logo_geo
წყლით მდიდარ ეგზოპლანეტაზე უცნაური, პრიმიტიული ატმოსფერო აღმოაჩინეს
- +

12 მაისი. 2017. 22:52



ნეპტუნის ზომის შორეული პლანეტის გარშემო ატმოსფეროს აღმოჩენამ მეცნირები საკმაოდ გააკვირვა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების ირგვლივ ახალი აღმოჩენების კვალდაკვალ, მზის სისტემაში ნასწავლი გაკვეთილები ეგზოპლანეტებს ყოველთვის არ ესადაგება. 


ამ შემთხვევაში, დედამიწიდან 437 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტა HAT-P-26b ე. წ. „თბილი" ან „ცხელი ნეპტუნია", რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ნეპტუნის მასისაა, თუმცა თავის დედა-ვარსკვლავს ძალიან ახლო მანძილიდან უვლის გარს. მსგავსი პლანეტები ადრეც აღმოუჩენიათ, მაგრამ HAT-P-26b ყველა მათგანისგან განსხვავდება.


„ასტრონომებმა სულ ახლახან დაიწყეს შორეული, ნეპტუნის მასის პლანეტათა ატმოსფეროების შესწავლა და თითქმის დაუყოვნებლივ, აღმოვაჩინეთ მაგალითებიც, რომლებიც მზის სისტემაში დამკვიდრებულ ტენდენციას ეწინააღმდეგება", - ამბობს ჰანა ვეიკფორდი, NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის მკვლევარი.


HAT-P-26b-ის შემთხვევაში, ნამდვილად მოულოდნელი იყო მისი პირველადი ატმოსფერო, რომელიც თითქმის მთლიანად წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება. ატმოსფეროს ქონა პლანეტისთვის, რომელიც დედა-ვარსკვლავთან იმდენად ახლოსაა, რომ მის გარშემო ერთ შემოვლას მხოლოდ 4,23 დღეს ანდომებს - არღვევს იმ მოდელს, რომელსაც ასტრონომები სხვა პლანეტათა ატმოსფერული შემადგენლობის საკვლევად იყენებენ.


მჭიდრო ორბიტის გამო, HAT-P-26b შედარებით ადვილი შესასწავლია. ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც ასტრონომები ეგზოპლანეტათა ატმოსფეროს იკვლევენ, ტრანზიტია - ანუ, როდესაც პლანეტა თავის დედა-ვარსკვლავის წინ ჩაივლის.


ტრანზიტის დროს, ტელესკოპი ახდენს პლანეტის ატმოსფეროს მიერ გაფილტრული ვარსკვლავის შუქის ანალიზს, რისი წყალობითაც, ვადგენთ საჰაერო სივრცის ქიმიურ შემადგენლობას.


NASA-ს ჰაბლისა და სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპების მონაცემების შესწავლისას, ფეიკფორდის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ HAT-P-26b-ის ატმოსფერო ღრუბლებისგან ძირითადად თავისუფალია, მაგრამ ჩანს წყლის ძლიერი კვალი - როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს გახლავთ წყლის ამ დრომდე საუკეთესო კვლევა ამ ზომის ეგზოპლანეტაზე.


ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ წყლის ხელწერამ ჯგუფს შესაძლებლობა მისცა განესაზღვრა HAT-P-26b-ის მეტალიანობა: სივრცე, რომელშიც პლანეტის ატმოსფეროში დომინირებს წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტები.


ჩვენი მზის სისტემის შემთხვევაში, მეტალიანობა დაბალი აქვთ დიდ პლანეტებს, მაგალითად გაზის გიგანტებს - იუპიტერსა და სატურნს. მაგალითად, იუპიტერის მეტალიანობა მზისას 5-ჯერ ჩამორჩება, სატურნისა კი 10-ჯერ.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ატმოსფერო ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება. ამის საპირისპიროდ, უფრო პატარა პლანეტებს, რომლებიც მზეს უფრო შორი მანძილიდან უვლიან გარს, ბევრად მაღალი მეტალიანობა აქვთ.


მთავარი აქ ისაა, რომ როგორც მინიმუმ, მზის სისტემის გარე პლანეტების შემთხვევაში, მეტალიანობა უფრო დაბალი აქვთ  დიდ პლანეტებს, ვიდრე მზესთან ახლოს მდებარეებს.


მეცნიერთა აზრით, ასე იმიტომ ხდება, რომ როდესაც ეს პლანეტები მზის გარშემო არსებული პროტოპლანეტური მტვრისგან წარმოიქმნა, მზის სისტემა ჯერ ახალგაზრდა იყო, იუპიტერი და სატურნი კი მძიმე ელემენტებით მდიდარი ყინულოვანი ნარჩენებით ნაკლებად იბომბებოდა.


შედეგად, მათი ატმოსფეროს მეტალიანობა დღეისათვის დაბალია. 


მაგრამ HAT-P-26b-ის შემთხვევაში, საქმე გვაქვს პლანეტასთან, რომელიც თავის დედა-ვარსკვლავთან ახლოსაა და მისი ატმოსფერო მაინც მთლიანად წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება, სატურნისა და იუპიტერის მსგავსად.


„ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავის ვარსკვლავთან ახლოს დაიბადა ან მოგვიანებით დაიბომბა მძიმე ელემენტებით მდიდარი ყინულოვანი ნარჩენებით", - უთხრა ვეიკფორდმა Los Angeles Times-ს.


„არ ვიცოდით, რომ ვარსკვლავთან ახლოს ამ ზომის პლანეტების წარმოქმნა შესაძლებელი იყო".


ეს აღმოჩენა ასტრონომთათვის განსაკუთრებით ფასეულია, რადგან ამტკიცებს თუ რა მრავალფეროვანია პლანეტური შესაძლებლობები და რამდენად საკვირველი წლები მოდის კოსმოსურ მეცნიერებაში.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი