logo_geo
ერთ-ერთი ასტრონომის აზრით, არამიწიერ სიცოცხლეს უახლოეს 10-15 წელიწადში აღმოვაჩენთ
- +

16 ივნისი. 2017. 22:04



კაცობრიობა ნამდვილად არ განიცდის ისეთ ადამიანთა ნაკლებობას, რომელთა მთავარ მიზანსაც დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენა წარმოადგენს. ამ საქმეში აქტიურად ჩართულთა შორის ერთნაირად შეხვდებით კვლევითი ინსტიტუტების მაღალკვალიფიციური მეცნიერებსა თუ უბრალო მოყვარულებს. 


სამყაროს მასშტაბებიდან გამომდინარე, რომელიც ტრილიონობით გალაქტიკას მოიცავს, არსებობს მრავალი მოსაზრება, რომ არამიწიერ სახეობებს ჩვენ უკვე შევხვდით. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ გვაქვს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ამხელა სამყაროში მარტონი არ ვართ.


თუმცა, როგორც არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრონომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კრის იმპეი აცხადებს, არამიწიერ სიცოცხლეზე ნადირობა სულ მალე შედეგს გამოიღებს.


როგორც მან გამოცემა Futurism-თან ინტერვიუში აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელზე ნაკლებ დროში, ჩვენ ბოლოსდაბოლოს ვიპოვით არამიწიერ სიცოცხლეს... მაგრამ შესაძლოა ის სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც ვიმედოვნებთ. „ფსონს ვდებ, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში აღმოვაჩენთ მიკრობულ სიცოცხლეს, მაგრამ ჯერ ვერ შევძლებთ გონიერი სიცოცხლის პოვნას".


მიუხედავად იმისა, რომ იმპეი ჩვენს თვალთახედვაში გონიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ სკეპტიკურადაა განწყობილი, მას აქვს რამდენიმე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლის ფორმები, გონიერი თუ მის გარეშე. პირველი მათგანია ჩვენივე ეზო, უფრო კონკრეტულად - მზის სისტემა.


Futurism-თან საუბრისას იმპეი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა მარსზე სიცოცხლე ახლაც არსებობდეს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ალბათობით, სიცოცხლის ფორმები წითელი პლანეტის ზედაპირქვეშ უნდა იმალებოდეს და შესაბამისად, ურთულესი იქნება მათი გამოვლენა.


როგორც იგი ამტკიცებს, სიცოცხლის პოვნის ბევრად უკეთესი შანსი გვექნება თუკი ის წითელ პლანეტაზეც არსებობს. „თუკი შევძლებთ და მარსის ქანებს აქ, დედამიწაზე ჩამოვიტანთ  იმ ადგილებიდან, რომლებზეც ყველაზე მეტად ვეჭვობთ, რომ წარსულში სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყო, ალბათ ადვილად ვიპოვით ადრე არსებული სიცოცხლის ნიშნებს".


მზის სისტემის იმ სხეულებს შორის, რომლებზეც შესაძლოა სიცოცხლე ყვაოდეს, იმპეი იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ასახელებს.


იგი ფიქრობს, რომ ევროპაზე სამომავლოდ დაგეგმილი მისიები თუ მთლიანად დასკვნით შედეგებს ვერ დადებს, ნამდვილად მოგვაწვდის უკეთეს ცნობებს იმის შესახებ, არის თუ არა ეს მთვარე სიცოცხლისათვის ხელსაყრელი.


რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მზის სისტემა მხოლოდ ციცქნა კუთხეა გიგანტურ სამყაროში და გაუმართლებელი იქნება, თუკი სიცოცხლის ნიშნების ძიებისას მხოლოდ მზის სისტემით შემოვიფარგლებით.


იმპეის აზრით, ძიების ჰორიზონტის დავიწროვებისათვის, მიზანში უნდა ამოვიღოთ ჩვენ მიერ აღმოჩენილი მრავალი ეგზო-დედამიწა; პლანეტათა ზედაპირზე ფოკუსირების ნაცვლად, პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ მათი ატმოსფეროები. 


მისი თქმით, რამდენიმე წლის შემდეგ, ხელთ გვექნება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი და სხვა ხელსაწყოები, რათა დედამიწის მსგავს პლანეტათა ატმოსფეროებში ვეძებოთ ისეთი ბიომარკერები, როგორებიცაა ჟანგბადი და მეთანი.


„ბიომარკერთა ექსპერიმენტს შეუძლია არაპირდაპირ გვაპოვნინოს მიკრობული სიცოცხლე", - განმარტავს იმპეი.


მსგავსი კვლევა დაგვეხმარება შევისწავლოთ პლანეტები, რომლებიც „ყველაზე უფრო ახლოს არიან დედამიწასთან, არა მანძილით, არამედ მახასიათებლებით", ამბობს იგი და იქვე დასძენს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწა ერთადერთი ადგილია, რომელზეც ჩვენ სიცოცხლის არსებობის შესახებ ვიცით, დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენა კიდევ უფრო ზრდის არამიწიერი სიცოცხლის პოვნის შანსებს.


იმ შემთხვევაში თუ იმპეი მართალია და გონიერი არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენასთან ათწლეულები გვაშორებს, უზარმაზარი პროგრესი იქნება მიკრობული სიცოცხლის აღმოჩენა მარსზე, ევროპასა თუ ამ დროისათვის იდენტიფიცირებულ ათასობით სხვა ეგზოპლანეტაზე.  


ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ დედამიწა სულაც არაა უნიკალური და მის მიღმა, სხვაგანაც ცოცხლობს რაღაც (ან ვიღაც).


მიკრობული სიცოცხლის აღმოჩენის შემთხვევაში, მათი შესწავლით მრავალ ინფორმაციას მივიღებთ, სხვა, უფრო კომპლექსური ორგანიზმების საძიებლად. 


იმის გაგება, თუ როგორ ცოცხლობენ ეს მიკრობები ჩვენგან სრულიად განსხვავებულ გარემოში, ალბათ დაგვეხმარება იმ დიდი და შორეული მიზნის მიღწევაში, რომელიც ადამიანის მულტიპლანეტურ სახეობად გადაქცევას გულისხმობს.


სასარგებლო იქნება წარსულში არსებული მიკრობული სიცოცხლის ნიშნების პოვნაც კი, რადგან იგი გადმოგვცემს გარკვეულ გამაფრთხილებელ ამბავს, რათა შევისწავლოთ და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ იგივე ბედი ჩვენც არ გავიზიაროთ.


როგორც იმპეი შენიშნავს, ტექნოლოგიების დრამატულ განვითარებასთან ერთად, დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის საძიებლად არასოდეს ვყოფილვართ ისე კარგად მომზადებულნი და აღჭურვილნი, როგორც ახლა.


თუმცა, ასტრონომი იმასაც ხასგაზმით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამჟამად დაგეგმილი ყველა ექსპერიმენტი და მისია მოკლე და უშედეგო აღმოჩნდება, კაცობრიობამ არამიწიერი სიცოცხლის ძიება არ უნდა შეწყვიტოს:


„არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების (SETI) პირველი ექსპერიმენტი 1959 წელს ჩატარდა; უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა მაგრამ რაიმე წარმატებას ჯერ ვერ მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ამ პროცესში ჩართული ხალხი წარუმატებლობის გამო საქმიანობაზე ხელს არ იღებს".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი