logo_geo
უკიდურესად გაბერილი, ძალიან დაბალი სიმკვრივის ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი
- +

16 მაისი. 2017. 20:59



სტრონომებმა აღმოაჩინეს გიგანტური, იუპიტერიზე დიდი ეგზოპლანეტა, რომელსაც უკიდურესად დაბალი მასა აქვს. შემადგენლობის წყალობით, ამ „გაბერილი" ეგზოპლანეტის სიმკვრივე დაახლოებით პენოპლასტის (ე. წ. ზღვის ქაფი) მსგავსია.


პლანეტა KELT-11b დედამიწიდან 320 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. აღმომჩენი ჯგუფის განცხადებით, ეს „უკიდურესად გაბერილი" ეგზოპლანეტა ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილი მესამე ყველაზე დაბალი სიმკვრივის პლანეტაა, რომელსაც შეუძლია უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს მსგავსი სხეულების წარმოქმნის შესახებ. 


„ის ძალიან გაბერილია, იუპიტერზე 40%-ით დიდი, თუმცა აქვს მისი მასის მხოლოდ მეხუთედი, სიმკვრივე დაახლოებით პენოპლასტის მსგავსია და აქვს უკიდურესად ვრცელი ატმოსფერო", - ამბობს ასტრონომი ჯოშუა პეპერი. 


გარდა KELT-11b-ის უჩვეულო სიმკვრივისა, ეს პლანეტა უცნაურია დედა-ვარსკვლავის თვალსაზრისითაც, რომელიც უკიდურესად კაშკაშაა. ამ ვარსკვლავს KELT-11 ეწოდება და ამჟამად წითელ გიგანტად გადაქცევის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის უკვე ამოწურა თავის ბირთვული საწვავი და ბირთვის ქერქის წყალბადის გამოყენება დაიწყო.


მეცნიერთა ვარაუდით, მომდევნო 100 მილიონი წლის განმავლობაში, KELT-11b-ს დედა-ვარსკვლავი შთანთქავს, რადგან ამ უკანასკნელის გარე ფენები აქტიურად ფართოვდება.


თუმცა, სანამ შთქნთქმა დაიწყება, ასტრონომები გეგმავენ შეისწავლონ მისი ატმოსფეროს შემადგენლობა. 


აღსანიშნავია, რომ ეს ვარსკვლავი ყველაზე კაშკაშაა სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე, რომელსაც ტრანზიტული პლანეტა ჰყავს - რაც იმას ნიშნავს, რომ ორბიტაზე მოძრაობის დროს, პლანეტა KELT-11b დედამიწასა და თავის ვარსკვლავს შორის გაივლის.


სწორედ ტრანზიტის მეთოდით პოულობენ ასტრონომები ხშირად ეგზოპლანეტებს, რადგან შორეული ვარსკვლავის შუქი, რომელსაც ტელესკოპები აღიქვამენ, პლანეტის ჩავლისას ოდნავ მცირდება.


თუმცა, ვარსკვლავ KELT-11-ის შემთხვევაში, ამ პლანეტის ტრანზიტით გამოწვეული ჩაბნელება ასტრონომებმა ძლივს შენიშნეს არიზონასა და სამხრეთ აფრიკაში მდებარე ტელესკოპის წყვილ KELT-ის გამოყენებით.

 

„ეს აღმოჩენა ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. დაკვირვებებისას, ტრანზიტი ძლივს შეიმჩნეოდა (0,3% ცვლილება ვარსკვლავის სინათლეში) და ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა სარწმუნო, სრული ცნობების მიღება", - განუცხადა პეპერმა Phys.org-ს.


შემდგომმა დაკვირვებებმა თანდათან დაადასტურა პლანეტა KELT-11b-ის არსებობა. შუქი, რომელმაც თავდაპირველად ასე გაართულა ეგზოპლანეტის აღმოჩენა, ამჯერად ასტრონომებს მისი ატმოსფეროს შემადგენლობის გარკვევაში ეხმარება. 


როგორც ჩანს, KELT-11b იმაზე ორჯერ დიდია, ვიდრე მისი მასისა და დედა-ვარსკვლავთან დაშორებიდან გამომდინარე უნდა იყოს. 


„ვფიქრობთ, KELT-11b დიდებული სატესტო შემთხვევაა, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ მექანიზმი, რომელიც პლანეტათა ასე გაბერვას იწვევს", - უთხრა პეპერმა Phys.org-ს.


აღმოჩენის შესახებ The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი