logo_geo
„მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ მოკლეს...“
- +

30 აპრილი. 2017. 12:28




ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) 1880 წლის 20 ნოემბერს სოფელ წერაქვში დაიბადა. მამამისი სოფლის მეურნე იყო და ვაჟსაც ამ ხელობისთვის ამზადებდა. მიხეილ ჯავახიშვილი წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი - ყირიმის სამეურნეო სასწავლებელში. აგრონომიის შესწავლა 8 წელიწადს გაგრძელდა.


ყირიმში სწავლისას, 1900 წლის იანვარში, მისმა ქართველმა მეგობრებმა საქართველოდან ამანათი მიიღეს. ტკბილეულობა და ხილი გაზეთში იყო გახვეული, ფურცლებზე კი 1899 წლის 27 დეკემბრის კრიმინალური დანაშაულის შესახებ წერდნენ. მიხეილ ჯავახიშვილმა სწორედ ამ ფურცლებიდან შეიტყო მის ოჯახზე დამტყდარი უბედურების შესახებ. მათ სახლში შევარდნილმა არაკაცებმა მიხეილის დედა და და მოკლეს. მცირე ხანში კი მამა დარდს გადაჰყვა. მიხეილ ჯავახიშვილი ამ ამბის შემდეგ საკუთარ დედულეთში და სახლში ვეღარ ჩერდებოდა. ტრაგედიამ მის მოღვაწეობას წარუშლელი კვალი დაასვა.


ერთხელ მიხეილ ჯავახიშვილს უთხრეს, აგრონომად არ გამოდგები, სხვა საქმით დაკავდიო. მას შემდეგ ჯავახიშვილმა წერა დაიწყო. წესად ჰქონდა, ყოველღურად ჩაეწერა სიტყვები, სახეები, წვრილმანი თუ ვრცელი ამბები.


„ეს მასალა გაგონილი და მოგონილი - შემოქმედების ლაბორატორიაში იხარშება, მუშავდება და ბოლოს ისეთი რამე გამოდის, რასაც ზოგჯერ თვითონ ავტორიც ძლივს იცნობს ხოლმე", - წერდა მოგვიანებით ჯავახიშვილი.

 

მიხეილ ჯავახიშვილის პირველი მოთხრობა 1903 წელს დაიბეჭდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოქვეყნდა.


საბჭოთა იდეოლოგიასთან ბრძოლა მიხეილ ჯავახიშვილს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ის ერთ-ერთი იყო იმ მრავალთაგან, ვინც სტალინის მასობრივ რეპრესიებს - „დიდ წმენდას" შეეწირა...

Description: Javakhishvili Mikheil.jpg

წარმოგიდგენთ ფაქტებს მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ:


1921-24 წლებში იყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.


მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებები ორი ათეული წლის განმავლობაში აკრძალული იყო, ცენზურა კი, მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა.


ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ მიხეილ ჯავახიშვილზე განსაკუთრებულად იმოქმედა, თურმე თავზარდაცემული დიდხანს მჯდარა ილიას ცხედართან. ღამით ილიას სისხლით მოსვრილ ბალიშს ცხვირსახოცი გადააფარა, ხის ქვეშ დადო, თავი მიადო და ჩაეძინა...


ჯავახიშვილი ბევრ კოლეგას არ უყვარდა მისი გამორჩეული თვისებებიდან გამომდინარე, ამიტომაც ებრძოდნენ მწერლები.


მწერალი არაჩვეულებრივად თამაშობდა კარტს, კოლეგებს ხშირად უგებდა. ერთხელ, ერთ-ერთმა მოთამაშემ ვეღარ მოითმინა და ამოხეთქა: „რა არის, ბატონო მიხეილ, მწერლობაშიც გვჯობნით და კარტის თამაშშიცო".

Description: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/9e/Mikheil_Javakhishvili.jpg

ჯავახიშვილი 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით დააკავეს. მან ხუთი თვე გაატარა ორთაჭალის ციხეში და ამ ხნის განმავლობაში მისი 15 მეგობარი და თანამოაზრე დახვრიტეს.


ბერიამ ჯავახიშვილს პირდაპირ მოუწოდა, თქვენი ყოფაქცევა უნდა გადასინჯოთო, თუმცა მწერალი „გადასინჯვასა" და აზრის შეცვლას არ აპირებდა, უკვე გვიანიც იყო, თავის ნაწარმოებებში ყველაფერი ნათქვამი ჰქონდა.


მწერლის ქალიშვილები ხშირად ამბობდნენ, მიხეილ ჯავახიშვილი ერთხელ მაინც რომ მისულიყო ბერიასთან და თავისი პატივისცემა დაედასტურებინა, აუცილებლად გადარჩებოდაო...


როგორც ცნობილია, სტალინმა მიხეილ ჯავახიშვილი, მოსკოვში, წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. სტალინის სამაგიდო წიგნი „არსენა მარაბდელი" იყო. ბერიამ ჯავახიშვილი ისე დაახასიათა, სტალინს უთქვას: „ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი" და ფაქტების გადაუმოწმებლად ჯავახიშვილს დახვრეტა მიუსაჯა.


ლავრენტი ბერია ასე სასტიკად არცერთ მწერალს არ მოქცევია. მისი ბრძანებით მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ მოკლეს, ერთხელ სულიერად და მეორედ ფიზიკურად. ასე ახასიათებდა ბერია ჯავახიშვილს: „სამწუხაროა, რომ ასეთი რანგის მწერალმა ასეთ სამარცხვინო საქმიანობას მიჰყო ხელი. ის სამშობლოს მოღალატე და ჯაშუშია".


მწერალს უამრავი საშინელება დააბრალეს, თუმცა ის სასოწარკვეთილებაში არასდროს ჩავარდნილა. სულ ამბობდა: „ეგენი ვერ მომერევიან, მსხვილი ძვალი მაქვს და ყელზე დავადგები..."


მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის აგვისტოში დააპატიმრეს და შინსახკომის ბნელ სარდაფში გამოკეტეს. ის შემოდგომაზე დახვრიტეს და მწერლის არქივიც გაანადგურეს.

Description: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/b/bd/Mikheil_and_Ketevan.jpg

Description: https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/1/18/Mikheil_Javakhishvili_1910.jpg

Description: მიხეილ ჯავახიშვილი ფაქტები-ის სურათის შედეგი



 

big_banner
არქივი