logo_geo
როგორ უმკლავდება იზოლაციას ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი
- +

19 იანვარი. 2021. 20:55

 

 

„ვფიქრობ, ადამიანები სულ უნდა ეხუტებოდნენ ერთმანეთს. მე ძალიან მიყვარს ადამიანებთან ჩახუტება, მაგრამ აი, უკვე მეშვიდე კვირაა, ამის გაკეთება არ შემიძლია. პატარა, დახურულ სივრცეში მარტო დარჩენა – გარეთ გასვლის შესაძლებლობის გარეშე – საშინელებაა. ძალიან ბევრი ძალისხმევა მჭირდება, რომ სულიერი წონასწორობა დავიცვა. გასულ ოთხშაბათამდე თავი ხელში მყავდა აყვანილი, მაგრამ მერე ყველაფერი გართულდა …“

 

57 წლის ჯონ ლუკასი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს მეორე სართულზე. თბილ ამინდებში ის ფანჯრებს ბოლომდე აღებს და ელოდება, როდის აივსება ოთახი სუფთა ჰაერით. ჯონისთვის ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, იგრძნოს, რომ ოთახის მიღმა კიდევ არსებობს სიცოცხლე.

 

ჯონს ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, მან ხუთჯერ სცადა თვითმკვლელობა. გარდა ფსიქიკური პრობლემებისა, ჯონმა გულზე რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. რვა წლის წინ მას პროსტატის სიმსივნე დაუდგინდა.

 

ასეთი ანამნეზი ჯონს გარეთ გასვლის საშუალებას საერთოდ არ აძლევს. საჭირო პროდუქტები მისთვის მოხალისეებს მოაქვთ და კართან უტოვებენ.

 

„სიმართლე გითხრათ, არ მეშინია სიმსივნით სიკვდილის ან გულის უეცარი გაჩერებით – გულის პირველი შეტევა 14 წლის წინ დამემართა. მე მიჩვეული ვარ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას, მაგრამ მეშინია კორონავირუსისგან სიკვდილის. ეს, უბრალოდ, უსამართლობა იყო. ზოგადადაც, ძალიან „იღბლიანი“ ვარ. იცით, რა არის ყველაზე უსამართლო? ჩემი დაავადებების უმეტესობა მემკვიდრეობით მერგო. მე სამი ძმა მყავს და ყველა მათგანი აბსოლუტურად ჯანმრთელია. მხოლოდ მე მერგო ეს ყველაფერი და მათ არასდროს უთქვამთ ჩემთვის მადლობა. ბოდიში, ძალიან საშინელი იუმორის გრძნობა მაქვს“,- ამბობს ლუკასი.

 

ცოტახნის წინ ჯონს ერთ-ერთმა ძმამ Zoom-ით დაკავშირება შესთავაზა.

 

„ვკითხე მას: ეს რა, ვიდეო კავშირია? რაზეც მან მიპასუხა – „ჰო“. მაგრამ მე არ მაქვს არც კამერა კომპიუტერზე, არც პლანშეტი და არც აიფონი. ჩემი ტელეფონი 5 ფუნტი დამიჯდა. ეს ძალიან უცნაური მოწყობილობაა, რომელიც სასაცილო ხმებს გამოსცემს, როდესაც სადმე დარეკვას ვცდილობ. ამაზე კი ჩემმა ძმამ მიპასუხა: „აა, კარგი, მაშინ დაივიწყე“.

 

ჯონის ცხოვრება კარანტინამდეც არ ყოფილა ძალიან აქტიური, მაგრამ ის ხანდახან გამყიდველს ან აფთიაქარს გამოელაპარაკებოდა ხოლმე, ხანდახან ადგილობრივ პაბში შეივლიდა კათხა ლუდზე, სადაც მას ბარმენი იცნობს, ზოგჯერ კი, მეგობართან ერთად საუზმობასაც ახერხებდა.

 

მარტოობა – პირველია, რაც ახლა სიმსივნესთან მებრძოლ ლუკასს აწუხებს. ის ერთია ცხრა მილიონი ბრიტანელიდან, რომელიც აღიარებს, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, საკარანტინო შეზღუდვების მიღმაც, თითქმის ყოველთვის მარტოსულად გრძნობს თავს. აშშ-ში ხუთიდან სამი ამერიკელი აღიარებს, რომ მარტოობა ნეგატიურად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. რამდენიმე ხნის წინ ქვეყანაში პოპულარულ პორტალ Craigslist-ზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: „ვინმეს ხომ არ სჭირდება ბებია შობისთვის? საჭმელს და საჩუქრებს ბავშვებისთვის თავად მოვიტან! მე არავინ მყავს და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს“.

 

ამერიკელი ფსიქოლოგი, პროფესორი ჯულიანა ჰოლტ-ლუნსტადი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მარტოობის გრძნობა, რომელიც სოციალურმა დისტანციამ გამოიწვია, ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს, რაც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას შეიძლება შევადაროთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი