logo_geo
სატურნის მთვარე ენცელადი წარსულში შესაძლოა გადაყირავდა - კასინის აღმოჩენა
- +

31 მაისი. 2017. 20:51



სატურნის ყინულოვანი მთვარე ენცელადი, შესაძლოა შორეულ წარსულში, გაურკვეველი მოვლენის შედეგად გადაყირავებულიყო. ამის შესახებ NASA-ს კასინის მისიის მკვლევრები იუწყებიან. როგორც მათ დაადგინეს, მთვარის ღერძი - ხაზი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს შორის, რეორიენტირებულია, სავარაუდოდ პატარა სხეულის, მაგალითად ასტეროიდის შეჯახების შედეგად. 


ენცელადის მახასიათებლების შესწავლისას, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მთვარის ღერძი თავის თავდაპირველი პოზიციიდან 55 გრადუსით უნდა იყოს გადახრილი. 


„მივაგენით დაბალი ზონებისა და აუზთა ჯაჭვს, რომელიც მთვარის ზედაპირის გასწვრივ სარტყელს მიუყვება. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძველი, ყოფილი ეკვატორისა და პოლუსების ნაშთები", - ამბობს კასინის ჯგუფის წევრი რადვან ტაჯედინი.


ყინულოვანი მთვარის ამჟამინდელი სამხრეთ პოლუსის გარშემო არსებული ზონა გეოლოგიურად აქტიური რეგიონია, სადაც ზედაპირს ხაზობრივი ნაპრალები ვეფხვის ზოლებივით გასდევს. ტაჯედინისა და მისი კოლეგების მოსაზრებით, წარსულში ამ რეგიონს სავარაუდოდ ასტეროიდი დაეცა, როდესაც ის ეკვატორთან ახლოს იყო.  


„ამ ადგილის გეოლოგიური აქტივობები სულაც არ ჰგავს შიდა პროცესებით განპირობებულს. მთვარის ასეთი მასშტაბური რეორიენტაციის შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს ანომალიური რეგიონი დიდი შეჯახების შედეგადაა წარმოქმნილი", - ამბობს ტაჯედინი. 


2005 წელს, კასინიმ აღმოაჩინა, რომ ამ ნაპრალებიდან იფრქვეოდა წყლის ორთქლისა და ყინულის ნაწილაკების ჭავლები - მტკიცებულება იმისა, რომ ზედაპირქვეშა ოკეანე აქტიური სამხრეთ პოლუსის სიღრმიდან პირდაპირ კოსმოსში ამოინთხეოდა.


მიუხედავად იმისა, რით არის ეს ყველაფერი გამოწვეული - შეჯახებისა თუ სხვა პროცესების შედეგად, ტაჯედინი და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ ვეფხვის ზოლების მსგავსი ზედაპირის წარმოქმნამ განაპირობა ენცელადის მასის ხელახლა გადანაწილება, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა ენცელადის არამდგრადი და მერყევი ბრუნვა. მილიონზე მეტი წლის შემდეგ, ბრუნვა თანდათან უნდა დასტაბილურებულიყო. მას შემდეგ, რაც ბრუნვა კალაპოტში ჩადგა, ჩრდილოეთი-სამხრეთის ღერძი უნდა რეორიენტირებულიყო ზედაპირის სხვადასხვა წერტილების გავლით - მექანიზმი, რომელსაც მკვლევრები „ნამდვილ პოლარულ ხეტიალს" უწოდებენ.


პოლარული ხეტიალი კარგად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არის ენცელადის ამჟამინდელი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები ერთმანეთისგან ასე განსხვავებული. სამხრეთი აქტიურია და გეოლოგიურად ახალგაზრდა, ჩრდილოეთი კი კრატერებითაა დაფარული და უფრო ძეველი ჩანს. მთვარის თავდაპირველი პოლუსები უფრო ერთმანეთის მსგავსი უნდა ყოფილიყო, სანამ მოხდებოდა მოვლენა, რომელმაც გამოიწვია ენცელადის გადაყირავება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი