logo_geo
„ვაი, რა კარგი საჩინო...“ - მაცხოვრის სისხლით შეღებილი დღე...
- +

16 აპრილი. 2017. 20:21



ქრისტეს შობიდან 33-ე წელს სამყარო შეძრა ტკივილით სავსე სიტყვებმა, რომელნიც ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა წარმოთქვა: „მიუტევე, უფალო, რამეთუ არა უწყიან, რას იქმან!" მათთვის ევედრება, ვინც გაშოლტა, დასცინა, ჯვარს აცვა, წვეთი წყალი დაამადლა, სდევნა და დაამდაბლა... ევედრება, რადგანაც ჭეშმარიტი ღმერთია, განკაცებული და განსხეულებული სიყვარული და სწორედ ამ სიყვარულისათვის ტანჯული და ჯვარცმული.


ყველაფერი დაივიწყეს-ყველა აღსრულებული სასწაული, რაც კი იხილეს მანმადე, ბრმათა განკურნებაც, რამდენიმე თევზითა და პურით ათასეულთა დაპურებაც, კეთროვანთა განწმენდაც და ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებაც ...ისიც დაივიწყეს, თავადვე როგორ ეგებებოდნენ იერუსალიმში შესვლისას, როცა ბზასა და სამოსელს უფენდნენ გზაზე და დიდებას აღუვლენდნენ კვიცზე ამხედრებულს.


ეს ყველაფერი დაივიწყეს და ახლა სისხლმოწყურებულნი მოითხოვდნენ, ჯვარს ეცვათ კეთილისმყოფელი და მხსნელი მათი.


მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს კი უკვე ყველაფერი გადაეწყიტათ-გამთენიისას უკვე გაემართათ „სასამართლო" და ახლა პილატეს სასახლესთან მოითხოვდნენ „სამართლის აღსრულებას"- იმის დასჯას, ვინც ამხილა მათი ფარისევლობა და ორგულობა წინაშე ღვთისა. პილატე მშვენივრად ხვდებოდა, რომ უდანაშაულო იყო პყრობილი და უთხრა კიდეც იუდეველებს,უდანაშაულოს სისხლის დაღვრას მთხოვთო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაიცვა დევნილი და ხელები დაიბანა: ეს თქვენ გსურთ ასე და სუფთააო ჩემი სინდისი. მისი ბრძანებით გაშოლტეს ხარის ღვედებზე მიბმული წახნაგოვანი ტყვიის ბურთულებით და ერთ დიდ სისხლიან ჭრილობად უქციეს სხეული. მაინც არ მოულბათ გული ებრაელებს და ახლა იმას გაიძახოდნენ: "სისხლი მისი ჩვენზე და ჩვენს შვილებზე!" და ჯვარცმა მიუსაჯეს. ჯვარცმისათვის ის ძელი მოატანინეს, 9 საუკუნე რომ იდო სილოამის წყალსაცავში და წყლისგან ტყვიასავით რომ დამძიმებულიყო.


და შეუდგა მაცხოვარი გოლგოთის გზას-ტვირთისა და ადამიანთა ცოდვების სიმძიმისგან რამდენიმეჯერ წაიქცა.


მერე ჯვარზე მიულურსმეს ღვთაებრივი ხელ-ფეხი.


ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარი თვალით უყურებდა შვილის ტანჯვით სავსე აღსასრულს და ტკივილს ვეღარ იტევდა გული. მათან მხოლოდ იოანე მოციქული დარჩენილიყო ქრისტეს მოწაფე რამდენიმე ქალთან ერთად, და ცდილობდა მის ნუგეშისცემას. მაგრამ განა შეეძლო რაიმეს, დაემშვიდებინა შვილის საშინელი აღსასრულის მხილველი დედა.

 

მაცხოვარმა წყალი ითხოვა. ძმარში დასველებული ღრუბელი მიაწოდეს და დასცინეს.


მერე ზეცას შეჰღაღადა: "ილი, ილი, ლამა, საბაქთანი!" "უფალო, უფალო, რისთვის დამიტევე მეო!"- მაგრამ ესეც სასაცილოდ აიგდეს: ელიას უხმობს და ახლა, ნახეთ, შეიძლება, ცაში ცეცხლოვანი ეტლით გამოჩნდესო ელია წინასწარმეტყველი. ჯვარცმულთა ტანჯვა იქ შეკრებილთათვის მხოლოდ თვალის სასეიროდ ქცეულიყო.


მერე ამ ხახლს ორი ჯვარცმული ავაზაკიდან ერთ-ერთიც აჰყვა და მიმართა ქრისტეს, თუ მართლა მესია ხარ, შენი თავიც იხსენი და ჩვენცო. მეორე ავაზაკმა ვეღარ მოითმინა: ჩვენ ჩვენი ცოდვების გამო ვისჯებით და ამ კაცს კი არაფერი დაუშავებია, ნუთუ არ გრცხვენიაო? მერე კი უფალს მიუბრუნდა: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!" და, ჯვარცმული ქრისტეს აღთქმისამებრ, პირველი სწორედ ის შევიდა სასუფეველში.


მერე... ვეღარ გაუძლო ნატანჯმა სხეულმა და აღესრულა ჩვენთვის განკაცებული და ჯვარცმული ქრისტე.


მერე მზე ჩავიდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი