logo_geo
ედიტ პიაფის უკანასკნელი სიყვარული - ალფონსი თუ მგზნებარე შეყვარებული?
- +

22 აპრილი. 2017. 13:13



„მიყვარს" ერთადერთი სიტყვაა, რომელიც შემიძლია, ყველა დროში გამოვიყენო", - ამბობდა უდიდესი ფრანგი მომღერალი და მსახიობი ედიტ პიაფი. მართლაც, თავისი ცხოვრების უკანასკნელ სიყვარულს მომღერალი სიკვდილამდე ერთი წლით ადრე შეხვდა, როცა სიმსივნის დიაგნოზი უკვე იცოდა და სიკვდილამდე დარჩენილ დღეებს ითვლიდა. რამდენიმე ავტოკატასტროფაში მიღებული უმძიმესი ტრავმებით გამოწვეული გამუდმებული ტკივილები, რომლებსაც მორფით უმკლავდებოდა და უსასრულო დეპრესია უკანასკნელ წლებში პიაფის ცხოვრების ნორმად იქცა.


ედიტ პიაფი (ედიტ ჯოვანა გასონი) პარიზში დაიბადა. გოგონას დედამ, რომელიც კაბარეს მომღერალი გახლდათ, ქმარი მიატოვა და, სხვა მამაკაცთან ერთად, უცხოეთში წავიდა, 2 წლის გოგონა კი გასაზრდელად დედას დაუტოვა.


ედიტის ბებია გამოუსწორებელი ლოთი იყო და ბავშვსაც ხშირად, რძის ნაცვლად, ბოთლში ღვინოს უსხამდა. როცა ეს ამბავი პიაფის მამის ყურამდე მივიდა, მან ბავშვი წამოიყვანა და მას შემდეგ ედიტს მამის დედა ზრდიდა.


ედიტმა სიმღერა 9 წლის ასაკიდან დაიწყო. 15 წლისა უკვე ქუჩებში მღეროდა. ერთხელ მისი სიმღერა ელისეს მინდვრებზე განთავსებული კაბარეს მფლობელმა მოისმინა და გადაწყვიტა, ედიტი ესტრადაზე აეყვანა. სწორედ მან მოიგონა გოგონასთვის ფსევდონიმი „პიაფი", რაც პარიზულ ჟარგონზე ბეღურას ნიშნავს.


მალე გოგონა მაყურებელთა კერპად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ედიტ პიაფმა ტრიუმფით დაიპყრო მსოფლიოში ცნობილი მიუზიკ-ჰოლები. მღეროდა რადიოში და თამაშობდა სცენაზე, უყვარდებოდა და გამუდმებით იცვლიდა მამაკაცებს. თითო საღამოში მილიონზე მეტს უხდიდნენ, ამიტომ მალე ედიტ პიაფი უზარმაზარი ფულის პატრონი გახდა.


იყო პოპულარული, ჰქონდა საინტერესო ცხოვრება, ფული, მაგრამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა - ედიტმა რამდენიმე ავტოკატასტროფა გადაიტანა და, პირველი შემთხვევიდან მოყოლებული, ტრავმებით გამოწვეულ ტკივილებს ნარკოტიკით იყუჩებდა. ბოლოს მორფის გაკეთებას ისე შეეჩვია, რომ მის გარეშე ვერ ძლებდა.


მისი ბიოგრაფებიდან ვიღაცამ დათვალა, რამდენი უბედურება დაატყდა მომღერალს თავს ბოლო ათი წლის განმავლობაში: ოთხი ავტოკატასტროფა, თვითმკვლელობის მცდელობა, დეზინტოქსიკაციის ოთხი კურსი, შვიდი ოპერაცია, შეშლილობის შემოტევები, მათ შორის, ორი ლოთობის ნიადაგზე და ბოლოს, მოულოდნელად აღმოჩენილი კიბო...

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-04/20170421132651386791608.jpg

როცა ცხოვრების უკანასკნელ სიყვარულს, მომხიბვლელ ბერძენ ახალგაზრდა თეოფანის ლამბუკასს შეხვდა, ედიტი ართრიტით გატანჯული, მუხლებდასიებული, სახეშეშუპებული და თმაგაცვენილი 47 წლის „მოხუცი" იყო, რომელიც 33 კილოგრამს იწონიდა.


ლამბუკასი სიმპათიური ბერძენი დალაქი გახლდათ, რომელმაც ედიტი ჰოსპიტალში მოინახულა და, როგორც პატარა ბავშვს, თოჯინა მიუტანა. მეორე დღეს ბერძენი უკვე ყვავილების თაიგულით ესტუმრა, რამდენიმე დღეში კი ხელი და გული სთხოვა. ედიტმა ყმაწვილს ასაკში განსხვავება და თავისი შერყეული ჯანმრთელობა შეახსენა, თუმცა თეოფანისმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: ჩემთვის იმ დღეს დაიბადე, როცა დაგინახეო.


ედიტმა თეოფანისს სახელი შეუმოკლა და თეო დაარქვა, გვარი კი სარაპოთი შეუცვალა, რაც ბერძნულად სიყვარულის ახსნას ნიშნავს. ეს ერთადერთი ფრაზა იყო, რომელიც პიაფმა ბერძნულად იცოდა.

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-04/20170421132652659604344.jpg

1962 წლის 9 ოქტომბერს ედიტ პიაფისა და თეო სარაპოს ქორწილი შედგა. წინა განქორწინების მიუხედავად, პიაფს უფლება მისცეს, ჯვარი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაეწერა. ჯვრისწერის დროს ტაძარში უამრავი ცნობისმოყვარე შეიკრიბა, თუმცა ჭორების მიუხედავად, წყვილი ბედნიერად გამოიყურებოდა.


ქორწილზე ედიტმა თეოს სათამაშო რკინიგზა აჩუქა, მაგრამ ის უბრალო არ ყოფილა. ელექტრომატარებელი თეოს ბავშვობის ქალაქის ქუჩებში მიქროდა. ფანერაზე დახატული სახლები ზუსტად იმეორებდა პარიზის გარეუბნის ქუჩებსა და თეოსთვის ნაცნობ ადგილებს. ბერძენმა ის საპარიკმახეროც კი იცნო, სადაც მამამისი მუშაობდა. ყველაფერი ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი იყო, მაგრამ ორივემ მშვენივრად იცოდა, რომ ედიტი კვდებოდა...


ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი თეოს გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე დაუსვეს. მომღერალს მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. ამ ხნის მანძილზე თეოს ცოლი ერთი წუთითაც არ დაუტოვებია მარტო...

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-04/201704211326521734928780.jpg

1963 წლის აპრილში ედიტს ღვიძლი გაეთიშა. საავადმყოფოში გატარებული 47 დღის შემდეგ მდგომარეობა თითქოს ცოტა გაუმჯობესდა, მაგრამ ტკივილები სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. ზუსტად ქორწინების წლისთავზე, 1963 წლის 9 ოქტომბერს ელენთის არტერია გაუსკდა და კომაში ჩავარდა.


ედიტ პიაფი 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის უკანასკნელ გზაზე 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გააცილა. „იმედი მაქვს, რომ უკანასკნელ გზაზე უამრავი ადამიანი გამაცილებს, რადგან მარტოობა არ მიყვარს. საშინელი მარტოობა, როცა საკუთარ თავს ეკითხები, ღირს კი სიცოცხლე ან რატომ უნდა იცოცხლო?" - წერდა ედიტ პიაფი თავის დღიურში...

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-04/20170421132653754316868.jpg

თეომ ედიტის გარდაცვალებიდან შვიდი წელი იცოცხლა და 1970 წლის აგვისტოში, ლიმოჟის გზაზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ის პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, პიაფის გვერდით დაკრძალეს.


ბოროტი ენები ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა კაცმა „სიყვარულის სამსხვერპლოზე" თავი მხოლოდ ედიტ პიაფის სიმდიდრის გამო მიიტანა, თუმცა სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ წყვილის ურთიერთობის საფუძველი ნამდვილი გრძნობა იყო.


ასეა თუ ისე, ედიტ პიაფმა და თეო სარაპომ ნამდვილად შეძლეს, რომ ერთმანეთისთვის სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაელამაზებინათ.

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-04/20170421132654330763695.jpg

 

 

Description: undefined

 

 

Description: undefined

 

 

Description: undefined

 

 

Description: undefined

 

 

Description: undefined

 

 

Description: undefined

 

 

Description: undefined

 

 

Description: undefined

 

 

Description: undefined

 

 

Description: undefined


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი