logo_geo
უიშვიათესი აღმოჩენა - არშემდგარი ვარსკვლავი მკვდარ ვარსკვლავს გარს უვლის 71 წუთში ერთხელ
- +

11 ივნისი. 2017. 20:32



განახლებული კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა უიშვიათესი განძი აღმოაჩინა: ბინარული სისტემა, რომელიც შედგება არშემდგარი ვარსკვლავის - იგივე ყავისფერი ჯუჯასა და მკვდარი ვარსკვლავის ნაშთის - იგივე თეთრი ჯუჯასაგან. ერთ-ერთი მახასიათებელი, რის გამოც ეს ბინარული სისტემა საუცხოოა, ისაა, რომ ორ ობიექტს შორის არსებული ორბიტული პერიოდი მხოლოდ 71,2 წუთს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ვარსკვლავები ერთმანეთს 100 კმ/წმ სიჩქარით უვლიან გარს (ამ სიჩქარით, ატლანტის ოკეანეს წუთზე ნაკლებ დროში გადაკვეთდით). სამ სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე 5 განსხვავებული ტელესკოპის გამოყენებით, ჯგუფმა დაადგინა, რომ ბინარული სისტემა შედგება მზის მასის 6,7%-ის მქონე არშემდგარი ვარსკვლავისა (67 იუპიტერის მასა) და თეთრი ჯუჯასაგან, რომელსაც მზის მასის 40% აქვს. მკვლევრებმა ასევე განსაზღვრეს, რომ უახლოესი 250 მილიონი წლის განმავლობაში, თეთრი ჯუჯა მთლიანად გადაყლაპავს ყავისფერ ჯუჯას და შედეგად, ეს ბინარული სისტემა უმოკლესი პერიოდის კატაკლიზმამდელი ცვალებადი გახდება, რომლის შესახებაც ამჟამად ვიცით.


ცხელი თეთრი ჯუჯა თავდაპირველად Sloan Digital Sky Survey-ის ფარგლებში აღმოაჩინეს და WD1202-024 უწოდეს; მიიჩნეოდა, რომ იგი იზოლირებული ვარსკვლავი იყო. თუმცა, 6 ივნისს, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე მკვლევრებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სამიზნე ობიექტთა სინათლის გამრუდების კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ეს ვარსკვლავი 71-წუთიანი ბინარული სისტემის წევრია. დედა-ვარსკვლავებთან ეგზოპლანეტათა ჩავლისგან განსხვავებით, რაც სინათლის მცირედ ჩაბნელებას იწვევს, ამ შემთხვევაში დაფიქსირდა სინათლის გამრუდება, რაც საკმაოდ ღრმა ჩაბნელებას იწვევდა; გარდა ამისა, ჩაბნელებებს შორის ფიქსირდებოდა სინუსოიდური კონტრიბუციაც, რაც გამოწვეული უნდა იყოს ცივი ობიექტის განათებით უფრო ცხელი თეთრი ჯუჯას მიერ. 


ჯგუფმა სწრაფად შექმნა ბინარული სისტემის მოდელი, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ იგი თანხვედრაში მოდიოდა ჰელიუმისგან შედგენილ ცხელ თეთრ ჯუჯასთან, რომელსაც მის კიდეზე მოძრავი გაცილებით უფრო ცივი და დაბალი მასის მქონე კომპანიონი ყავისფერი ჯუჯა აბნელებდა. 


მაგრამ პასუხგაუცემელი რჩებოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა. როგორც მკვლევარი ლორნი ნელსონი ამბობს, „შევქმენით მტკიცე მოდელი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გვქონდა გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორ ჩამოყალიბდა ეს სისტემა და რა იქნებოდა მისი საბოლოო ბედი". ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჯგუფმა რთული კომპიუტერული მოდელები შექმნა, რათა მოეხდინათ WD1202-ის ფორმაციისა და ევოლუციის სიმულაცია. 


სცენარის მიხედვით, თავდაპირველი ბინარული სისტემა შედგებოდა 1,25 მზის მასის ჩვეულებრივი ვარსკვლავისა და ყავისფერი ჯუჯასგან, რომლებიც ერთმანეთს გარს უვლიდნენ ყოველ 150 დღეში ერთხელ. ასაკის მატებასთან ერთად, ვარსკვლავი წითელი გიგანტი გახდა და შთანთქა კომპანიონი ყავისფერი ჯუჯა. როგორც ნელსონი განმარტავს, „ყავისფერი ჯუჯა სპირალების სახით გაემართა წითელი გიგანტის ცენტრისკენ, ბირთვიდან გამოაცალა მასის უდიდესი ნაწილი და საბოლოოდ იქიდან გამოვარდა. შედეგად, ყავისფერი ჯუჯა უკიდურესად შეიკუმშა და წითელი გიგანტის ჰელიუმს ბირთვის მოკლეპერიოდიან ორბიტაზე მოძრაობა დაიწყო. ეს ბირთვი შემდეგში გაცივდა და თეთრ ჯუჯად იქცა, რომელსაც დღეს ვხედავთ". მკვლევართა გათვლებით, თავდაპირველი ბინარული სისტემა 3 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, უკანასკნელი, შთანთქმის ფაზა კი შედარებით ბოლო დროს, 50 მილიონი წლის წინ მოხდა. 

 

რა მოხდება მომავალში?


მკვლევართა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ გრავიტაციული ტალღების გამოყოფა ბინარული სისტემის ორბიტულ ენერგიას გამოფიტავს და დაახლოებით 250 მილიონი წლის შემდეგ, მანძილი თეთრ და ყავისფერ ჯუჯებს შორის იმდენად მცირე დარჩება, რომ ყავისფერი ჯუჯა მეზობელი თეთრი ჯუჯას შეჭმას დაიწყებს. როდესაც ეს მოხდება, ბინარული სისტემა გამოავლენს კატაკლიზმური ცვალებადისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს, მაგალითად მოციმციმე სინათლის გამრუდებებს, რაც გამოწვეული იქნება თეთრი ჯუჯას გარშემო არსებულ დისკთან შეზრდით.  


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი