logo_geo
ანტარქტიდის „სისხლის ჩანჩქერის“ უძველესი საიდუმლო ამოხსნილია!
- +

30 აპრილი. 2017. 21:03



1911 წელს, ანტარქტიკის მკვლევრებმა აღმოაჩინეს კლდე, რომელიც სისხლისფერი წყლით იყო დასვრილი. პირველი, რაც გაიფიქრეს - გამომწვევ მიზეზად წითელი ფერის წყალმცენარე ჩათვალეს. ამის შემდეგ, ეს ადგილი მთელ მსოფლიოში სწრაფად გახდა ცნობილი „სისხლის ჩანჩქერის" სახელით, თუმცა როგორც გაირკვა, არც სისხლი იყო რამეში დანმაშავე და არც წყალმცენარე. 


სინამდვილეში, წითელი ჩანჩქერის მთავარი მიზეზია კლდის ნელი გაჟღენთვა რკინით მდიდარი მლაშე წყლით, რომელიც ჰაერთან კონტაქტისას იჟანგება. წყალი იმდენად მლაშეა, რომ რეალურად, მარილის ხსნარია. ახლახანს, გეოლოგებმა საბოლოოდ განსაზღვრეს თუ საიდან მოედინება ასეთი მლაშე წყალი. 


ალასკა-ფეირბენკსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, სპეციალური კვლევის შედეგად დაადგინა, რომ წითელი მარილხსნარის ბილიკი სათავეს სულ მცირე 1,5 მილიონი წლის ასაკის მყინვარის ქვეშ იღებს.


„სისხლის ჩანჩქერი" მდებარეობს ტეილორის მყინვარის ჩრდილოეთით, რომელიც 100 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული ტრანსარქტიკულ მთებში.


მილიონობით წლის წინ, როდესაც ტეილორის მყინვარი ყინულოვან კონტინენტზე ფართოვდებოდა, ყინულისა და თოვლის უთვალავი ფენის ქვეშ პატარა, მლაშე ტბა ჩაიჭირა. მარილიანი წყალი უფრო და უფრო კონცენტრირებული გახდა, სანამ მარილის ხსნარმა სიმლაშის იმ დონეს არ მიაღწია, რომ მხოლოდ გარკვეულ ტემპერატურაზე გაყინულიყო. 


მყინვარსი ქვეშ მოქცეულმა მლაშე ტბამ ფსკერის ნიადაგს გამოაცალა რკინა, რის გამოც, გარეთ გამოსვლისას წყალი იჟანგება და მოწითალო ფერს იღებს. თუმცა, წყლის გარესამყაროსკენ მომავალი ეს გზა ამ დრომდე იდუმალებით მოცული რჩებოდა. 


იმის გასარკვევად თუ საიდან მოდიოდა მლაშე წყალი და როგორ გამოდიოდა მყინვარის ნაპრალებიდან, ჯგუფმა რადარული მეთოდი - რადიო-ექო ზონდირება (RES) გამოიყენა, რასაც ხშირად მიმართავენ მყინვართა შესასწავლად.


ჯგუფმა რადარის ანტენები მყინვარზე ბადის ფორმით განათავსა, რის შედეგადაც ყინულის ქვეშ არსებული მკაფიო სურათი მიიღო.


აღმოჩნდა, რომ ტეილორის მყინვარი ნაპრალთა მთელ ქსელს მალავდა, საიდანაც უზარმაზარი წნევის წყალობით, მარილწყალი ყინულში ამოდის. ჯგუფმა მიაგნო 300 მეტრი სიგრძის ბილიკს, რომელშიც ჰერმეტიზებული არხებიდან მარილწყალი ჩაედინება, საბოლოოდ კი სისხლის ჩანჩქერის მწვერვალთან მიდის.


მათი აღმოჩენა ბოლოს და ბოლოს ნათელს ჰფენს თუ როგორ შეუძლია თხევად წყალს, ძლიერ მარილიანსაც კი, გაედინოს უკიდურესად ცივ მყინვარზე.


„რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, გაყინვისას წყალი სითბოს გამოყოფს, რომელიც ახლომდებარე ყინულს ადნობს", - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გეოლოგი ერინ პეტი.


მარილწყალს გაყინვის დაბალი ტემპერატურა აქვს და ამ სითბოსთან ერთად, ეს სითხის მოძრაობას განაპირობებს.


„ტეილორის მყინვარი ამჟამად ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ცივი მყინვარია, სადაც შეუპოვრად მიედინება წყალი", - ამბობს პეტი.


ეს აღმოჩენა მკვლევრებს დაეხმარება კიდევ უფრო მეტი შეიტყონ ყინულქვეშა მლაშე ტბის ეკოლოგიის შესახებ, რომელიც არც ისე მკვდარია, როგორც შეიძლება თქვენ წარმოგედგინოთ.


როგორც წინა კვლევამ აჩვენა, ამ მლაშე ტბაში ბინადრობს ერთ-ერთი უკიდურესად ამტანი ბაქტერია. გარესამყაროსგან ათასობით წლის წინ მოწყვეტილ ამ მიკრობებს სულფატების გარდა სხვა საკვები არ აქვთ. სულფატებს ბევრი ბაქტერია ენერგიის წყაროდ იყენებს.


მყინვარის სიღრმეში სინათლისა და ჟანგბადის გარეშე ჩაკეტილმა ბაქტერიამ სულფატური საკვების გადამუშავება დაიწყო, რის გამოც შემცირდა არაორგანული სულფიტები, რომელიც რეაქციაში შედის წყალში არსებულ რკინის მაღალ შემცველობასთან, რის შედეგადაც ბაქტერიათა საკვებად კიდევ უფრო მეტი სულფატი წარმოიქმნება.


მეცნიერთა აზრით, ასეთი გასაოცარი ადაპტაცია შესაძლოა სულაც არ შემოისაზღვრება მხოლოდ ტეილორის მყინვარით და ის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია ათასწლეულების წინ ყინულებში ჩაჭედილ ტბებში გადარჩენილი სიცოცხლისა.


კვლევა  Journal of Glaciology-ში გამოქვეყნდა.


 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი