logo_geo
დაუჯერებელი სიყვარულის სამი ამბავი
- +

13 მაისი. 2017. 16:19


რა არის სიყვარული, საიდან მოდის, რა ძალა კვებავს ან რატომ ქრება? ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. ზოგისთვის სიყვარული მოდური და გასართობი აქსესუარია, ზოგისთვის - წვიმაში ერთი ქოლგის ქვეშ ჩახუტებული სეირნობა, რჩეულებისთვის კი - საყვარელი ადამიანის გვერდით გატარებული მთელი ცხოვრება...


თანამედროვე რომეო და ჯულიეტა

 


2009 წელს ყველა ინდური გაზეთი თანამედროვე რომეო და ჯულიეტას შესახებ წერდა, რომლებმაც დაშორებას სიკვდილი ამჯობინეს. ადგილობრივმა სასოფლო საბჭომ (მას ინდოეთში პანჩაიატი ეწოდება) ინდუს ლოკეშს და მუსლიმან ამრინს ქორწინების შეწყვეტა ან სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება მოსთხოვა, რადგან ასეთი კავშირი დაუშვებლად მიიჩნია. ცოლ-ქმარმა დაცილებას სიკვდილი ამჯობინა და საწამლავის სასიკვდილო დოზა მიიღო. მოგვიანებით, ინდურმა პოლიციამ სოფლის პანჩაიატი თვითმკვლელობის წახალისებაში დაადანაშაულა, თუმცა საბრალო შეყვარებულებს ეს ამბავი ვერაფრით დაეხმარა.


ხელჩაკიდებული სიკვდილი 72-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ



აიოვაში მცხოვრები ცოლ-ქმარი - 90 წლის ნორმა და 94 წლის გორდონ იეგერმანები 72-წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ, ავტოკატასტროფაში მოყვნენ. წყვილი ინტენსიური თერაპიის პალატაში ისე გადაიყვანეს, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ. როცა ნორმამ და გორდონმა ერთმანეთი გაიცნეს, გოგონა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, ხოლო გორდონი „შევროლეს" ცენტრში, ტექმომსახურების სადგურზე მუშაობდა. წყვილი 1939 წლის 26 მაისს დაქორწინდა - იმავე დღეს, როცა ნორმამ სწავლა დაასრულა, და მას შემდეგ ერთმანეთს აღარასოდეს დაცილებიან.


საავადმყოფოში ყოფნის დროს, უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის ხელი უკანასკნელ წამამდე არ გაუშვიათ. ნორმა გორდონის გარდაცვალებიდან ერთ საათში დაიღუპა. წყვილს ოთხი შვილი და ექვსი შვილიშვილი დარჩა.


წყვილი, რომელიც ტრაგედიამ გააძლიერა

 

 

ტეილორ მორისსა და დანიელ კელის ერთმანეთი სკოლაში სწავლის პერიოდში შეუყვარდათ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი ვერც წარმოედგინათ, წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობდა.


2007 წელს მორისი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. რამდენიმეწლიანი სწავლების შემდეგ, ახალგაზრდა ნაღმებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფის სამსახურის უფროსად დანიშნეს და წყვილი საცხოვრებლად აიოვადან ვირჯინიაში გადავიდა. მალე მორისის სამხედრო დანაყოფი ავღანეთში მიავლენეს, სადაც ტრაგედია მოხდა. თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად ახალგაზრდა კაცმა ორივე ფეხი და ხელი დაკარგა, თუმცა წყვილის ურთიერთობაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ისინი დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ და შვილის გაჩენას გეგმავენ. ტეილორისა და დენიელის სიყვარულის ამბავმა მთელი მსოფლიო მოიარა და  მილიონობით წყვილისთვის სიყვარულის, ერთგულებისა და თავდადების მაგალითი გახდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი