logo_geo
ჯო დასენის საბედისწერო შეცდომა, რომელიც მომღერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა
- +

27 მაისი. 2017. 16:38


 

ჯო დასენიმ მხოლოდ 42 წელი იცხოვრა და სიყვარულზე შექმნილი ათობით სიმღერა დატოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ პრესაში გაჩნდა უამრავი სტატია, რომლებშიც წერდნენ მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული მომღერლის სასიყვარულო ისტორიებზე და, სხვათა შორის, იმაზეც, რომ მისი უკანასკნელი სიყვარული გახდა მომღერლის ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი...


ამბობდნენ, რომ ჯო თავის პირველ ცოლს - მარიზ მასერას ღალატობდა. იმასაც წერდნენ, რომ ჯომ საყვარლების ცვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარიზი შეიცვალა - ქალი დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებდა დაფეხმძიმებას, რამაც მის ფსიქიკაზე იმოქმედა...


მრავალრიცხოვანი საყვარლების მიუხედავად, მომღერლის მეგობრების მტკიცებით, ჯოს ცხოვრებაში მხოლოდ მისი ორი ცოლი - მარიზი და კრისტინი არსებობდნენ და სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ მომღერლის ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი...


ამერიკული წარმოშობის ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორი ჯო დასენი (ჯოზეფ აირა დასენი) კინორეჟისორისა და მევიოლინეს ოჯახში დაიბადა. ჯო პატარა ბიჭი იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, რამაც უდიდესი სულიერი ტკივილი მიაყენა, თუმცა ორივე მშობელთან შესანიშნავი ურთიერთობა შეინარჩუნა.


მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლის დროს, გიტარაზე დაკვრა ჯოსთვის მხოლოდ ჰობი იყო და დიდხანს ფიქრობდა, რომელი პროფესია აერჩია სამომავლოდ - მომღერლის, ეთნოგრაფისა თუ მსახიობის.


თავიდან, სანამ თავის სტილს იპოვიდა, დეტროიტის ღამის კაბარეში მღეროდა და ამერიკული ხალხური სიმღერებისა და ფრანგული შანსონის შერწყმას ცდილობდა. დიპლომის აღების შემდეგ ახალგაზრდა ჯო დასენი საფრანგეთში დაბრუნდა და ორი ფილმის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, რამაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა.


ჯო დასენმა მომავალი მეუღლე 1963 წლის 13 დეკემბერს, ერთ-ერთ კოსტიუმირებულ საღამოზე გაიცნო. ჟანა დ'არკის კოსტიუმში გამოწყობილი მარიზის ყურადღება სიმპათიურმა ყმაწვილმა მიიპყრო. მას შავი, მაღალყელიანი ჩექმები, შავი ატლასის შარვალი და თეთრი აბრეშუმის შეხსნილი პერანგი ეცვა და ლოყაზე ნაიარევი ეტყობოდა. გოგონამ მალე გაარკვია, რომ ის ამერიკიდან ახლად დაბრუნებული,  ცნობილი კინორეჟისორის ჟიულ დასენის 25 წლის ვაჟი იყო, რომელიც პარიზის რადიოში და სკანდალურ ჟურნალ „პლეიბოიში" ჟურნალისტად მუშაობდა. მარიზი მთელი საღამო ეძებდა საერთო ნაცნობს, რომელიც ჯოს გააცნობდა და საბოლოოდ, იპოვა კიდეც.


ამ დღემ ორივეს ცხოვრება შეცვალა. გაცნობის მეორე დღეს ჯომ ქალიშვილი პარიზის გარეუბანში, წვეულებაზე მიიწვია. მარიზს ეგონა, რომ ჯო მის ცდუნებას აპირებდა, თუმცა ის მთელი საღამო მღეროდა. „როგორც ნამდვილმა ჯენტლმენმა, ჯომ სასტუმროში ორი ოთახი აიღო. ბოლომდე რომ მოვეხიბლე, თან გიტარა წამოიღო და ჩემს ოთახში იმპროვიზებული კონცერტი მოაწყო. თუმცა, იმ ღამეს თავის ოთახში არ დაბრუნებულა", - გაიხსენებს მოგვიანებით მარიზ მასერა.

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-05/20170526140726789562955.jpg

შეყვარებულები თავიდან გოგონას დედასთან - ბეატრისთან დასახლდნენ, შემდეგ კი ფული შეაგროვეს და რასპაის ბულვარზე, სამოთახიანი ბინა იქირავეს. ჯოს დაბადების დღეს მარიზმა სიურპრიზი მოუწყო და მისი სიმღერები „სი ბი ეს"-ში მომუშავე მეგობარს მოასმენინა. სიმღერამ სტუდიის პროდიუსერებიც დააინტერესა და ჯო საცდელი ფირფიტის ჩაწერაზე მიიწვიეს. ფირფიტამ, რომელშიც ამერიკული სიმღერები იყო ჩაწერილი, მსმენელის მოწონება ვერ დაიმსახურა, სამაგიეროდ, ფრანგულმა შანსონმა პუბლიკა აღაფრთოვანა. ჯო დასენის „ბიპ-ბიპი", „გუანტანამერა" და „ლე დანტონი" ნამდვილ ჰიტებად იქცა.


1969 წლიდან მოყოლებული, ჯომ გასტროლებზე სიარული დაიწყო და რამდენიმე წელიწადში საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი გახდა. მარიზი გამუდმებით არწმუნებდა ჯოს, რომ უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ მომღერალი ყოყმანობდა. ის ვერაფრით ივიწყებდა მშობლების გაყრას და შიშობდა, რომ მის ოჯახსაც იგივე ბედი ელოდა.


საბოლოოდ, მარიზმა მიზანს მიაღწია და 1966 წლის 18 იანვარს ქორწილი დაინიშნა. სიძის მოთხოვნით, ცერემონიას ახლობლები და ნათესავები არ დასწრებიან. წყვილმა ერთად რთული და რომანტიზმით სავსე 10 წელი გაატარა. მარიზი მთელი თავისი არსებით ჯოსთვის იყო შექმნილი. იყო მისი მდივანი, დიეტოლოგი, დიზაინერი, მძღოლი, სტილისტი...  „მას სურდა, რომ სანამ გაზეთს კითხულობდა, მანქანა მე მეტარებინა. უნდოდა, რომ თვალი მედევნებინა მისი ჯანმრთელობისა და ვარცხნილობისთვის, ამიტომ დღეში მისი რამდენჯერმე დავარცხნა მიწევდა. ვპასუხობდი მის წერილებს, ვრეცხავდი და ვაუთოებდი მის ქათქათა სასცენო კოსტიუმებს და უზომოდ ბედნიერი ვიყავი", - იხსენებდა მარიზი.


1971 წელს საბერძნეთიდან საფრანგეთისკენ მიმავალ გზაზე, ჯო დასენმა თვითმფრინავში 21 წლის ლამაზმანი - კრისტინ დელვო გაიცნო. „პატარა ბიჭივით შემიყვარდა", - აღიარა მოგვიანებით მან.

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-05/20170526140726777692633.jpg

ამის შემდეგ, ოჯახსა და ახალ სიყვარულს შორის, მომღერლის „ორმაგი ცხოვრება" დაიწყო.


„ჯო ცოლიანი იყო, ამიტომ ჩვენი სიყვარული თავიდანვე განწირული ჩანდა. იმათ რიცხვს არ ვეკუთვნი, ვინც ოჯახებს ანგრევს, მაგრამ არც მუდმივად ჩრდილში დარჩენას და ცოლიანი კაცის საყვარლობას ვაპირებდი. ჯოს მოსწონდა, რომ ქალებს თავბრუს ახვევდა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ერთგული იყო. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი შეხვედრები სულ უფრო ხშირი ხდებოდა", - ამბობდა კრისტინი.


1973 წელს მარიზმა შვიდთვიანი ბავშვი გააჩინა, რომელმაც მხოლოდ ხუთი დღე იცოცხლა. ბავშვის სიკვდილმა მომღერალი მთლიანად გაანადგურა. „ეს დასასრულია, მარიზ, გესმის? ყველაფერი დამთავრდა. ჩვენი ბიჭუნა აღარ არის, თითქოს არასოდეს ყოფილა" - სასოწარკვეთილი იმეორებდა ის.


დასენს ტრაგედიების გადატანა ძალიან უჭირდა, ის დეპრესიაში ჩავარდა და ტკივილს ალკოჰოლით იყუჩებდა. ამის შემდეგ ცოლთან ურთიერთობა გართულდა, რადგან ბავშვის სიკვდილში ორივე საკუთარ თავს ადანაშაულებდა.


1978 წლის 11 იანვარს, როცა ასე გაგრძელება შეუძლებელი გახდა, ისინი დასცილდნენ და ეს ჯო დასენის საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა.

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-05/20170526140727107245196.jpg

„ჯო ჩემთან მოვიდა. ხელში პატარა ყუთი ეჭირა, რომელსაც ოქროსფერი ლენტი ჰქონდა შემოხვეული. აიღე, ეს შენია, მაგრამ სწრაფად გახსენი, - მშრალი და მკვეთრი ინტონაციით, თითქმის ბრძანებით მითხრა. მანამდე ჯოს ჩემთვის ასე არასოდეს მოუმართავს.

 

ანერვიულებული იდგა და მოუთმენლად უყურებდა, როგორ ვცდილობდი ლენტის გახსნას. ბოლოს და ბოლოს, ყუთი გავხსენი და ის დამშვიდდა. მაშინ ვერაფერს მივხვდი, რადგან ყუთში ვინმე კრისტინ დასენის სავიზიტო ბარათები იდო. ვერ მივხვდი, ამით რის თქმა სურდა და ვკითხე, - ეს ყველაფერი რას ნიშნავს? სამი დღის შემდეგ მიხვდები, - მიპასუხა მან. შენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს, სამედიცინო მოწმობებიც კი ნაცნობ ექიმს გავაკეთებინე. ერთადერთი, რაც მჭირდება, შენი თანხმობაა. ამ დროს, ბოლოს და ბოლოს, გონება გამინათდა და ბედნიერებისგან თავბრუ დამეხვა, - მან ცოლობა მთხოვა. ჩემი აუხდენელი ოცნება, ბოლოს და ბოლოს, ახდა", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში კრისტინი.


საქორწინო ცერემონია 1978 წლის 14 იანვარს, პროვანსში გაიმართა. ქორწილის შემდეგ, წყვილი ჩრდილოეთ ამერიკაში სამოგზაუროდ გაემგზავრა. ერთი წლის შემდეგ, 1978 წლის 14 სექტემბერს ჯო დასენის პირველი ვაჟი ჯონათანი დაიბადა, თუმცა მომღერლის ოჯახური ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა - ის გამუდმებით გასტროლებზე დადიოდა, რაც კრისტინს სასტიკად აღიზიანებდა. ერთხელ, მარტოობის გასაქარვებლად, ქალმა ნარკოტიკები გასინჯა, რაც მალე ჩვევაში გადაიზარდა.


კრისტინი ნარკოდამოკიდებული გახდა. მისი დამღუპველი ჩვევა გადამდები აღმოჩნდა და მალე კოკაინს ჯომაც გაუსინჯა გემო. ცოლ-ქმარი სასიკვდილო ხაფანგში გაება. ჯო ხვდებოდა, რომ ამ ნერვიულ, ისტერიკულ ქალში აღარაფერი დარჩა იმ მომხიბლავი ქალიშვილისგან, რომელიც ოდესღაც შეუყვარდა. იმასაც მიხვდა, რომ მარიზის დაკარგვით უდიდესი შეცდომა დაუშვა - ის მზრუნველი მეუღლე და მეოჯახე ქალი იყო, კრისტინი კი ნარკომანი, რომელსაც შვილების გაზრდაც კი არ შეეძლო. მომღერალი თავის ნარკოდამოკიდებულებასაც მას აბრალებდა და გაყრაზე ოცნებობდა, როცა გაიგო, რომ  ნარკოტიკებით „გაჟღენთილი" ქალი ისევ ფეხმძიმედაა.


1980 წლის 22 მარტს კრისტინმა მეორე ვაჟი გააჩინა. მეორე დღესვე ჯომ ცოლთან გაყრაზე სასამართლოში განცხადება შეიტანა და შვილებისთვის ბრძოლა დაიწყო. მომღერალი ამტკიცებდა, რომ არ შეიძლება, ნარკომან დედას შვილების აღზრდა ანდო. სასურველ შედეგს მიაღწია, მაგრამ მალე ინფარქტი დაემართა და მთელი თვე ლოგინზე მიჯაჭვულმა გაატარა.


როგორც კი ოდნავ გამოჯანმრთელდა, მომღერალმა ექიმების აკრძალვას აღარ დაუჯერა და შვილებთან ერთად (ამ დროს უმცროსი მხოლოდ 4 თვის იყო) ოკეანიაში გაემგზავრა. ჯერ კიდევ 1972 წელს, კუნძულ ტაიტიზე 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც დასვენება და საყვარელი საქმიანობით - თევზაობით გართობა შეეძლო.


1980 წლის 20 აგვისტოს, კუნძულზე ჩასვლის მეორე დღეს, რესტორანში სადილობისას, გულის მწვავე ტკივილმა მომღერალი ორად მოკეცა. წამის შემდეგ, ის იატაკზე უსიცოცხლოდ ეგდო.

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-05/201705261407561677070987.jpg

ჯო დასენის სიკვდილის დღეს და მომდევნო დღეებში საფრანგეთის ყველა ტელე და რადიოარხი მის სიმღერებს ატრიალებდა.


მომღერლის დედამ დაკრძალვის შემდეგ ჯოს შვილებს ხელი მოკიდა და ამერიკაში წაიყვანა, თუმცა კრისტინი ბავშვების დასაბრუნებლად ბრძოლას არ წყვეტდა. საბოლოოდ, მან შვილების დაბრუნება მოახერხა და წლები დასჭირდა, რომ ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებულიყო. თუმცა, ამან არ უშველა... ის 47 წლის ასაკში პარიზის სახლში გარდაიცვალა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი