logo_geo
მშვილდოსნის თანავარსკვლავედში შავი ხვრელი აღმოაჩინეს
- +

29 აპრილი. 2017. 01:52



ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ხელმძღვანელობით, ირმის ნახტომის „ნაკლული" შავი ხვრელის არსებობის მტკიცებულება იპოვეს, რომელიც მშვილდოსნის თანავარსკვლავედში იმალება.


შავი ხვრელი დედამიწიდან 26 000 სინათლის წლის მოშორებით, სფეროსებრ გროვა NGC 6624-ში მდებარეობს. სფეროსებრი გროვა მილიონობით ბებერი ვარსკვლავის გრავიტაციულად შეკრული გუნდია, რომელიც სულ რამდენიმე სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმულ რეგიონს იკავებს.


ჯგუფმა დაადგინა, რომ NGC 6624-ში მდებარე ძლიერ მაგნეტიზებული, სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, იგივე პულსარი სახელად PSR B1820-30A, ელექტრომაგნიტური რადიაციის ნაკადს გამოყოფს. სავარაუდოდ, იგი გროვის ცენტრში მდებარე საშუალომასიანი შავი ხვრელის გარშემო მოძრაობს. ამ შავი ხვრელის მასა საკმაოდ დიდია - 7 5000 ჩვენი მზის ეკვივალენტი.


PSR B1820-30A ჩვენთვის ცნობილი უახლოესი პულსარია, რომელიც სფეროსებრი გროვის ცენტრში მდებარეობს და ასევე პირველი, რომელიც შავ ხვრელს უვლის გარშემო. საშუალომასიან შავ ხვრელთა აღმოჩენა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მათ შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ასტრონომებს იმ „ნაკლული რგოლის" პოვნაში, რომელიც ვარსკვლავის მასის შავ ხვრელებსა და სუპერმასიურ შავ ხვრელებს შორის არსებობს. 


„ვარსკვლავთა განსაკუთრებული სიმჭიდროვე სფეროსებრ გროვათა ცენტრში, კარგ გარემოს ქმნის მასიურ შავ ხვრელთა წარმოსაქმნელად. საშუალომასიან შავ ხვრელთა აღმოჩენა მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის შავ ხვრელებს შორის არსებული ნაკლული რგოლის შესასწავლად", - ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი, დოქტორი ბენეტგე პერერა.


„მიჩნეულია, რომ ისინი წარმოიქმნება ძალიან მასიური პირველადი ვარსკვლავების პირდაპირი კოლაფსის ან ვარსკვლავური მასის შავი ხვრელების შერწყმის შედეგად".


პულსარი ბრიტანეთში მოქმედმა ლოველის ტელესკოპმა 1990 წელს აღმოაჩინა. ჯგუფმა გულდასმით გააანალიზა ტელესკოპის მიერ 25 წლის მანძილზე ამ პულსარის შესახებ შეგროვილი მონაცემები. ასევე გამოიყენეს საფრანგეთის ნანკაის რადიოტელესკოპიდან მიღებული მონაცემები.

 

„PSR B1820-30A-ს მსგავსი პულსარები ფანტასტიკურად ზუსტი საათივით მოქმედებენ და საშუალებას გვაძლევენ ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენსა და მათ შორის არსებული მანძილი ზუსტად იმავე გზით, როგორც GPS მოქმედებს. პულსარი ძალიან მგრძნობიარეა ახლომდებარე ობიექტების გრავიტაციით გამოწვეული ნემისმიერი მოძრაობის მიმართ; ასეთი ობიექტი კი შესაძლოა შავი ხვრელიც იყოს, რაც მათ გამოვლენას აადვილებს", - განმარტავს პროფესორი ენდრიუ ლინი.

 

„პულსარის სინქრონული მოძრაობის გაზომვით, განვსაზღვრეთ PSR B1820-30A-ს ორბიტული პარამეტრები და მასა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ეს პულსარი საშუალომასიანი შავი ხვრელის გარშემო ბრუნავს", - ამბობს პერერა.


„ჩვენი აღმოჩენა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საშუალომასიან შავ ხვრელთა და თავად გროვათა წარმოშობა-განვითარების ჩვენეულ გაგებაში".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი