logo_geo
გულწრფელი სიყვარული თუ ქონებაზე ნადირობა? - ქორწინებები, რომლებმაც მსოფლიო გააოცა
- +

14 მაისი. 2017. 14:32

 

იყო დრო, როდესაც სამეფო ოჯახებში უთანასწორო ქორწინება გაკიცხვის მიზეზი ხდებოდა, თუმცა თანამედროვე მსოფლიოს ღირებულებებმა სამეფო ოჯახებშიც შეაღწია და ამჟამად, სამეფო ოჯახების წევრები არცთუ იშვიათად ქორწინდებიან „უბრალო მოკვდავებზე". თანამედროვე მსოფლიოში უთანასწორო ქორწინება სულ უფრო ნაკლებად ხდება განსჯის საგანი, თუმცა მაინც გვხვდება გამონაკლისები, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიქციეს და მათ ირგვლივ დაიწყო საყოველთაო განხილვა თემაზე - გულწრფელი სიყვარული თუ ქონებაზე ნადირობა.

 

1943 წლის 16 ივნისს შედგა მსოფლიოს უდიდესი კომიკოსის ჩარლი ჩაპლინისა და უნა ო'ნილის ქორწინება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1942 წელს ჩარლი ფილმისთვის „მოჩვენება და რეალობა" მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. მას ცნობილი ამერიკელი დრამატურგის  ქალიშვილი, 17 წლის უნა ო'ნილი შესთავაზეს. მალე კომიკოსი მიხვდა, რომ, 20-წლიანი სხვაობის მიუხედავად, უნა თავდავიწყებით შეუყვარდა. ჩარლიმ და უნამ ერთად 35 წელი გაატარეს და შვიდი შვილი შეეძინათ.





ნორვეგიის კრონპრინცი ჰოკონი და კრონპრინცესა. როგორც აღმოჩნდა, ჩვეულებრივი მიწის მზომელსაც შეუძლია, პრინცესა გახდეს, რაც კლერ ლუიზ კუმბსმა პირად მაგალითზე დაამტკიცა, როცა 2003 წელს ბელგიის მეფის ალბერტ მეორის უმცროს ვაჟს ცოლად გაჰყვა. მეფის ოჯახი ამ ფაქტს აღფრთოვანებით არ შეხვედრია, მაგრამ ვინაიდან სამეფო ტახტი უფროს ვაჟს ეკუთვნოდა და ჰოკონს პრეტენზია ვერაფერზე ექნებოდა, ქორწინება მაინც შედგა.





30 წლის მომღერლის პროხორ შალიაპინისა და 58 წლის ლარისა კოპეიკინას უთანასწორო ქორწინება საზოგადოებამ თავიდანვე ფულზე ნადირობად შეაფასა და არც შემცდარა. 2013 წლის 3 დეკემბერს გამართული საქორწინო ცერემონიალის შემდეგ სიძემ პატარძლისგან, რომელიც უძრავი ქონების მსხვილი სააგენტოს მფლობელი გახლავთ, საჩუქრად მოსკოვის ცენტრში 18 მილიონ რუბლად შეფასებული ბინა მიიღო, თუმცა წყვილის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 2014 წელს ლარისა კოპეიკინამ შალიაპინთან გაყრა ოფიციალურად გააფორმა. განქორწინების შემდეგ, კოპეიკინა მარტო დიდხანს არ დარჩენილა. 60 წლის იუბილეზე მდიდარ „საპატარძლოს" ხელი და გული მისმა მორიგმა საყვარელმა - 25 წლის იური შარაპოვმა შესთავაზა.





საზოგადოება დიდი ხანია დარწმუნდა, რომ სიუზან სარანდონისთვის ასაკობრივ სხვაობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. 66 წლის მსახიობმა 36 წლის ჯონათან ბრიკლინთან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა, თუმცა საქმე ქორწინებამდე არ მისულა, რადგან 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. როგორც ჩანს, ასაკს არც ახალგაზრდა ალფონსისთვის აქვს მნიშვნელობა და მისთვის მთავარია, პარტნიორი ცნობილი და მდიდარი იყოს. სარანდონთან დაშორების შემდეგ მისმა ახალგაზრდა ბოიფრენდმა პაბლო პიკასოს 64 წლის შვილიშვილთან მარინასთან გააბარა რომანი.





ჰოლივუდს დიდი ხანია აღარაფერი უკვირს, თუმცა ვუდი ალენის ქორწინება განსაკუთრებული შემთხვევა გახლავთ. ასაკში 35-წლიანი სხვაობის გარდა, საზოგადოების აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ რეჟისორის რჩეული მისი ნაშვილები გოგონა გახლდათ. შოკისმომგვრელი გარემოებების მიუხედავად, წყვილი დაქორწინდა და 2 შვილი შეეძინა.





მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის, 75 წლის რობერტო კავალისა და 28 წლის შვედი მოდელის ლინა ნილსონის სასიყვარულო ურთიერთობას საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თუმცა წყვილისთვის ასაკში 47-წლიანი სხვაობა ხელისშემშლელი არ აღმოჩნდა. 2009 წელს დიზაინერი ცოლს გასცილდა და მოდელზე იქორწინა.






ჟურნალი „PLAYBOY"-ს 90 წლის დამფუძნებელმა, 86 წლის ჰიუ ჰეფნერმა თავისავე ჟურნალის 26 წლის მოდელი კრისტალ ჰარისი მოიყვანა. ჰეფნერისა და მასზე 60 წლით უმცროსი მოდელის ურთიერთობებს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლიათ, თუმცა საქორწინო ცერემონიალი მაინც გაიმართა.





მექსიკელი კინომსახიობი და პროდიუსერი სალმა ჰაიეკი ცოლად გაჰყვა პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, 30 წლით უფროს ფრანგ მილიარდერს ფრანსუა პინოს. ამჟამად, სალმა 50 წლისაა, ფრანსუა კი 80 გახდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს და თავს ბედნიერად გრძნობს.





ასაკში 23-წლიანი სხვაობა აარონ ჯონსონისა და ემ ტაილერის ქორწინებისთვის ხელისშემშლელი არ აღმოჩნდა. მსახიობებმა ერთმანეთი 2009 წელს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და შეუყვარდათ. ამჟამად წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.





მსოფლიოში ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ალ პაჩინოს, რომელიც მალე 80 წელს მიუკაკუნებს, გვერდს ახალგაზრდა მზეთუნახავი ლუსილა სოლა უმშვენებს. 2015 წელს დაქორწინებულ წყვილს შორის ასაკში სხვაობა 39 წელია, თუმცა ერთმანეთის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობენ.



ანა ნიკოლ სმიტმა და ჯეიმს ჰოვარდ მარშალმა ერთმანეთი 90-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთ სტრიპტიზ კლუბში გაიცნეს, სადაც ამერიკელი მოდელი და მსახიობი პერიოდულად, სტრიპტიზიორად მუშაობდა. ასაკში 62-წლიანი განსხვავების მიუხედავად, წყვილი 1994 წლის 27 ივნისს დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ, 90 წლის მარშალი გარდაიცვალა, თუმცა მისი ქონების გაყოფაზე ანა ნიკოლსა და მარშალის შვილს შორის დაწყებული სასამართლო დავა 11 წელს გაგრძელდა. 2006 წელს მარშალის ვაჟი ინფარქტით გარდაიცვალა და მთელი ქონება სუპერმოდელს დარჩა. ცხოვრების უკანასკნელი წლები ანა ნიკოლმა ბაჰამის კუნძულებზე გაატარა, სადაც 2007 წლის 8 თებერვალს დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა.



ამერიკელი მომღერლის, პიანისტისა და როკ-ენ-როლის ერთ-ერთი პიონერის, 23 წლის ჯერი ლი ლუისის აღმავალი კარიერა თითქმის მთლიანად გაანადგურა სკანდალმა, რომელიც 1958 წელს 13 წლის ბიძაშვილზე დაქორწინებას მოჰყვა. მისი სიმღერები თითქმის მთლიანად გაქრა ამერიკული რადიოსადგურების ეთერიდან. 1970 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.





მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ნორვეგიელი კონკიას ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 1968 წელს ნორვეგიის პრინცი ჰარალდი (მოგვიანებით, ჰარალდ მეექვსე) ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველზე სონი ჰარალდსენზე დაქორწინდა. წყვილი ქორწინების ნებართვას 9 წელი ელოდა.


 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი