logo_geo
მზის სისტემის კიდეზე ასტრონომებმა მოზრდილი ობიექტი აღმოაჩინეს
- +

17 აპრილი. 2017. 20:33


 

ასტრონომებმა მზის სისტემის კიდეზე დამალული პლანეტური სხეული იპოვეს, რომელსაც „დიდი" (DeeDee) უწოდეს. 


„დიდი" შორეულ ჯუჯა პლანეტას ჰგავს და ის პირველად 2016 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ამ დრომდე ცოტა რამ იყო ცნობილი მისი ფიზიკური სტრუქტურის შესახებ. მაგრამ ახლა, ატაკამის ფართომილიმეტრული ტელესკოპის (ALMA)-ს წყალობით, ამ იდუმალი ობიექტის ნამდვილი ვინაობის შესახებ მრავალი დეტალი გამოვლინდა - იგი უფრო დიდია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.


ახალი მონაცემების მიხედვით, „დიდის" ზომა ჯუჯა პლანეტა ცერერას ზომის ერთ-მესამედს შეადგენს. ცერერა მზის სისტემის ასტეროიდთა სარტყლის უდიდესი წევრია, რომელსაც საკმარისი მასა აქვს იმისათვის, რათა სფერული ფორმის იყოს.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ „დიდი" აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რათა ჯუჯა პლანეტად ჩაითვალოს, თუმცა ასტრონომებს მისი ოფიციალური კლასიფიკაცია ჯერ არ მოუხდენიათ.


„დიდი" მდებარეობს მზის სისტემის კიდეზე, მზიდან დაახლოებით 192 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, რაც 137 მილიარდი კილომეტრის ეკვივალენტია.


აღსანიშნავია, რომ „დიდის" შუქს დედამიწამდე მოსაღწევად 13 საათი სჭირდება. შედეგად, ამ დროისთვის იგი ნეპტუნსგადაღმა მდებარე მეორე ყველაზე შორეული ობიექტია ჯუჯა პლანეტა ერისის შემდეგ.


„დიდის" ორბიტა იმდენად დიდია, რომ მზის გარშემო ერთხელ შემოსავლელად, ობიექტს 1100 წელიწადი სჭირდება. მისი აღმოჩენა კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს შესასწავლი ობიექტების შესახებ, რომლებიც მზის სისტემის სიღრმეებში იმალებიან.


„პლუტონსგადაღმა რეგიონი საოცრად მდიდარია პლანეტური სხეულებით", - ამბობს უფროსი მკვლევარი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან, დევიდ გერდესი.


„ზოგიერთი მათგანი ძალიან პატარაა, თუმცა ზოგიერთი ზომით პლუტონს ეკონკურენტება, შესაძლოა მასზე დიდებიც კი იყვნენ".


მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს ობიექტები ძალიან შორსაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უმნიშნელოა. „დიდის" მსგავსი პლანეტური ობიექტები ჩვენი პლანეტური სისტემის დაბადების ნარჩენებია. 


მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ იმის გარკვევა თუ როდის და სად წარმოიქმნენ ისინი, დაგვეხმარება ერთხელ და სამუდამოდ ამოვხსნათ ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო პლანეტურ მეცნიერებაში - როგორ იბადებოდა მზის სისტემის პლანეტები, მათ შორის დედამიწა. 


„დიდი" პირველად ჩილეში მდებარე სერო-ტოლოლოს ობსერვატორიიდან შენიშნეს,  ბლანკოს ტელესკოპის გამოყენებით.


აღმოჩენა ბნელი ენერგიის კვლევის პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომლის დროსაც გადაიღეს 15 000 ფოტო, იდენტიფიცირდა 1,1 მილიარდი ობიექტი, რომელთა უმრავლესობაც შორეული ვარსკვლავები და გალაქტიკებია. ამ ობიექტთა მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოჩნდა მზის სისტემის კუთვნილი.


მიუხედავად ამისა, გასულ წელს, ასტრონომებმა ამ ობიექტთა შორის მაინც გამოარჩიეს ნეპტუნსგადაღმა ობიექტი, რომელსაც არაოფიციალურად „დიდი" უწოდეს.


მაგრამ ALMA-ს რადიოანტენათა მთელი სისტემის შემდგომი დაკვირვებების გარეშე - რომელსაც შორეული სივრცეების სუფთა სურათის შექმნა შეუძლია - მეცნიერებს არ შეეძლებოდათ ეთქვათ, „დიდი" პატარა იყო და ძალიან ამრეკლავი თუ დიდი, მაგრამ უკიდურესად ბნელი.


„ALMA-მ ეს საკითხი საკმაოდ მარტივად გადაჭრა. როგორც ჩვენ გამოვთვალეთ, ეს ობიექტი უნდა იყოს წარმოუდგენლად ცივი, -243°C, აბსოლუტურ ნულზე ოდნავ მეტი.


ასტრონომებმა ისიც დაადგინეს, რომ „დიდი" უჩვეულოდ დიდია, მაგრამ იმდენად ბნელი, რომ მასთან მიღწეული მზის სინათლის მხოლოდ 13%-ს ირეკლავს. 


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ობიექტი ისეთივე ბნელია, როგორც დედამიწასა და მთვარეს შორის, შუა მანძილზე მოთავსებული სანთელი იქნებოდა.


„დიდის" აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს ბოლოს და ბოლოს შეუძლია გამოავლინოს უკიდურესად შორი, ნელა მოძრავი ობიექტები მზის სისტემის კიდეებზე.


ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ტექნოლოგიების წყალობით გახდეს შესაძლებელი ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტის აღმოჩენა, რომელიც როგორც ნავარაუდევია, დიდისა და ერისის ორბიტებს გადაღმა იმალება.


კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი