logo_geo
ირანელი დიდგვაროვნის და მონათა ბაზარზე ნაყიდი თბილისელი გოგონას სიყვარულის ამბავი
- +

29 ნოემბერი. 2016. 15:25



მუტაიდის ბაღი თბილისელებისთვის საუკუნეზე მეტია, საყვარელი ადგილია. აქ იმართებოდა პირველი თეატრალური წარმოდგენები, გადმოცემით, სწორედ მუშტაიდის საზაფხულო ესტრადის სცენაზე იხილა გენიოსმა ფიროსმანმა პირველად თავისი მარგარიტა. მუშტაიდის ბაღში გაიყვანეს მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიზა... ამ ბაღის დაარსებას კი მეტად სევდიანი ამბავი უდევს საფუძვლად - ლამაზი და გულანთებული სიყვარულის ისტორია...


ბაღის დამაარსებელი ირანში მცხოვრები, დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი და შიიტების რელიგიური ლიდერი ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი ყოფილა, რომელიც ატარებდა წოდებას - მუჯტაჰიდ. სწორედ აქედან მომდინარეობს ბაღის სახელი - მუშტაიდი.


ზრდილი, განათლებული, გულუხვი და მრავალი კეთილი თვისებით შემკული თავრიზი ირანის შაჰმა სამშობლოდან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გამოაძევა და იძულებული გახადა, თავშესაფარი უცხო ქვეყანაში ეძებნა.


შაჰის მიერ შერისხულმა ახალგაზრდამ ცივსა და სუსხიან რუსეთს ქართველი ცოლის რჩევით, თბილი კლიმატის საქართველო არჩია და 1828 წელს თბილისში დასახლდა.


იმდროინდელი ხელისუფლება ირანელს თბილად დახვდა და, ახალი სახლის გარდა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა.


მუშტაიდს ულამაზესი ქართველი ცოლი ჰყავდა. ნინო თბილისელი გოგონა იყო, რომელიც სახლიდან გაიტაცეს და თურქეთში გადაიყვანეს.


სანამ მუშტაიდი სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე ულამაზეს ქართველ ტყვე ქალს იყიდდა, ნინომ უამრავი გასაჭირი გამოიარა.  სწორედ  მისი თხოვნით აირჩია მუშტაიდმა საცხოვრებლად თბილისი. ქალი იმედოვნებდა, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულს დედ-მამის ხილვის საშუალება ექნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა...


ნინოს მშობლები შვილის დაკარგვით გამოწვეულმა დარდმა გადაიყოლა. ამ ამბის გაგების შემდეგ, დიდხანს აღარც ნინოს უცოცხლია. ლოგინად ჩავარდა და ექვს თვეში გარდაიცვალა.


მუშტაიდმა საყვარელი მეუღლე სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე ნინოს საყვარელი წითელი ვარდები გაახარა. ცოლის დაკარგვით გამოწვეულ დარდს მუშტაიდი ყვავილებზე ზრუნვით იქარვებდა და ბაღში ახალ-ახალ ყვავილებს რგავდა. ასე გაჩნდა საფლავის გარშემო თვალწარმტაცი ყვავილების კორომი, რომლის მოსარწყავად მუშტაიდმა მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გაიყვანა. დღეისთვის ბაღში ათასობით უნიკალური მცენარეთა ჯიშებს იხილავთ.


1845 წელს შაჰის მიერ შეწყალებული ირანელი სამშობლოში დაბრუნდა. წალკოტად ქცეული ბაღი კი ერთ-ერთ ადგილობრივ ვაჭარს მიჰყიდა.


დროთა განმავლობაში მუშტაიდის ბაღი გაიზარდა და დედაქალაქის მთავარ სასეირნო და გასართობ ადგილად იქცა.


1887 წელს ბუნებისმეტყველი ნიკოლოზ შავროვის თაოსნობით, ბაღის ტერიტორიაზე კავკასიის სააბრეშუმო სადგური დაარსდა და პარკი სახელმწიფოს განკარგულებაში გადავიდა.


გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, რომელიც 1884 წელს თბილისს ეწვია, მუშტაიდის ბაღზე წერდა:


„მუშტაიდი ჰქვია მტკვრის პირას მდებარე ვრცელ და მშვენიერ ბაღს, დასერილს ხეივნებით, სადაც სეირნობენ ეტლებითა და ფეხით. ამ ხეივნებს ორსავე მხარეს ჩარიგებული აქვს ველურ ვარდთა და სხვა მცენარეთა ბუჩქები, ხოლო ზედ ხეებზე ყურძნის მტევნებით დახუნძლული ვაზი ადის. ამ ამწვანებულ, დაჩრდილულ ბაღში ყოველ საღამოს იკრიბება თბილისის საუკეთესო საზოგადოება".


მიუხედავად იმისა, რომ ბაღმა სახელი რამდენჯერმე გამოიცვალა, ხალხში მას დამაარსებლის, მუშტაიდის სახელი შერჩა...


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი