logo_geo
მზეს შესაძლოა ტყუპისცალი ჰყავდა, რომელიც დინოზავრების გადაშენების მიზეზი გახდა
- +

14 ივნისი. 2017. 20:44



ვარსკვლავთა წარმოქმნის ახალმა მოდელმა წონა შეჰმატა ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ვარსკვლავთა უმეტესი ნაწილი, მაგრამ არა ყველა - სულ მცირე ერთ ტყუპისცალთან ერთად იბადება.


სავარაუდოდ, არც ჩვენი მზის სისტემის ცენტრში არსებული ვარსკვლავია გამონაკლისი. როგორც ზოგიერთი ასტრონომი ვარაუდობს, მზის გაყრილი ტყუპისცალი შესაძლოა მავნებელი ვარსკვლავია, ამავე დროს, მთავარი დამნაშავე იყოს დინოზავრთა გადაშენებაში.


პერსევსის თანავარსკვლავედში მდებარე მტვრის ღრუბლის რადიომონაცემების ანალიზის შემდეგ, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტისა და და ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ორმა მკვლევარმა დაასკვნა, რომ მზის მსგავსი ვარსკვლავები კომპანიონთან ერთად იბადებიან.


„იმის გასარკვევად, შეგვეძლო თუ არა დაგვეთვალა პერსევსის მოლეკულური ღრუბლის ახალგაზრდა ეული ვარსკვლავებისა და ბინარული სისტემების ოდენობა, წარვმართეთ სტატისტიკურ მოდელთა სერია. ერთადერთი მოდელი, რომელმაც მონაცემთა რეპროდუქცია შესძლო, იყო ის, რომელშიც ყველა ვარსკვლავი თავდაპირველად ბინარული სისტემის სახით იბადებოდა", -ამბობს ასტრონომი სტივენ სტაჰლერი. 


უკვე წლებია, ასტრონომები თავს იმტვრევენ რათა გაარკვიონ, ჩვენი გალაქტიკის ორმაგი და სამმაგი ვარსკვლავური სისტემები ერთმანეთთან ახლოს არიან ჩამოყალიბებული თუ ერთმანეთის გვერდით უკვე დაბადების შემდეგ აღმოჩნდნენ.


„ერთად დაბადების" ჰიპოთეზა ფავორიტია. ბოლო წლებში შექმნილი სიმულაციები კი მეტყველებს, რომ თითქმის ყველა ვარსკვლავი შესაძლოა მრავლობით სისტემაში დაიბადა.


სამწუხაროდ, ამ სიმულაციათა მხარდამჭერი ემპირიული მტკიცებულებები შეზღუდულია, რაც ამ ახალ კვლევას კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის.


„ჩვენი კვლევა წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა გავიგოთ თუ როგორ იბადება ბინარული (ორმაგი)  სისტემები და ასევე, რა როლს თამაშობდნენ ეს ბინარები ადრეულ ვარსკვლავურ ევოლუციაში", -ამბობს სტაჰლერი.


Very Large Telescope-ით წარმართული კვლევის (VANDAM) ფარგლებში, მეცნიერებმა შეისწავლეს 600 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მტვრის გიგანტური ბუშტიდან მომავალი რადიოტალღები. ეს რეგიონი ახალგაზრდა ვარსკვლავების ნამდვილი ინკუბატორია.


VANDAM-ის კვლევის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ნახევარ მილიონ წელზე ნაკლები ასაკის ვარსკვლავთა აღნუსხვა, რომლებსაც 0-კლასის ვარსკვლავებს უწოდებენ; ვარსკვლავური თვალსაზრისით, ისინი ჯერ ჩვილები არიან. ასევე აღინუსხა 500 000-1 მილიონი წლის ასაკის ვარსკვლავები, რომელთაც 1-კლასის ვარსკვლავებს უწოდებენ.


გარემომცველი მტვრის ღრუბლის ფორმების მონაცემებთან კომბინაციის შემდეგ, მეცნიერებმა იპოვეს 45 ეული ვარსკვლავი, 15 ბინარული ვარსკვლავის სისტემა და კიდევ ხუთი სხვა, რომლებიც ორზე მეტ ვარსკვლავს.


მიუხედავად იმისა, რომ მათი პროგნოზის მიხედვით ყველა ვარსკვლავი ბინარული სახით იბადებოდა, მას შემდეგ, რაც მხედველობაში მიიღეს ის შეზღუდვები, რაზეც მათი მოდელები მიუთითებდა, მკვლევრები იძულებულნი გახდნენ მიდგომა შეეცვალათ და მისულიყვნენ დასკვნამდე, რომ მტვრის ღრუბელთა მკვრივ ბირთვებში ვარსკვლავთა უმეტესობა პარტნიორთან ერთად იბადება.


„ვფიქრობ, ხელთ გვაქვს ამ დრომდე უძლიერესი მტკიცებულება, რათა ასე ვიფიქროთ", -ამბობს სტაჰლერი. 


ვარსკვლავთა შორის არსებული მანძილის უფრო ახლოდან შესწავლისას, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ერთმანეთისგან დაახლოებით 500 ასტრონომიული ერთეულით დაშორებული ყველა ვარსკვლავი 0-კლასს მიეკუთვნება და განლაგებულია გარშემორტყმული კვერცხის ფორმის ღრუბლის ღერძის გასწვრივ.


მეორე მხრივ, 1-კლასის ვარსკვლავები ერთმანეთთან უფრო ახლოს, 200 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე არიან და არ იყვნენ „კვერცხის" ღერძის გასწვრივ ჩამწკრივებულნი. 


„ჯერ ბოლომდე არ ვიცით რას ნიშნავს ეს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს შემთხვევითი არაა და რაღაც უნდა ითქვას ფართო ბინარული სისტემების ფორმაციის გზის შესახებ", - აღნიშნავს მკვლევარი სარა სადავოი.


თუკი ვარსკვლავთა უმეტესი ნაწილი პარტნიორთან ერთად დაიბადა, საინტერესოა, სადაა ჩვენი მზის ტყუპისცალი?


500 ასტრონომიული ერთეულის მანძილი დაახლოებით 0,008 სინათლის წელია, ანუ 3 სინათლის დღეზე ოდნავ ნაკლები. შედარებისათვის, ნეპტუნამდე მანძილი 30 ასტრონომიული ერთეულია, ზონდი ვოიაჯერ 1 კი ამჟამად 140 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული, უახლოესი ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრი კი 268 770-ით.


ამგვარად, თუკი მზეს ტყუპისცალი ჰყავს, თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენს სამეზობლოში მისი ადვილად დანახვა ნამდვილად შეუძლებელია.


თუმცა არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, ჩვენს მზეს ჰყავს ბნელი ტყუპი, რომელიც თავისთვის ლივლივებს და სისტემაში დიდ აურზაურს იწვევს.


ამ უცნობ თეორიულ ობიექტს ნემესისი უწოდეს და მასვე მიიჩნევენ 27 მილიონ წლიან გადაშენების ციკლის მიზეზად დედამიწაზე; სწორედ ამ ციკლის ფარგლებში მოიაზრება დინოზავრების გადაშენებაც.


23 წლის წინ, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომმა, რიჩარდ მიულერმა წამოაყენა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ჩვენგან 1,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც პერიოდულად ჩაუვლის მზის სისტემის გარე საზღვრებს და საკუთარი გრავიტაციით მიმოფანტავს იქ არსებულ სხეულებს, ზოგიერთ მათგანს კი ჩვენკენაც ისვრის.


მზის სისტემის კიდეებზე არსებულ სხვა ანომალიებს ასევე კარგად ხსნის მკრთალი ვარსკვლავის, მაგალითად ყავისფერი ჯუჯას ჩავლა. თუ ეს ასეა, ნათელი ეფინება ჯუჯა პლანეტა ედნას საოცრად ფართო ორბიტის მიზეზსაც.


მართალია, ნემესისის არსებობის ნიშნები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა ჩვენს მზეს მართლაც ჰყავდა პარტნიორი, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგა.


„ჩვენ ვამბობთ -დიახ, სავარაუდოდ, არსებობდა ნემესისი, ძალიან დიდი ხნის წინ", - ამბობს სტაჰლერი.


თუ ეს ასე იყო, როგორც ჩანს, ჩვენმა მზემ ლომივით მიიტაცა გაზისა და მტვრის დიდი ნაწილი, ტყუპისცალი კი ბნელი და მაჩანჩალა დატოვა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი