logo_geo
გიგანტურ რგოლებიანი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავის იდუმალ ჩაბნელებებს იწვევს
- +

1 ივნისი. 2017. 22:33


დედამიწიდან 1000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავს გარს ულვის იუპიტერზე 50-ჯერ დიდი, გაზის გიგანტური პლანეტა, რომელიც მტვრის რგოლებითაა გარშემორტყმული. ამ დასკვნამდე ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი ახალი კვლევის შედეგად მივიდა. 


უორვიკის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსთა ჯგუფის მკვლევარმა, ჰიუგ ობორნმა შეამჩნია, რომ უიშვიათესი ახალგაზრდა ვარსკვლავის შუქს რეგულარულად ბლოკავს რაღაც დიდი საგანი. მისი ვარაუდით, ამ დაბნელების მიზეზი ორბიტაზე მოძრავი ჯერ კიდევ აღმოუჩენელი პლანეტა უნდა იყოს.


სხვადასხვა ტელესკოპთა მიერ ვარსკვლავის შესახებ 15 წლის განმავლობაში შეგროვილი მონაცემები ობორნმა ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად დაამუშავა.


როგორც მათ აღმოაჩინეს, ყოველ ორ წელიწად-ნახევარში, ორიონის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავ PDS 110-ის ნათება დაახლოებით 30%-ით მცირდება, რაც 2-3 კვირას გრძელდება. ეს ვარსკვლავი ჩვენს მზეზე ოდნავ დიდია და აქვს იგივე ტემპერატურა. თვალშისაცემი დაბნელება დაფიქსირდა 2008 წლის ნოემბერსა და 2011 წლის იანვარში.


„ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ორივე დაბნელებისას, შუქი სწრაფად იცვლებოდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩაბნელების გამომწვევ ობიექტს რგოლები აქვს, მაგრამ ეს რგოლები სატურნისაზე გაცილებით დიდია", - ამბობს ასტრონომი მეთიუ კენვორთი.


თუკი ვარსკვლავის შუქის ჩაბნელებას მართლაც ორბიტაზე მოძრავი პლანეტა იწვევს, შემდეგი ჩაბნელება ამ წლის სექტემბერში უნდა მოხდეს. ვარსკვლავი იმდენად კაშკაშაა, რომ მასზე დაკვირვება და მონაცემების შეგროვება მოყვარულ ასტრონომებსაც შეეძლებათ. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა საბოლოოდ, თუ რა ბლოკავს მნათობის შუქს. 


თუ ეს მოსაზრება სექტემბერში დადასტურდა, PDS 110 პირველი გიგანტური რგოლების სისტემა გახდება, რომლის ორბიტული პერიოდიც გვეცოდინება. 


„სექტემბრის ჩაბნელება შესაძლებლობას მოგვცემს დეტალურად შევისწავლოთ PDS 110-ის გარშემო მოძრავი არეულ-დარეული სტრუქტურა და იმედი გვაქვს, ვიხილავთ ფორმაციის პროცესში მყოფ გიგანტურ ეგზოპლანეტასა და მის მთვარეებს", - ამბობს ობორნი.


მკვლევართა ვარაუდით, PDS 110-ის სასიცოცხლო ზონაში შეიძლება იყოს მთვარეები, რაც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა იქ სიცოცხლეც ყვაოდეს.


გარდა ამისა, ამ ჩაბნელებას შეუძლია ნათელი მოჰფინოს ახალგაზრდა ვარსკვლავის სისტემაში პლანეტებისა და მთვარეების დაბადების პირობებს, რაც უნიკალურ ცნობებს მოგვაწვდის ფორმირების იმ პროცესების შესახებ, რაც ჩვენს მზის სისტემაში უკვე მოხდა, როდესაც მაგალითად, დედამიწა დაიბადა.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი