logo_geo
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - მიხეილ ჯავახიშვილის გამონათქვამები
- +

5 მაისი. 2017. 16:29



XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) 1880 წლის 20 ნოემბერს, მარნეულის რაიონში, სოფ. წერაქვში დაიბადა.


ის თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა.



წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ჯავახიშვილი სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.


გთავაზობთ მიხეილ ჯავახიშვილის გენიალურ ციტატებს:


1. რა ძვირფასია შენთვის ის სახლი, სადაც შენი საყვარელი ადამიანი სუნთქავს...


2 ანგელოზი საღორეშიც ანგელოზია, ღორი სამოთხეშიც ღორია.


3. ქართველი ხალხი მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი.


4. ყველაფერს აქვს სევდიანი დასასრული და იმედიანი დასაწყისი.


5. ზომიერება ბუნების უდიდესი საჩუქარია...


6. სათქმელი უნდა ითქვას და ყველამ უნდა გაითავისუფლოს გული. თუ ვინმეს ნემსის ოდენა ხინჯი დარჩება, იგი ისევ გაიზრდების, გაავდების, გასკდების და ყველას მოსწამლავს.


7. ყველაფერი დაიკელით, ყველაფერზე უარი თქვით... ოღონდ სიხარულს გაუფრთხილდით... ლაღი სული, წრფელი გული შეინახეთ.


8. სილამაზის და უბრალოების მორგება მეტად ძნელია, მაგრამ მშვენიერებაც სწორედ ამ ორი თილისმის შედუღებაშია.


9. საკვირველია, როგორ ეჭიდება ადამიანი მკვდარ მეგობარს, ნათესავს, მახლობელს! რომ სიცოცხლეშიც იმდენივე ეზრუნათ მათთვის, ადამიანი უფრო მეტ ხანს იცოცხლებდა.


10. რკინის დროებაში ვცხოვრობთ, ამიტომ ახლა ყველაზე ძნელი საშოვნელი გული ყოფილა. სიყვარული მოკვდა... მოკვდა!


11. ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება.


12. მოუსმინეთ, მაგრამ მხოლოდ თქვენს საკუთარ თავს დაუჯერეთ!


13. ყველას ვიღაც ჰყავს, ყველა ვიღაცისთვის რაღაც არის, მე კი მხოლოდ მე ვარ, მარტოდმარტო, მივიწყებულ და პატარა კენჭივით დაკარგულ ქვეყნიურ ზღვაში.


14. დალიეთ! დალიეთ, მაგრამ ნუ გაილეშებით. გაიცინეთ, მაgრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით, იმღერეთ, ოღონდ ნუ აბღავლდებით, შეიყვარეთ, მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ.


15. ადამიანი მხოლოდ იმას აფასებს, რასაც ჰკარგავს და რასაც ხელახლა პოულობს.


16. ზოგიერთის დუმილიც კი საქვეყნოდ ღაღადებს, ხოლო ზოგი შაბათიდან შაბათამდე ყბედობს და მაინც რიყის ლოდივით მუნჯია.


17. მუდმივად მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, თითქოს ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.


18. ერიდეთ ყველას, ვინც არ იცინის, არც მღერის, არც სვამს და არც არშიყობს. ასეთი კაცი სამოთხეში შეგიპატიჟებს და ჯოჯოხეთში გიკრავს თავს...


19. სულიერ მოდუნებას ისევ თავის მოკვლა სჯობია.


20. ადამიანი ერთსა და იმავე ალაგას მეორეჯერ აღარ წაიქცევა, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველი ნაბიჯი წასაქცევი ალაგია და ამიტომ ნურავინაც ნუ დაიფიცებს, ამას იქით აღარ წავიქცევიო.


21. ყველა გზები და ბილიკები იმედების ნანგრევებზე იყრის თავს.


22. თავმოყვარეობა შეიძინე და შენი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.


23. საოცარია, როგორ მალე პოულობენ ერთმანეთს ნათავადარნი, ნაგენერალევნი და ნაკაცარნი!


24. ნუ შეუშინდებით შეცდომას, ვინაიდან მარტო ბრმა მერწყული ვირი არ შეცდება ხოლმე, შეჩვეულ ბილიკს ერთი ნაბიჯით არ გადასცდება, ხოლო თვალხილული ადამიანი მუდამ ახალ გზას ეძებს და ამიტომაც ხშირად ცდება ხოლმე... 


 

 

big_banner
არქივი