logo_geo
მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატი ქრისტეს გოლგოთას ასახავს
- +

3 მაისი. 2017. 13:04



მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატი ქრისტეს გოლგოთას ასახავს. იგი დაკარგულად ითვლებოდა და ჩიკაგოს ოპერის თეატრის ნესტიან სარდაფში იპოვეს.



ხელოვნების ეს ნიმუში მსოფლიოში ზომით უდიდესია. მისი სიგრძე 59 მეტრია, სიმაღლე 14 მეტრი (ადვილად რომ წარმოვიდგინოთ, 16-სართულიანი სახლის სიგრძის).


მისი დახატვა ია სტიკამ, ფრანგ-პოლონელმა მხატვარმა (1858-1925) 1894 წელს დაიწყო თავდაპირველი სახელით „გოლგოთა".


მანამდე, შეკვეთის დაწყებამდე, იმოგზაურა იერუსალიმსა და რომში - ესკიზების მოსამზადებლად, - შეისწავლა, ქრისტეს დროს როგორი იქნებოდა გოლგოთას პლატო. ის კი არა, მისი პალიტრა აკურთხა მაშინდელმა რომის პაპმა - ლეო მეცამეტემ.


პირველად, ეს ნახატი ლვოვში გამოიფინა 1896 წელს, 1897 წლის იანვარში კი - ვარშავაში  და შემდეგ იმოგზაურა მთელ ევროპაში, ევროპის ყველა დიდ ქალაქში, სანამ 1904 წელს სანტ-ლუისის მსოფლიო გამოფენაზე მოხვდებოდა.


ნახატი ჩამორთმეულ იქნა - რადგან მხატვრის ამერიკელმა პარტნიორებმა არ გადაიხადეს საბაჟო გადასახადები და - ეს შედევრი დაიკარგა და დაკარგულად ითვლებოდა მთელი 40 წელიწადი.


1944 წელს იპოვეს და გაგიკვირდებათ, როგორ.


დახვეული იყო ტელეგრაფის რაღაც ბოძზე და საკმაოდ დაზიანებული, სიცოცხლეჩამქრალი, ლპებოდა ჩიკაგოს ოპერის ნესტიან სარდაფში.


ჰოდა, ერთი ამერიკელი ბიზნესმენი, ჰუბერტ ითონი, ადგა და შეიძინა ეს ნახატი და მისი აღდგენა თავად მხატვრის ვაჟს, ასევე მხატვარს, ადამ სტიკას ანდო.


დღეს ეს ნახატი „ჯვარცმის" სახელითაა ცნობილი და ჰოლივუდში, ფორესტ ლოუნის სასაფლაოზე სპეციალურად მისთვის აგებულ  ამფითეატრშია გამოფენილი.


მისი მხატვარიც კი, ბიზნესმენმა 1959 წელს რომიდან შეერთებულ შტატებში გადაასვენა და ახლა იქვე, უდიდეს მავზოლეუმშია დასვენებული ელიზაბეთ ტეილორის, მოქანდაკე ბორგლუმის და სხვათა გვერდით.


წყარო - kutaisipost.ge

 

 

 

big_banner
არქივი