logo_geo
ქართული უძველესი სამართლის ისტორია – 12 ნაფიც მსაჯულის “სავარძელი” თუშეთში
- +

28 იანვარი. 2021. 01:35

 

 

ხალხის, მოქალაქეების უზენაესობა და უპირატეს პოზიციაში ჩაყენება თანამედროვე მსოფლიოსთვის დემოკრატიის უმაღლეს საფეხურზე ასვლას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამართალში აქტუალურია ნაფიც მსაჯულთა ცნება. თუმცა, თუ საქართველოს ისტორიას გავიხსენებთ, მაშინ ფშავ-ხევსურები, თუშები და მთიულები განსაკუთრებულად დემოკრატები ყოფილან, რადგან ისტორიული ცნობებით, ამ ადგილებში, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ჩანასახი მე-10 საუკუნიდან ჩნდება…

 

 

ასევე, როცა ევროპა ფემინიზმზე მსჯელობს და საერთაშორისო წამყვანი ინსტიტუტები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის გაზრდაზე არაერთ გრძელვადიან სამუშაოებს უძღვნიან, ჩვენთან, ქალის ჩართულობა და როლი ისეთივე ძველია, როგორც თემის სასამართლო, რაც მთიელთა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოსამართლეობით მტკიცდება – ხშირად, კაცის ბედს ქალი მოსამართლეები წყვეტდნენ.

 

 

სამედიატორო სასამართლო საქართველოს მთის სხვადასხვა კუთხეებში მოქმედებდა, თითქმის ხევსურეთის ანალოგიური პრინციპით, მხოლოდ განსხვავებული სახელწოდებებით.

 

 

ფშავში მედიატორ-მოსამართლეებს იხსენებენ როგორც “თავკაცებს”, “კაცთ საკითხავებს“, “ნაცად კაცებს”, “კითხულ კაცებს”, “რჯულის კაცებს”, “სოფლის თავკაცებს”, “მებჭეებს“, “მერჯულეებს“, “ბჭეებს“, ასევე მედიატორებს. ისინი იყვნენ სამართლიანობით ცნობილი ხალხი, ხალხური სამართლის კარგი მცოდნენი, “ცოდვა-მადლით დაშინებულნი“.

 

 

ხევშიც მედიატორ მოსამართლეებს “თემის კაცები”, “კითხული კაცები” ან “თემის ხალხი” ეწოდებოდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ხევში სასამართლო საქმის განხილვა “სამების საბჭეოში” იმართებოდა, რასაც “ბჭეები” ახორციელებდნენ. აქედან არის ცნობილი ტერმინები “ბჭე“, “ბჭობა”, “საბჭეო”. მათი ფუნქცია მხოლოდ მკვლელობის ან დაჭრის საქმეების განხილვა და ამ დავაში მხარეების შერიგება იყო.

 

 

მეცნიერთა მტკიცებით, სამედიატორო სასამართლო მოქმედებდა თუშეთშიც, თუმცა, ჩვენამდე მოსული ინფორმაციით, იქ შუამავლებს შერიგებაზე და აქედან გამომდინარე, სასამართლოზე დასათანხმებლად, ხევისბერები ირჩევდნენ (პარალელულად, არსებობდა უხუცესთა სასამართლოც). ადგილს, სადაც თუშეთში “საბჭეო” ანუ სასამართლო იყო მოწყობილი “საფრინდაოსი” ეწოდებოდა.

 

 

საბედნიეროდ, თუშეთში, სოფელ დართლოში ახლაც შემონახულია უნიკალური არტეფაქტი – 12 ნაფიც მსაჯულის სასამართლოს სახით, სადაც 12 მდინარის ქვის სავარძელია, სადაც სასამართლო იმართებოდა.

 

 

დართლოს სასამართლო, საბჭო, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე აღწერა ისტ­ორიკოსმა გიორგი ბოჭორიძემ. ის სოფლის განაპირას იყო, საფრინდაოზე. 12 მსაჯული წრეზე განლაგებულ ქვის სავარძლებზე ჯდებოდა და დამნაშავეს განსჯიდა. წრის შუაგულში ბრტყელი ქვა იდო, სადაც მოსარჩლე იჩოქებდა. სასამართლოს ჩრდილოეთით მოწმის ქვა იდო, ჩრდილო-დასავლეთით კი – დამნაშავის. ჩრდილოეთ ნაწილში იყო საფიცარი ქვაც, რომელზეც მსაჯულები იფიცებდნენ, რომ სამართალს ღვთის წინაშე სამართლიანად აღასრულებდნენ. ასეც იყო, მთიელ მსაჯულებს არაერთი სისხლის აღებისთვის განწირული ოჯახი შეურიგებიათ. ჩვენი სასამართლოს ყველაზე დიდი სასჯელი თემიდან განკვეთა იყო. განკვეთილები, ძირითადად, ჩრდილო კავკასიაში გადაიხვეწებოდნენ ხოლმე. აი, ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში.

 

 

რატომ მაინც და მაინც 12 მსაჯული?!

 

 

“ვფიქრობ, რომ ეს მზის თაყვანისცემიდან მოდის. საქართველო მზის უძველესი თაყვანისმცემელი ქვეყანა იყო. მეფე აიეტიც ხომ მზის შვილია! ასე რომ, მზის თაყვანისცემის რიტუალები თუშურ ათენგენობაშიც შემორჩა. უძველეს ასტროლოგებსაც ცა 12 ზოდიაქოდ ჰქონდათ დაყოფილი, რომლებიც ასევე მზის გარშემო ბრუნავენ. სხვათა შორის, თუშეთში აღმოჩენილ დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულის ბრინჯაოს არტეფაქტებზეც მზეებია გამოსახული, მათ შორის კი ვერძის ზოდიაქოს ნიშანი. ვერძის ზოდიაქო თუშეთის მწყემსური კულტურის კოსმოსური სიმბოლოა. ათნიგენობის (იგივე ათენგენობა) რიტუალებიც კოსმოსს ეძღვნება. დღესასწაული ზაფხულის მზებუდობისას იმართება. ათნიგენობა დღეს გამართულ თამაშებში კაცები მაღალ გორაზე დგებიან და “ზესკ­ნ­ელს” – კოსმოსს, გორის დაბლობში მდგარი ქალები კი “ქვესკნელს” – დედამიწას და წყალს განასახიერებენ. ამ რიტუალის არსი ის არის, რომ ქალი კაცს შეეჯიბროს. ისეც ხდება, რომ ქალები კაცებს ხშირად “ატყვევებენ” და მერე მათ “გათავისუფლებაზე” მიდიოდა “ბრძოლა”. ეს სამყაროს უძველესი ბრძოლაა, რომლის სიმბოლოები მთაში ყველაფერშია “გადანაწილებული”, რასაკვირველია, მტერთან ბრძოლაშიც და სამართალშიც.

 

 

ქალის მოსამართლეობის მაგალითები საქართველოს მთის სამართალში იყო. რაც შეეხება საბჭოს, თუშეთში ლეგენდად დარჩა წოვათიდან მოსული დევდრის ანთას ქალი, რომელიც XVII საუკუნის მიწურულს 10 წლის განმავლობაში დართლოს სასამართლოს თავბჭე იყო. უჭკვიანესი და მჭევრმეტყველი რომ არ ყოფილიყო, სასამართლოს არავინ ანდობდა, თანაც წარმომავლობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ის თუშეთის გმირის, დევდარაიძის ქალი იყო. მამამისმა ლეკებს შეაკლა თავი.” – იხსენებს ისტორიკოსი ნუგზარ­ იდოიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი