logo_geo
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ნაპოვნია!
- +

27 მაისი. 2017. 01:36



მეცნიერები უკვე აღარ დავობენ, რომ სწრაფი რადიოიმპულსები (FRB) ამ ეტაპზე სამყაროს ყველაზე იდუმალი ფენომენია. ისინი ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი სიგნალებია, რაც კი ოდესმე კოსმოსში დაუფიქსირებიათ. სულ რაღაც მილიწამების განმავლობაში, ეს სიგნალები იმდენივე ენერგიას შეიცავს, რამდენის გამომუშავებასაც 500 მილიონი მზე დასჭირდებოდა. მათ ახსნას მეცნიერები ამ დრომდე ამაოდ ცდილობდნენ.


თუმცა ახლახან, ასტრონომებმა განსაზღვრეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი FRB-ს წარმოშობის ზუსტი ადგილი, რის შედეგადაც გაჩნდა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ ამ იდუმალ სიგნალებს ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავები გამოყოფენ - დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მკვრივი ობიექტები. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება გარკვეული პრობლემა - შესაძლოა არსებობდეს ორი ტიპის FRB, მაგრამ ეს ახსნა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს ესადაგება. 


სწრაფი რადიოიმპულსები მეცნიერთათვის ასახსნელად საკმაოდ შერეული ფენომენია, რადგან ის წააგავს ნემსის ტრაექტორიის ძიებას სამყაროს ზომის თივის ზვინში, თანაც, ნემსი წამის მეათასედებში უჩინარდება.


უკიდურესად სწრაფი ბუნების გამო, ასტრონომებს ჯერჯერობით მხოლოდ 23 FRB აქვთ დაფიქსირებული, მიუხედავად იმისა, რომ მათი ვარაუდით, ყოველდღიურად სამყაროში დაახლოებით 2000 ასეთი სიგნალი დაჰქრის.


თუმცა ერთმა განსაკუთრებულმა FRB-მა სახელად FRB 121102, საბოლოოდ მოგვცა ბრძოლის შანსი, რადგან იგი განმეორებადი ხასიათის მქონე ერთადერთი სწრაფი რადიოსიგნალია. 


სამყაროს იმ ადგილიდან წამოსულია 30 ასეთი სიგნალი, რაც უკვე არის იმის მიზეზი, რომ ასტრონომებმა ამ წერტილისკენ ტელესკოპები მიმართონ, ნაცვლად კოსმოსის შემთხვევითი თვალთვალისა იმ იმედით, რომ მათ კიდევ დააფიქსირებენ.


რამდენიმე თვის წინ, კანადის მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ FRB 121102-ის განმეორებადი სიგნალების წყაროს ძიებისას, გამოიყენეს ნიუ-მექსიკოში მდებარე ტელესკოპი Very Large Array (VLA). შედგეად, მათ მიაგნეს დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე მკრთალ ჯუჯა გალაქტიკას.


როგორც იმ დროისათვის გატყობინებდით, ამ განმეორებადი FRB-ების აღმოჩენამდე, წამყვანი თეორიის მიხედვით, ეს იმპულსები ჩვენივე გალაქტიკის შიგნიდან მოდიოდა და გამოწვეული იყო ნეიტრონული ვარსკვლავების კატაკლიზმური შეჯახებით, ზუსტად იგივე პროცესით, რომელიც შავ ხვრელს წარმოქმნის.


მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ FRB 121102 ირმის ნახტომის გარედან მომდინარეობს და მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მათი წყაროს ყველაზე სავარაოდი კანდიდატებად ნეიტრონულ ვარსკვლავებს ასახელებენ.


ნეიტრონული ვარსკვლავები ჩვეულებრივი ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად წარმოქმნილი უკიდურესად მკვრივი ობიექტებია, რომლებიც საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვისას რეგულარულად გამოყოფენ რადიოიმპულსებს.


ნეიტრონული ვარსკვლავის ძლიერი მაგნიტური ტიპი, რომელსაც მაგნეტარს ეძახიან, გარშემორტყმულია სუპერნოვას ან პულსარის აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი მატერიით, რაც კარგად ხსნის ენერგიის ჭავლების განმეორებადობას.


ამჯერად, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და ჰავაიზე მდებარე სუბარუს 8,2 მეტრიანი ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოების წყალობით, კანადის მაკგილისა და იაპონიის ტოჰოკუს უნივერსიტეტების მკვლევრებმა FRB 121102-ის წყაროში კიდევ უფრო ღრმად შეიხედეს - შორეული ჯუჯა გალაქტიკის ცენტრში მდებარე გიგანტურ ვარსკვლავურ ინკუბატორში.


„როგორც ჰაბლისა და სუბარუს ფოტოებზე ჩანს, ვარსკვლავთწარმომქმნელი კომპლექსი პატარა გალაქტიკის კიდეზე მდებარეობს", - წერს New Scientist-ი.


ჰაბლის დაკვირვებებიდან ირკვევა, რომ გალაქტიკის ხილული დიამეტრი დაახლოებით 20 000 სინათლის წელია, ირმის ნახტომის ზომის ერთი-მეექვსედი. ვარსკვლავური ინკუბატორი გალაქტიკის ცენტრიდან 6200 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და 4 400 სინათლის წელზე ვრცელდება, ბევრად უფრო დიდი ტერიტორიაზე, ვიდრე ირმის ნახტომში არსებული მსგავსი რეგიონები.


უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა ორივე ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები ჯერ წინასწარია, შესაბამისად, ზოგიერთი დეტალი შესაძლოა შეიცვალოს.


თუმცა, მათი განცხადებით, FRB 121102-ის განმეორებადი სიგნალების წარმოშობის ადგილად ამ ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონის მიჩნევა აძლიერებს მოსაზრებას, რომ მათი წყარო ნეიტრონული ვარსკვლავებია, რადგან ნეიტრონული ვარსკვლავები ყველაზე ხშირად სწორედ ასეთ რეგიონებში გვხვდება. 


ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო ისაა, რომ FRB 121102-ის წარმომავლობის ახსნის დავიწროვებასთან ერთად, შესაძლოა კიდევ უფრო დავშორდეთ ყველა იმ FRB-ის ახსნას, რომლებსაც განმეორებადი ხასიათი არ აქვთ.


ვაშინგტონის სენტ-ლუის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯონათან კატცმა, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა, გამოცემა New Scientist-ს განუცხადა, რომ FRB-ების დაკავშირება ნეიტრონულ ვარსკვლავებთან სრულიად შესაძლებელია; კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტის, აშშ-ის ეროვნული რადიოასტრონომიის ობსერვატორიიდან, დეილ ფრაილის განცხადებით, იძულებულია, მანაც ასე იფიქროს.


„არ მინდოდა ასეთი ფართო დასკვნის გამოტანა მხოლოდ ერთ მაგალითზე დაყრდნობით", - ამბობს ფრაილი.


ნადირობა კვლავ გრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრალიის ახალმა ტელესკოპმა CSIRO-მ, პირველი სწრაფი რადიოიმპულსები მხოლოდ ოთხდღიანი ძებნის შედეგად დააფიქსირა, იმედია არ მოგვიწევს დიდხანს ლოდინი, რათა კიდევ მრავალი მათგანი დავიჭიროთ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი