი  თავიანთ აუდიტორიასთან კონტაქტობენ, მოდის მიმართულებით რჩევებს აძლევენ და მოკლე ვიდეოების ფორმატში გარკვეულ ტრენდებს ქმნიან. აქვე ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ TikTok- ის იდეალური პოსტი უნდა იყოს მარტივი, გასაგები და გულწრფელი.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/theme/704/ratom-aris-tiktoki-popularuli-ras-stavazobs-es-onlain-platporma-tavis-momkhmareblebs

 

 

big_banner
არქივი