logo_geo
დედამიწის მანტიაში ტექტონიკური ფილების ახალი ფენა აღმოაჩინეს
- +

25 მაისი. 2017. 23:31



პირველად ისტორიაში, აღმოსავლეთ აზიის ქვეშ, დედამიწის მანტიაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს შრე, რომელიც სავარაუდოდ, ტექტონიკური ფილების დამატებითი ფენაა. აღმოჩენის შედეგად, შესაძლოა საბოლოოდ აეხადოს ფარდა ფიჯისა და ავსტრალიას შორის მიმდინარე უცნაურ მიწისძვრათა სერიის საიდუმლოს.


უძველესი დედამიწის უზარმაზარი ფილის არსებობის მტკიცებულებას წყნარი ოკეანის პატარა კუნძულის, ტონგას ქვეშ მიაგნეს - ზუსტად იქ, სადაც ხდება პლანეტის თითქმის ყველა ღრმა მიწისძვრა. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ფენა ისეთივე სწრაფად გადაადგილდება, როგორც ტექტონიკური ფილები ზედაპირზე.


„არსებითად, დედამიწის ღრმა სეისმურ აქტივობათა 90% (500 კმ-ზე მეტი სიღრმე) ტონგას ზონაში ხდება, სადაც მივაგენით გრძელ, ბრტყელ ფილას", - უთხრა The Guardian-ს ჰიუსტონის უნივერსიტეტის გეოლოგმა ჯონი ვუმ.


დედამიწის მანტია მყარი ქანების უზარმაზარი ფენაა, რომლის სისქეც დაახლოებით 3000 კილომეტრია და იგი ბლანტი სითხესავით მოძრაობს პლანეტის ქერქის ქვეშ; ქერქზე ჩვენ ვცხოვრობთ. 


მანტიის გადაადგილებასთან ერთად, მის გასწვრივ გადაადგილდება ქერქიც, რაც ტექტონიკური ფილების ცვლილებასაც იწვევს.


ხანდახან ხდება ფილების ერთმანეთისგან დაშორება, რაც ოკეანის ფსკერის გახსნას და მაგმის ამოსვლას იწვევს. თუმცა ხდება საპირისპირო მოვლენაც - ფილები ერთმანეთს აწვებიან და შედეგად, ხდება მიწისძვრები, წარმოიქმნება მთის მასივები, ნაპრალები და ვულკანები.


ფილების შეჯახებისას, შესაძლოა ასევე განვითარდეს პროცესი, რომელსაც სუბდუქციას უწოდებენ, რაც იწვევს ორი ფილიდან ერთ-ერთის ჩავარდნას მანტიაში, საიდანაც ის დედამიწის ბირთვში ჩაძირვას აგრძელებს. 


ამჯერად, ვიზუალიზაციის ახალი ტექნიკის წყალობით, რომელიც მიწისძვრათა მონაცემების გამოყენებით დედამიწის შიდა სტრუქტურის ხილვის შესაძლებლობას გვაძლევს, ვუსა და მისი ჯგუფის განცხადებით, მათ აღმოაჩინეს ფენა, რომელიც 50-60 მილიონი წლის წინ, მანტიაში ჩაძირული ტექტონიკური ფილების სტრუქტურა უნდა იყოს.


მკვლევრებმა მათ გარდამავალ ზონაში მიაგნეს - მანტიის ნაწილში, რომელიც ზედა და ქვედა სექციებს შორისაა მოქცეული, 410-660 კმ სიღრმეზე.


აღმოჩენის შესახებ ამ კვირაში, იაპონიის დედამიწის მეცნიერებათა კავშირისა და ამერიკის გეოფიზიკური კავშირის ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადეს. აღმოჩენა დამოუკიდებელმა ჯგუფმაც უნდა დაამტკიცოს და თუკი ასე მოხდა, გაჩნდება უამრავი კითხვა.


ალბათ ყველაზე დიდი კითხვა დაკავშირებული იქნება დედამიწის ქერქისა და მანტიის ჩვენეულ გაგებასთან და იმ მცირე საზღვრებთან, რომლითაც მათ ვანსხვავებთ.


„ფილების ტექტონიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი იზოსტატიკურობაა, რომლის მიხედვითაც, ფართო ხაზებში შეგვიძლია მოვნიშნოთ ზონა, რომელიც „ქერქს" მიეკუთვნება. იქიდან გამომდინარე, რომ ფილათა უმრავლესობა ირხევა, უნდა ხდებოდეს აწევა, მაღლა კი თავისუფალი მაგმა არაა, სწორედ ამ ქერქის ქვეშაა განთავსებული „მანტია", -ამბობს ალექსანდრუ მიკუ.


თუმცა, მანტიაში ჩაძირვის სანაცვლოდ, ეს ფილები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ზედაპირზე მოიქცეოდნენ.


„ისინი ჰორიზონტალურად, დაახლოებით იგივე სიჩქარით სრიალებს, რითაც ზედაპირის ფილები და შეუძლიათ ათასობით კილომეტრით გადაადგილება სუბდუქციის წერტილიდან. ასევე შეუძლიათ ზუსტად ისევე გაღუნვა, როგორც ზედაპირის ფილებს; დამსხვრევის დროს გამოთავისუფლებული ენერგია კი მიწისძვრებს იწვევს".


ამ ფილებს შეუძლია პასუხი გასცეს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გეოლოგიურ შეკითხვებს - მათ შორის, რამ გამოიწვია ღრმა, მძლავრ მიწისძვრათა სერია, რომელიც წარსულში დაფიქსირდა ფიჯისა და ავსტრალიას შორის არსებული მანტიის მონაკვეთში.


ჯგუფის ვარაუდით, ისევე, როგორც ქერქის ფილების გადაადგილება იწვევს მიწისძვრას, შესაძლებელია, რომ ღრმა მიწისძვრებს მანტიაში მცოცავი ფილებიც განაპირობებდეს.


კვლევა ჯერ მხოლოდ წინასწარია და ჰიპოთეზებს შემდგომი დადასტურება სჭირდება.


თუმცა, რა შედეგიც არ უნდა დაიდოს საბოლოოდ, აშკარაა, რომ ჩვენი პლანეტა ზედაპირქვეშ ძალიან ბევრ ისეთ რამეს მალავს, რის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით, მაგალითად ახალ კონტინენტ ზელანდიას.


ამჯერად, პირველად ვხედავთ იმის რეალურ ნიშნებს, რომ დედამიწის მანტია და ქერქი იმაზე გაცილებით რთული და კომპლექსურია, ვიდრე შეგვეძლო გვევარაუდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი